ბათუმში 27 სექტემბერს, პარასკევს, საავტორო კინოს ბათუმის მე-19 საერთაშორისო ფესტივალი [BIAFF] გაიხსნება, ფილმების ნახვა კი მაყურებლებს 28 სექტემბრიდან შეეძლებათ.

BIAFF-ზე კინოჩვენებები წელს კინოთეატრ CAVEA GRAND MALL-ში და ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება. CAVEA GRAND MALL-ში კინოსეანსებზე დასასწრებად ბილეთები გაიყიდება, ევროპის მოედანზე კი კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.

წელს კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 25-ზე მეტი ქვეყნიდან.

კინოფესტივალი 27 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“.

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი მესამე წელია სახელმწიფო დაფინანსების გარეშე იმართება. წელს ფესტივალის მხარდამჭერები არიან: NDF, იტალიის საელჩო, ბრაზილიის საელჩო, ნორვეგიის კინოს ინსტიტუტი, დანიის კულტურის ინსტიტუტი, ასოციაცია „ვისტულა“, შვედეთის საელჩო, ლიეტუვის საელჩო და ბათუმის თოჯინების თეატრი.

„ბათუმელები“ დაწვრილებით მოგაწვდით ინფორმაციას კინოფესტივალის პროგრამის და მიმდინარეობის შესახებ.

 

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version