მთავარი,სიახლეები

მზია ამაღლობელი დაკითხეს. რა თქვა მან სასამართლოში – რეპორტაჟი

14.07.2025 •
მზია ამაღლობელი დაკითხეს. რა თქვა მან სასამართლოში – რეპორტაჟი

„ვინმე დგებუაძემ დაიგინა, რომ „სისხლით ჩამსვამდა“ და ჩამსვა. არ ვიცი, შეიძლება რამდენიმე წელი ვიჯდე, რადგან რეჟიმს უნდა ასე“, – უთხრა მოსამართლე ნინო სახელაშვილს ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა.

14 ივლისს მზია ამაღლობელს მოუსმინა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა. ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, მან მზია ამაღლობელს იმის საშუალებაც კი არ მისცა, რომ მოწმეებისთვის განკუთვნილ ტრიბუნასთან გამოსულიყო.

„ამავე დარბაზში ჯგუფურ ყაჩაღობაში ბრალდებულებიც კი გამოიყვანეს აქედან, როცა ისინი ჩვენებას აძლევდნენ“, – უთხრა მოსამართლეს მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა.

მოსამართლემ მაინც უარი თქვა მზია ამაღლობელს დაეტოვებინა ბრალდებულებისთვის განსაზღვრული, შემინული ადგილი.

დღევანდელ პროცესს ესწრებოდნენ შვედეთის, ესტონეთის, ნორვეგიისა და დანიის ელჩები საქართველოში, ასევე გერმანიის, პოლონეთის, ნიდერლანდებისა და ევროკავშირის საელჩოების წარმომადგენლები.

„ჩემს თაობაში, მედიაში ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც შეძლო ზურგი ექცია მაამებლურ, პროპაგანდისტულ, საბჭოთა ჟურნალისტიკაზე… მე და ჩემმა მეგობრებმა გაზეთი რომ დავაარსეთ, იმ დროს აჭარაში რუსული ბაზა იყო, ჩოლოქზე საზღვარი გვქონდა დანარჩენ საქართველოსთან. როცა მე და ჩემი მეგობრები ამ უსამართლობაზე ვწერდით, ძალიან მალე მოვიპოვეთ საზოგადოების კეთილგანწყობა.

კრიტიკულ ჟურნალისტიკას მთავრობები არ სწყალობენ, მაგრამ ეს არაა იმდენად საშიში, როცა ქვეყანაში არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო.

ათამდე გამომძიებელი იყო ჩემს საქმეზე ჩართული, მაგრამ არავინ არაფერი არ გამოიძია.

ვინმე დგებუაძემ (ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი, ვისთვისაც სილის გაწვნის გამოა აღძრული მზია ამაღლობელის მიმართ სისხლის სამართლის საქმე) დაიგინა, რომ „სისხლით ჩამსვამდა“ და ჩამსვა. არ ვიცი, შეიძლება რამდენიმე წელი ვიჯდე, რადგან რეჟიმს უნდა ასე“, – დაიწყო თხრობა მზია ამაღლობელმა.

დღეს მზია ამაღლობელს პროცესზე შავი პერანგი ეცვა.

მზია ამაღლობელმა თქვა, რომ ის „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ განვითარებასა და მდგრადობაზე ზრუნავდა, როგორც ხელმძღვანელი და იშვიათად ქმნიდა მედიაპროდუქტს.

თუმცა ეს „იშვიათობა“ რეზონანსული ჟურნალისტური გამოძიებებია, მაგალითად, სუს-ის ყოფილი უფროსის, თემურ პატარაძის მხრიდან ბიზნესის მფარველობის შესახებ ან მასალა კონტრდაზვერვის ყოფილ უფროსზე, დავით დევნოზაშვილზე.

„თავისუფლება მზია ამაღლობელს“ – დღეს მეგაფონში გაისმა ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ხმა სასამართლოს გარეთ. გელა მთივლიშვილი მოსამართლემ დარბაზიდან იმის გამო გააძევა, რომ ჟურნალისტმა გააპროტესტა, მოსამართლის ხმა არ გვესმისო – პრობლემის მოგვარების ნაცვლად მოსამართლემ პროტესტის ჩახშობა არჩია.

მზია ამაღლობელის თქმით, ის 11 იანვრის აქციაზე მას შემდეგ გავიდა, როცა გაიგო, რომ აქტივისტი ციალა ქათამიძე ასფალტის საფარზე, საჯარო სივრცეში სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს.

აქციაზე მისული მზია ამაღლობელი იგებს, რომ იქ სხვებთან ერთად მისი თანამშრომლის ძმაც დააკავეს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ჯანმრთელობის ანალოგიური პრობლემა მზია ამაღლობელის ძმისშვილს აწუხებდა და დაიღუპა.

მზია ამაღლობელი ცდილობს, ადვოკატმა დაკავებულებთან შესვლა შეძლოს.

„ეს სტიკერი სრულიად კეთილშობილური განაცხადი იყო, ბატონო პროკურორი… როცა იქ მივედი, ჩუმი ხმაური იყო, დათრგუნულები იყვნენ, იმის გამოც დაუკავებიათ ადამიანები, რომ მათ კითხვა დასვეს – „რატომ აკავებთ?“

სტიკერი გავაკარი სოლიდარობის ნიშნად, ეს იყო გამოხატვის თავისუფლება, ცოტა სასაცილოდ არ მყოფნიდა… კარგია, სხვა დაკავებულებსაც ვნახავ-მეთქი, ჩემთვის ვფიქრობდი“, – აღნიშნა მზია ამაღლობელმა.

ვინ დააკავა მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის? – მოწმემ დაადასტურა ის, რაც კადრებში ჩანს – მზია ამაღლობელს გრიგოლ ბესელია აკავებს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი. ამ მტკიცებულების მიუხედავად, შსს-ს ვერსიით, მზია ამაღლობელი პოლიციელების შეურაცხყოფისთვის დააკავა გოჩა ვანაძემ – ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მოადგილემ.

მზია ამაღლობელმა დეტალურად გაიხსენა, რა ხდებოდა პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, როცა იგი ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

„უხერხული სიჩუმე იყო, ვფიქრობდი, რა მუხლით უნდა გამასამართლონ-მეთქი… მერე ვიხუმრე, ტელევიზორი მაინც ჩართეთ, ოღონდ „პოსტ ტვ“-ის ნუ ჩამირთავთ-მეთქი,“ – გაეღიმა მზია ამაღლობელს.

შემდეგ მზია ამაღლობელთან ადვოკატებს უშვებენ და მალევე პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა უთხრა დაკავებულებს, რომ ხელწერილით ათავისუფლებდნენ.

„არავის უთქვამს, რა მუხლით დამაკავეს, ან როგორ მიშვებდნენ,“ – დასძინა მზია ამაღლობელმა.

გარეთ გამოსული მზია ამაღლობელი თავის ნათესავებს და ახლობლებს ხვდება, მათ შორისაა გიორგი გაბაიძე. ეს ის ახალგაზრდაა, რომელიც პოლიციელებმა უსაფუძვლოდ, აქციაზე მოწყობილი საპოლიციო ჭყლეტის დროს დააკავეს, დაკავების შემდეგ კი, პოლიციელებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს.

„…გაოგნებული ვუსმენდი, როცა პოლიციიდან გამოსული ციალა ქათამიძე ჟურნალისტებს უყვებოდა, როგორ ესმოდა ცემა-ტყეპის ხმები.

რაღაცნაირი ხმაური შეიქმნა უცებ, მანამდე ისმოდა მხოლოდ ის, რომ ჟურნალისტებთან აძლევდნენ კომენტარებს, ასევე ისმოდა შეძახილი: „ციალა!“

წასვლას ვაპირებდით, ფეხზე ძლივს ვიდექი… აქციაც არ იყო ეს. ჭიშკართან ვიდექი, განაპირა მხარეს… უცებ ნიღბიანების და პოლიციელების ალყაში აღმოვჩნდი.

…დავინახე, ყვითელი ქურთუკი როგორ ჩაიკარგა მასაში, მივხვდი, რომ გიორგი გაბაიძე დააკავეს.

იქ მხოლოდ ჩვენ ვიყავით, ჩვენ გვესაუბრებოდა გიორგი, ვისთვის უნდა შეეგინებინა მას?!

ეს იყო ძალის დემონსტრირება, ჭყლეტა შექმნეს… ვერ ვიკავებდი თავს, ვცდილობდი, ვინმეს ჩავჭიდებოდი, ზურგში ძლიერი ბიძგი და დარტყმა ვიგრძენი… ჩავვარდი. პოლიციელების ტალღამ გადამთელა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გონება დავკარგე… არ მახსოვს ვინ წამომაყენა.

ამ დროს მოვიდა ჩემი ძმისშვილი, თავი გავიმხნევე, ვუთხარი, რომ კარგად ვარ… ფეხსაცმლის მოძებნა ვთხოვე – ცალი კეტი გამძვრა ამ ჭყლეტაში.

„ბათუმელების“ რედაქტორს მოვკარი თვალი: ეთერი არის პოლიციელების გარემოცვაში, მქონდა განცდა, რომ მას დააკავებდნენ… მარჯვენა მხრიდან მივედი ჭიშკართან, როგორ გავიკვლიე გზა, არ ვიცი. მინდოდა, ეთერ თურაძე მარტო არ ყოფილიყო. პროვოკაციული გარემო იყო… ეთერი ვიღაცას ეკითხებოდა: რატომ დააკავეთ? ვცდილობდი გამეგო, რატომ დააკავეს გიორგი გაბაიძე. მე სხვა ინტერესი არ მქონდა…

„რომელი, მთვრალი რომ იყო, რომ იგინებოდა?“ – ამ დროს ამას გვპასუხობს პოლიციელი.

რა მთვრალი, მე რომ დამაკავეს, მერე მოვიდა-მეთქი… ეს იყო უპასუხისმგებლო, აგდებული, დამამცირებელი საუბარი შინაარსით – „ვისაც მინდა და როგორც მინდა, დავაკავებ“…

ბრაზის და უმწეობის განცდა მქონდა“, – დაახლოებით ამ სიტყვებით აღწერა მზია ამაღლობელმა ეპიზოდი სილის გაწვნამდე.

რაც შეეხება სილის გაწვნას – მზია ამაღლობელმა ამ დროს დარბაზს გამოხედა და იკითხა:

„გქონიათ მომენტი, როცა თქვენი საქციელით გაოცებულხართ? მაშინ ვერ აღვიქვი მკაფიოდ… არ იფიქროთ, რომ სინანულში ჩავვარდი. ეს ასე არაა. ეს რადგან მოხდა, გარდაუვალი იყო – სხვაგვარად არ შეიძლებოდა მოვქცეულიყავი.

ეს იყო იმპულსური რეაქცია შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ, თავკერძა და ყეყეჩ კომუნიკაციაზე,“ – თქვა მზია ამაღლობელმა.

მოწმის თქმით, ის აქამდე ირაკლი დგებუაძეს არ იცნობდა. ახსოვს, როგორ აგინებდა იგი დაკავების შემდეგ, ასევე, როგორ აღმოჩნდა ირაკლი დგებუაძის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

„მოიწევდა ჩემკენ… რა სიტყვებით მაგინებდა, მაგის აღწერა აქ არ მინდა, თუ გინდათ ციხიდან გამოვუგზავნი წერილს მოსამართლეს და იქ აღვწერ…

შემოვიდნენ, რომ გაეყვანათ. ჩემკენ მოიწევდა. როცა გაიყვანეს, მაშინ ვიკითხე, ვინ არის ეს-მეთქი და როგორ არ იცი, ბათუმის პოლიციის უფროსიაო.

სხვა პოლიციელებს რომ არ შეეჩერებინათ, წიხლებით შემდგებოდა…

როცა მაგინებდა, ვცდილობდი, რომ გონება ჩამეკეტა, ახლოს მოვიდა, ავხედე, ვიფიქრე, რომ უნდა დამარტყას. ამ დროს შემაფურთხა. 

იმდენად ცუდად ვიყავი, რაც მოვახერხე, იყო ის, რომ წამოვვარდი, წყალი მომიტანეთ და საპირფარეშოში გამიყვანეთ-მეთქი.

ქალი პოლიციელი წამოდგა, რომ წყალი მოეწოდებინა…

არა, არანაირი წყალი, არც ტუალეტი, ჩაიფსასო – გავიგონე ირაკლი დგებუაძის ხმა.

პოლიციაში ყველა იყო მომართული იქითკენ, რომ არაადამიანურად მოგვქცეოდნენ, კაცი თანამშრომლები განსაკუთრებით…“ – აღნიშნა მზია ამაღლობელმა.

პროკურორი თორნიკე გოგეშვილი კი დაინტერესდა, ნახა თუ არა ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელმა ადმინისტრაციული დაკავების დროს.

„იცოდით, რომ ის იყო პოლიციის წარმომადგენელი?“  – მზია ამაღლობელს ჰკითხა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.

„პასუხისმგებელი პირი იყო თუ არა, არ ვიცი, პასუხისმგებლობიან პოლიციელს მე იქ ვერ ვხედავდი… ღირსეულ საქმეს ნიღაბი არ სჭირდება, იქ ნიღბიანები იყვნენ…

მე ის ვერ აღვიქვი პოლიციელად, სილა ჩემგან კი არა, ზემდგომისგან ეკუთვნის,“ – უპასუხა პროკურორს მზია ამაღლობელმა.

„თქვენთვის კარგად არის ცნობილი გამოხატვის თავისუფლება… სტიკერი იმის გამო მიაკარით პოლიციის შენობას, რომ იქ სხვა ადამიანები დააკავეს…“ – თქვა პროკურორმა.

„სტიკერი გავაკარი პროტესტის და სოლიდარობის ნიშნად… სტიკერის შინაარსს არ ჰქონდა მნიშვნელობა, ეს არ იყო პოლიციის შენობაში, ეს იყო ღობე“ –

„გქონდათ მოლოდინი, რომ ამის გამო დაგაკავებდნენ?“- მოწმის გამოჭერა სცადა პროკურორმა.

„მე საიდან უნდა მცოდნოდა, პოლიციელი ჩაიდენდა თუ არა უკანონობას?“ – კითხვა დაუბრუნა პროკურორს მზია ამაღლობელმა.

„თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს იყო იმპულსური ქმედება… როცა ის მოქაჩეთ ქურთუკზე და ხელი გაარტყათ, რა იყო თქვენი მიზანი?“ – მიუბრუნდა მზია ამაღლობელს პროკურორი.

„ეს იყო უმწეობის და ბრაზის ზღვარი, მე მეტს ვერაფერს დავამატებ,“ – მოკლედ უპასუხა პროკურორს მზია ამაღლობელმა.

აქ მოსამართლემ შესვენების გამოცხადება გადაწყვიტა – დარბაზში ისე შემოდიოდა შეძახილები ქუჩიდან, რომ პროკურორის მორიგი შეკითხვა დარბაზში ვეღარავინ გაიგო.

სხდომა იმ დარბაზში გაგრძელდა, რომელიც სასამართლოს ეზოს მხარესაა და ქუჩიდან შეძახილების ხმა არ აღწევს.

ეს დარბაზი პატარაა და მსურველთა დიდი ნაწილი გარეთ დარჩა.

„ნინო სახელაშვილო, გესმით ჩვენი ხმა? არათუ დასანქცირებული იქნები, არამედ შერისხული… თქვენ ხართ განსახიერება უსამართლობის,“ – სასამართლოსთან გარეთ დარჩენილმა მოქალაქეებმა ისევ განაგრძეს ხმამაღალი შეძახილები.

კიდევ რა ხდებოდა დღევანდელ პროცესზე?

ვიდრე მოსამართლე ნინო სახელაშვილი დღევანდელ პროცესზე მზია ამაღლობელის მოსმენას დაიწყებდა, პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა თქვა, რომ არ ეთანხმება არალეგიტიმური პარლამენტის წევრის, ნინო წილოსანის დაკითხვას.

ნინო წილოსანის დაკითხვა წინა სხდომაზე საიას იურისტმა ჯუბა ქათამაძემ მოითხოვა, რადგან წილოსანმა მედიასთან განაცხადა, რომ მზია ამაღლობელი თითქოს „ფულის გადახდით“ მოქმედებდა.

მოსამართლემ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა, დაუსაბუთებელიაო.

ადვოკატებმა ირაკლი კობახიძის დაკითხვაც მოითხოვეს – „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, რომელმაც მზია ამაღლობელის შესახებ განაცხადა, რომ „კონკრეტული დაკვეთით მოქმედებდა“.

მსგავს ინფორმაციას ამ საქმეში გამომძიებელი ვლადიმერ ჩიტაია აჟღერებს, თუმცა ვერ ასახელებს წყაროს, ვისგან მიიღო ინფორმაცია იმაზე, რომ მზია ამაღლობელი „ინსტრუქციებით მოქმედებდა“. ჩიტაიას პატაკზე დაყრდნობით სასამართლომ გამოძიებას იმის საშუალებაც მისცა, რომ მზია ამაღლობელის პირად მობილურში მონაცემები ენახათ. მზია ამაღლობელის მობილური ტელეფონი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.

ამის მიუხედავად პროკურატურამ ვლადიმერ ჩიტაიას სასამართლოში დაკითხვაზე უარი თქვა, მაგრამ საქმეში რჩება ვლადიმერ ჩიტაიას პატაკი, რომლის შინაარსსაც კობახიძე ფაქტობრივად იმეორებს.

„ჯერ ერთი, საიდან გაიგო პრემიერ-მინისტრმა, რა თქვა ვლადიმერ ჩიტაიამ პატაკში? მართალიც რომ იყოს ის, რაც პატაკში წერია, მასზე წვდომა არ უნდა ჰქონოდა პრემიერს“, – აღნიშნა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.

პროკურორი თორნიკე გოგეშვილი ადვოკატს მიუბრუნდა, პრემიერი კი არა, მთელმა ქვეყანამ გაიგო, ჟურნალისტები იმდენს საუბრობდნენო.

„მაგრამ ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა 4 მარტს, წინასასამართლო სხდომაზე… ირაკლი კობახიძის განცხადება კი, მანამდე იყო…“ – პროკურორს მიმართა მაია მწარიაშვილმა, შემდეგ კი, მას მადლობაც გადაუხადა:

„პროკურორმა თქვა, ირაკლი კობახიძის განცხადებები პოლიტიკური შეფასება იყოო. ვინ ეკითხება პრემიერ-მინისტრს პოლიტიკურ შეფასებას სისხლის სამართლის საქმეზე?“ – მოსამართლეს გახედა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა და ხაზი გაუსვა იმას, რომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ და ევროსასამართლოს ამ დრომდე არაერთ საქმეზე დაუდგენია დარღვევა საქართველოს მთავრობის მიმართ, როცა თანამდებობის პირები კონკრეტულ პირებს დამნაშავეებად აცხადებდნენ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე.

როცა მოსამართლემ ირაკლი კობახიძის დაკითხვაზეც უარი თქვა, ეს სხდომათა დარბაზში არავის გაკვირვებია.

დღევანდელ პროცესზე გამოიკვლიეს ვიდეომტკიცებულებებიც, მათ შორის, ის ვიდეოჩანაწერი, სადაც მკაფიოდ ისმის, როგორ აგინებს და ემუქრება ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს. ამავე კადრში ირაკლი დგებუაძეს სხვა პოლიციელები ბოჭავენ.

კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი ნიღბიანი პირი აჩერებს ირაკლი დგებუაძეს, როცა იგი მზია ამაღლობელისკენ მიიწევს. ვიდეოჩანაწერების დეტალური ანალიზით მტკიცდება, რომ მზია ამაღლობელს ეს ნიღბიანი პირი აკავებს და არა გიორგი ბჟალავა – როგორც ეს პროკურატურის ვერსიაშია წარმოდგენილი.

„შესაძლოა, მისი დაკითხვა არ აწყობდათ, იმიტომ, რომ მას ვკითხავდი ირაკლი დგებუაძის შესახებ, იქ რა ხდებოდა… ის პოლიციელები, რომლებმაც თქვეს, რომ მზია ამაღლობელი გიორგი ბჟალავამ დააკავა, ცრუ მოწმეები არიან,“ – ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მოსამართლეს აჩვენა ვიდეომტკიცებულებები, რაც მის ნათქვამს ადასტურებს.

მოსამართლეს აჩვენეს ის ვიდეოებიც, სადაც კონკრეტული ადამიანები საუბრობენ ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაზე.

შემდეგ სხდომაზე სასამართლო „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ბოლო მოწმეს მოუსმენს – ექიმ ნათია ხარატს, რომელმაც უნდა თქვას, ხომ არ სიმულანტობს ირაკლი დგებუაძე, როცა ამბობს, რომ სილის გაწვნის დროს ტკივილი განიცადა?

მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 21 ივლისს გაიმართება.

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის 6 თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით კი, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.

მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრებიან.

მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს დასრულდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: