სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვისას პასუხისგებაში მიცემული პირის პროცესზე დასწრება, ძირითად შემთხვევებში, სავალდებულო აღარ იქნება.
ახალი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 2025 წლის 28 მაისს მიიღო.
ეს შეეხება საპროტესტო აქციებზე დაკავებულებსაც – როცა აქციის მონაწილეებს შსს ადმინისტრაციული წესით აკავებს, ძირითადად მათ წინააღმდეგ წვრილმანი ხულიგნობის [ასკ-ის 166-ე მუხლი] და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის [ასკ-ის 173-ე მუხლი] მუხლებით ადგენენ ოქმებს. აქამდე აქციებზე დაკავებულების პროცესზე გამოცხადება სავალდებულო იყო. ეს წესი ითვალისწინებდა სასამართლო სხდომაზე პირის იძულებით დასწრებასაც.
საკონსტიტუციო სასამართლომ ეს წესი ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია, კონკრეტულად კი, არაკონსტიტუციურად ცნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის ის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც: „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა. თუ ეს პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს [მოსამართლის] გამოძახებით გამოცხადებას, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ“.
ამ სარჩელის ავტორები ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე იყვნენ. მათი მტკიცებით, პირისათვის თავისუფლების აღკვეთა და საქმის განხილვის პროცესზე მისი იძულებით მიყვანა მაშინ, როდესაც მართლმსაჯულებისა და ადმინისტრაციული წარმოების მიზნების მიღწევა, ამ პროცესში ამ პირის უშუალო მონაწილეობის გარეშეც არის შესაძლებელი, არ ემსახურებოდა რაიმე საჯარო ლეგიტიმურ მიზანს და შესაბამისად, ატარებდა თვითნებურ ხასიათს.
„მხარეთა პოზიციების შეჯერებისა და გასაჩივრებული რეგულაციის ანალიზის შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული საფუძვლით, პირისათვის თავისუფლების უფლების შეზღუდვას არ გააჩნდა საჯარო ლეგიტიმური მიზანი და ატარებდა თვითნებურ ხასიათს. შესაბამისად, სადავო ნორმა წარმოადგენდა თავისუფლების უფლების შეზღუდვის თვითმიზნურ საშუალებას, რის გამოც იგი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.