დღეს, 2 იანვარს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია ანონსდება.
დღეს ბათუმში ყოველდღიური, უწყვეტი პროტესტის 36-ე დღეა. მოქალაქეები ყოველ საღამოს იკრიბებიან საკონსტიტუციო სასამართლოსთან, რათა გააჟღერონ საპროტესტო მოძრაობის მთავარი მოთხოვნები: ხელახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლება.
საპროტესტო აქციებს ბათუმში პერიოდულად უერთდებიან სხვადასხვა პროფესიული ჯგუფები.
უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს თბილისში და პერიოდულად იმართება აქციები საქართველოს სხვა ქალაქებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებშიც.
- რა ხდება?
საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.
პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.
28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.
საპროტესტო აქციებზე ორგანიზებულად გამოდიან სხვადასხვა პროფესიული სფეროს და, ასევე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენლები.
ამ დროისათვის საპროტესტო მოძრაობის ძირითადი მოთხოვნა ორია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლება.