გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისია უკრაინაში იუწყება, რომ 2025 წლის ივლისში უკრაინაში დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობამ ბოლო სამი წლის განმავლობაში ყოველთვიურ მაქსიმუმს მიაღწია.
გაეროს მისიის ცნობით, გასულ თვეში, ივლისში, უკრაინაში 286 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1388 დაშავდა, რაც 2022 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და 2025 წლის ივნისის სტატისტიკას აღემატება.
მსხვერპლის თითქმის 40 პროცენტი გამოწვეული იყო რუსეთის მიერ შორი მოქმედების იარაღის, რაკეტების და საბრძოლო მასალის გამოყენებით.
მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლთა რაოდენობის ზრდა ძირითადად უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ფრონტის ხაზის გასწვრივ მოხდა, რაც ასახავს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიების ხელში ჩაგდების ინტენსიურ მცდელობებს.
2025 წლის ივნისის მსგავსად, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის უმრავლესობა (98%) უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დაფიქსირდა.
მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი გახდა დრონები – მსხვერპლთა 24%.
ყველაზე დიდი მსხვერპლი რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საჰაერო ბომბების გამოყენებამ გამოიწვია, რის შედეგადაც 2025 წლის ივლისში 67 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
საერთო ჯამში, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი უკრაინის 18 რეგიონში და ქვეყნის დედაქალაქში, კიევში დაფიქსირდა.
______________
ფოტოზე: კიევი, რუსული რაკეტის დარტყმის შედეგად 9-სართულიან კორპუსში 31 ადამიანი დაიღუპა. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA






