„დღევანდელი პროცესი სხვა თვალსაზრისით იყო საინტერესო. ეს ხომ არ იყო პროცესი, ჩვენ ხომ ვიცოდით, სადაც ვიყავით.

საბოლოოდ, მე თუ მკითხავთ, ეს ტრაგიკული დღეა. ეს პროცესი იყო იმის დადასტურება, რომ ამ ქვეყანაში სამართალს სჭირდება დაცვა.

მაგრამ სამართალს ადვოკატები და კონკრეტულად მზიას ადვოკატები ვერ დავიცავთ. სამართლის დაცვა შეუძლია მოსამართლეს, მეტს არავის. ამიტომ, ეს ყველაზე დიდი ტრაგედიაა დღევანდელი პროცესის,“ – ასე აღწერა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა პირველი აგვისტოს სასამართლო პროცესი.

პირველ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 9 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი.

ახალი წესით, სასამართლო სხდომაზე ვიდეო-აუდიო ჩაწერა აკრძალულია სპეციალური ნებართვის გარეშე.

პროცესზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარსდგა. მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი სრული 7 საათი კითხულობდა თავის დასკვნით სიტყვას და ასაბუთებდა, რომ მზია ამაღლობელის ქმედება, სილის გაწვნა, არ არის სისხლის სამართლის კოდექსის

მიუხედავად იმისა, რომ „ბათუმელებმა“ წინასწარ გააგზავნა მოთხოვნა იუსტიციის საბჭოში, ვერცერთ პროცესზე გამოცემამ გადაღების ნებართვა ვერ მიიღო. იმის გამო, რომ სასამართლო პროცესზე გადაღება აკრძალულია, ადვოკატებს პროცესის დამთავრების შემდეგ უწევთ მოყოლა ჟურნალისტებთან, რა მოხდა სასამართლოში.

„მე სასამართლოზე ვთქვი, არცერთი ვართ ისეთი სულელი, რომ არ ვიცოდეთ, სად ვართ, რა საფრთხეების წინაშე ვართ, რამხელა ზეწოლის წინაშეა სასამართლო. ყველაზე მთავარი კითხვა მქონდა მოსამართლესთან: აქვს მას ის უნარები, რომ გაუძლოს ამხელა სახელისუფლებო ზეწოლას?!

პროცესის მიმდინარეობის პარალელურადაც კი კომენტარებით ფეხდაფეხ მოგვსდევდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული. უნდა დაისაჯოს საგანგებოდ, იქ არის, სადაც უნდა იყოს. სახელმწიფოც მოექცა ისე, როგორც უნდა მოქცეოდა.

აი, ამაზე პასუხის გამცემი არის ეს მოსამართლე?! თუ ამაზე პასუხის გამცემი არ არის, ის მოსამართლე არ არის.

იმ შემთხვევაშიც კი, გამამტყუნებელი განაჩენი რომ დაადგინოს, მოსამართლემ უნდა უთხრას ხელისუფლების ამ ე.წ. სპიკერებს, რომ თქვენ არავინ გეკითხებათ სამართლის საკითხებს.

მან უნდა უთხრას: სამართლის საკითხებს აქ ჩვენ ვწყვეტთ. უდანაშუალობის პრეზუმფციის დარღვევაზე უნდა მიუთითოს. მაგრამ ერთად ვნახავთ, ამ მოსამართლეს ეს როგორ შეუძლია და დარწმუნებული ვარ, რომ არ შეუძლია,“ – თქვა მაია მწარიაშვილმა.

მზია ამაღლობელის ადვოკატს ჟურნალისტებმა ჰკითხეს პროკურატურის შეთავაზებაზე, საპროცესო შეთანხმების შესახებ.

„კიდევ ერთხელ ავხსნი: საპროცესო შეთანხმების შემოთავაზება ამ შემთხვევაში არის მანიპულირება საზოგადოებრივ განწყობებზე. ვისაც ტვინი აქვს და ვინც დღევანდელ პროცესს უსმენდა, ამაში დარწმუნდება. ამიტომ დავხარჯეთ ამ პროცესზე ამდენი საათი.

დღევანდელ პროცესს ვინც უსმინა, თავისი თვალით ნახა და თავისი ყურით გაიგო, რა სამარცხვინო დღეშია ბრალდება.

არაფერი ამ საქმეში არ არის. პროცესი დაასრულა ბრალდებამ, პრინციპში, თქვა, რომ არაფერი არა აქვს, ითხოვს აბსურდს, მაგრამ თქვა, რომ გთავაზობთ საპროცესოს, რადგან სხვა არჩევანი არ გაქვთ. ან მიიღებთ სასჯელს 4-დან 7 წლამდე. ან აღიარეთ ეს ყველაფერი და დაიბრალეთ, რაც ჩვენ ვერ დავადასტურეთ.

ეს არის საპროცესო შემოთავაზება.

რასაკვირველია, ეს არის სწორედ ის, რასაც პირველი დღიდან ახმოვანებს ხელისუფლების არაერთი უმაღლესი თანამდებობის პირი – „აღიარეთ, მოინანიეთ, მერე ვილაპარაკოთ“.

მე ამაზე ვრცლად ვისაუბრე – ის, რაც აქამდე ვიცოდი მზიასგან ამასთან დაკავშირებით. წერა-კითხვის უცოდინარს არ ჰგავს მზია ამაღლობელი. არც იმ ადამიანს ჰგავს, ვინც ვერ იაზრებს, სად არის და რა ელოდება. მაგრამ ეს ადამიანი ამბობს, რომ არ ვითხოვ თქვენგან გულმოწყალებას, არ ვითხოვ თქვენგან რამის პატიებას. ჩავიდინე ის, რაც ჩავიდინე. მაგრამ ეს არ არის ის, რასაც თქვენ მაბრალებთ. ეს არ არის თავდასხმა პოლიციელზე.

სასამართლოს მარტივი არჩევანი აქვს.

უნდა თქვას, რომ ეს არის ან გადაცდომა, ან დანაშაული. ორივეს, ბრალდებას და უფრო მოსამართლეს ვუთხარი, რომ მზიას გაწნული სილა არ არის არც ხმაურიანი და არ არის არც დანაშაულებრივი.

არ არის ხმაურიანი, როგორც ეს გრიგოლ ბესელიამ თქვა და არ არის დანაშაულებრივი, როგორც ამას ბრალდება გვატყუებს.

დღევანდელ პროცესზე ვისხედით დაწყდომამდე. მზია წარმოიდგინეთ, ერთი წამით არ დამჯდარა და არამხოლოდ დღევანდელ პროცესზე.

ეს არის მისი პროტესტი, შინაგანი შეუგუებლობა ყველაფრისადმი. ეს ადამიანი არაფერს არ ითხოვს. არავის არაფერს არ ეხვეწება. ასე უხმოდ გამოხატავს პროტესტს. ფეხზე იდგა მთელი დღე, მშიერ-მწყურვალი, დილაუთენია წამოყვანილი, ამ დრომდე, 11 საათამდე. ამ დროს შესთავაზო ამ ადამიანს, მითხარი საბოლოო სიტყვაო, რომელიც მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა იქნება, წარმოუდგენელია.

ბოლო მომენტში მოსამართლე მიხვდა, რომ ეს პროცედურული ზეწოლა მზიაზე არ წაადგებოდათ. მხოლოდ ამ მოსაზრებით გადაიდო პროცესი, რომ მზიამ ადამიანურად შეძლოს მოსვლა, აზროვნება და საბოლოო სიტყვაში იმის თქმა, რაც მას არასდროს არ მოუსმინეს. პირველად პოლიციაში ჩვენების მიცემა სთხოვეს შუაღამის 4 საათზე, ხელბორკილდადებულს, ამის შემდეგ არასოდეს მისულა მასთან გამომძიებელი მისი აზრის გასაგებად. დღეს დასკვნით სიტყვას სთხოვდნენ ღამის 11 საათზე. იმედი მაქვს, ამას მიხვდა სასამართლო,“ – თქვა მაია მწარიაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ადვოკატი ამბობს, რომ „არაფერს ელოდება“.

„არაფერს ველოდები. ყველაფერი ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა. ბურთი სასამართლოს მოედანზეა. სამწუხაროდ, ჩემი გამოცდილება პოზიტიური მოლოდინების უფლებას არ მაძლევს.

მაგრამ მეორე მხრივ, მთელი ჩემი პროფესიული გამოცდილება ვერ ეგუება ამას და შეუძლებელია იურისტმა პროგნოზები გითხრათ. ორჯერ ორი ოთხია, რომ აქ არ არის დანაშაული. რომ მეკითხებით [პროგნოზს], მე უნდა გითხრათ, იქ უკან ვიღაცა რაღაცას როგორ გადაწყვეტს. ამიტომ ამაზე კომენტარი არ მინდა. ჰა ბურთი და ჰა მოედანი!

ორშაბათს, ეს მოსამართლე გამოვა და საკუთარ განაჩენს გამოაცხადებს,“ – თქვა მაია მწარიაშვილმა.

მზია ამაღლობელის ბოლო სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 აგვისტოს გაიმართება.

Exit mobile version