დღეს, 29 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ლუკა კურტანიძეს, „ოცნების“ ყოფილ პარლამენტარსა და ვეტერან სპორტსმენს.
კურტანიძე ქობულეთში დააკავეს 27 ივლისს – მისმა ყოფილმა ცოლმა, ხათუნა მიქაცაძემ განაცხადა, რომ ვეტერანი სპორტსმენი მას ფიზიკურად პოლიციელების თვალწინ გაუსწორდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორც ცდილობს კურტანიძე ფიზიკურ თავდასხმას ქალზე. მის შეჩერებას რამდენიმე კაცი ცდილობს. კადრებშივე ჩანს, რომ ადგილზეა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. თუმცა, აქვე ისმის მიქაცაძის ხმა, რომელიც პოლიციელს ეკითხება, რატომ არ აკავებენ მოძალადეს. გარდა ამისა, ქალი ამბობს, რომ პოლიციელმა მისი ტელეფონიდან წაშალა ძალადობის ამსახველი ვიდეო.
„არ ვამაყობ, რომ ასეთი ემოცია გამოვხატე… იმისთვის უნდა დამსაჯოთ, რომ ადამიანს მივენდე?“ – ჰკითხა მოსამართლეს ლუკა კურტანიძემ ბრალდებულისთვის განკუთვნილი, იზოლირებული ადგილიდან დღეს, 29 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
ლუკა კურტანიძის განმარტებით, ყოფილ ცოლზე ძალადობის წინაპირობა ქონებრივი დავა იყო, რაც წლებია გრძელდება, ძალადობის ფაქტს კი, რასაც სხეულის დაზიანება მოჰყვა, ლუკა კურტანიძე „ემოციის გამოხატვას“ უწოდებს.
ლუკა კურტანიძის თქმით, მან ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილ ცოლს – ხათუნა მიქაცაძეს სახლი ქობულეთში აჩუქა და სხვა უძრავი ქონების თანამესაკუთრედაც აღიარა, ოღონდ იმ პირობით, რომ იგი მისი ცოლი გახდებოდა, მაგრამ პარლამენტის ყოფილმა წევრმა მოსამართლეს უთხრა, რომ ქალმა „პირობა არ შეასრულა“.
ელდარ [ლუკა] კურტანიძეს ბრალი სამი მუხლით აქვს წარდგენილი: ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია [126-ე პრიმა მუხლი]; ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება [11 პრიმა 187-ე] – საუბარია ყოფილი ცოლის, ხათუნა მიქაცაძის ავტომანქანაზე და დამცავი ორდერის დარღვევა [11 პრიმა 381-ე მუხლი] – ლუკა კურტანიძეს ყოფილ ცოლთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატმა ივანე მეფარიშვილმა ლუკა კურტანიძის გათავისუფლება 50 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვა.
ვიდრე მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, პროკურორმა დავით კირცხელმა ჰკითხა ბრალდებულს: „რატომ დახვდა ქალბატონ ხათუნას თავისი საკუთრება სხვის მიერ გამოკეტილი?“
„მზად ვარ ჩემი სიბრიყვისთვის ვაგო პასუხი, რასაც ქონების გაყოფა ჰქვია… მოტყუებული დავრჩი, პროტესტი გამიჩნდა,“- აღნიშნა ლუკა კურტანიძემ და ძალადობის შემთხვევა, „ოცნების“ სტილში, მედიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირა:
„ცეზარ ჩოჩელთან მუშაობდა, დავით კირკიტაძესთან, კარგად იცით ვინც არის ვანო მერაბიშვილი… მიდის ცილისწამება, რომ მე ვარ მოძალადე და დამნაშავე, ბაია პატარაიას ოფისში დაიწერა ეს… ამ ჯგუფმა ხან რა შოუ მოამზადეს და ხან რა, „ტვ პირველით“, მერე „ფორმულაც…“ – თუმცა ამ დროს ლუკა კურტანიძე მოსამართლემ შეაჩერა, იქნებ საქმეზე ისაუბროთო.
ლუკა კურტანიძე წამოდგა და მოსამართლეს დეტალურად მოუყვა საკუთარი უიღბლო სიყვარულის ამბავს, რამდენიმე მონაკვეთში ოლიმპიურ ჩემპიონს თვალებიც აუცრემლიანდა და ხმაც დაუწვრილდა, მე ამ ქალთან ერთად ოჯახი მინდოდაო.
ლუკა კურტანიძეს ხათუნა მიქაცაძე 2012 წელს გაუცნია.
„ნაქირავებში ცხოვრობდა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად… მე ბინა გადავეცი საჩუქრად, რომ ღირსეული ქართველი კაცი ვყოფილიყავი.
მე მას მთელი ჩემი სიცოცხლით მივენდე… მასაც უყვარდა ზღვის სანაპირო, როგორც მე – აფხაზეთში დავიბადე და გავიზარდე, ამიტომაც ავაშენეთ სახლი ქობულეთში,“- დაახლოებით ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი ამბის მოსამართლისთვის მოყოლა ლუკა კურტანიძემ.
დარბაზში პროცესს ლუკა კურტანიძის რამდენიმე ახლობელი ესწრებოდა, მათ შორის, როგორც თავად ლუკა კურტანიძემ აღნიშნა – საცოლე, სოფო მეფარიშვილი. პროკურორის, დავით კირჩხელის განმარტებით, სოფო მეფარიშვილი ქობულეთის სადავო სახლის თანამესაკუთრეა ლუკა კურტანიძის ყოფილ ცოლთან, ხათუნა მიქაცაძესთან ერთად.
სახლს, რომელსაც ორი მესაკუთრე ჰყავს, ერთი შესასვლელი ჰქონია.
„დასაოჯახებელი ვარ,“- ხაზი გაუსვა ბრალდებულმა ლუკა კურტანიძემ და შემდეგ აღწერა, პარლამენტარი რომ გახდა „ოცნებიდან“, ხათუნა მიქაცაძემ შემომთავაზა, ქონება ჩემზე გადმოაფორმე, შენ ხელი რომ არ შეგეშალოსო.
ლუკა კურტანიძის თქმით, რამდენიმე წლის შემდეგ ქალმა მას პოლიცია გამოუძახა, როცა იგი ცდილობდა აეხსნა, მხოლოდ „ოჯახური სიყვარულის“ შენარჩუნება რომ სურდა.
„2021 წელსაც ინიციატივა ჰქონდა, თანამესაკუთრე გამხადე და მოვაწეროთ ხელიო, ხელი მოვაწერეთ, მაგრამ ოჯახის აღდგენაზე უარი მითხრა – გადავიფიქრეო.
წავედი და ბორჯომში ვცხოვრობდი ნახევარი წელი. როცა ჩამოვედი თბილისში და მივაკითხე, დამირეკა და მითხრა, გხედავ ჩემს კართან, წადი, თორემ პოლიციას გამოვიძახებო…
ასე დაფიქსირდა შემაკავებელი ორდერი. მერე ჩატარდა ჯვრის აყრის ცერემონიალი – მომატყუე და ჩემს გრძნობებზე ითამაშე-მეთქი, ვუთხარი. მე ემოციური ადამიანი ვარ,”- დარბაზს გადმოხედა თანაგრძნობის მისაღებად ბრალდებულმა და მერე პროკურორს გაუბრაზდა:
„ჩემი სალი კლდეები არ გამიცვლია სხვა ქვეყნის მილიონებზე, როცა პროკურორი ამბობს, მიიმალებაო, ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია… რაც კი ორდენი არსებობს, ყველა ორდენის კავალერი ვარ, ჩემი სიცოცხლით ვებრძოდი იმ რეჟიმს“ – „ოცნებასთან“ კავშირს გაუსვა ხაზი ბრალდებულმა.
უშუალოდ ქობულეთის ინციდენტზე კი, ბრალდებულმა თქვა, რომ 22 ივლისს ჩამოვიდა ქობულეთის სახლში საცოლესთან ერთად, მაგრამ სახლის კარი ვანდალურად დაზიანებული დახვდა, ამიტომაც პოლიცია გამოვიძახე და ჩვენებაც მივეციო.
27 ივლისს კი, ინციდენტის დღეს, ლუკა კურტანიძე სავარჯიშოდ შეკვეთილში წასულა:
„როცა დავბრუნდი, სახლთან დამხვდა პატრულის მანქანა და ხათუნა გაჰკიოდა, ეს ძალადობააო… არც იმას უარვყოფ, რომ მისთვის ტელეფონის წართმევას ვცდილობდი, პედოფილს მეძახდა. მზად ვარ ყველა შეკითხვას პასუხი გავცე“ – დაასრულა ლუკა კურტანიძემ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ვეტერან სპორტსმენს, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტსა და პარლამენტის ყოფილ წევრს „ქართული ოცნებიდან”, 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.