ბათუმში ბევრი სტუდენტისთვის ნაცნობ ფეისბუქ ჯგუფში, „ბსუ 2024-ში“ პოსტების განთავსება ჯგუფის ყველა წევრისთვის შეიზღუდა. ამ ჯგუფში 10 ათასამდე მოქმედი თუ ყოფილი სტუდენტი, ლექტორი, ბსუ-ს მოწვეული მასწავლებლები თუ ადმინისტრაციის თანამშრომლები იყრიან თავს.

ეს ჯგუფი ბევრისთვის უნივერსიტეტთან დაკავშირებული თუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის გაზიარებისა და მიღების მნიშვნელოვანი წყარო იყო.

სქრინი ჯგუფიდან „ბსუ 2024“

ჯგუფის ერთადერთი ადმინისტრატორი ზურაბ პაპუნიძეა, ბსუ-ს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტი. მან გვითხრა, რომ ჯგუფი გაყიდა.

„სიმართლე გითხრათ, ეს ჯგუფი მე გავყიდე. გერმანიაში მივდივარ საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ და ფული დამჭირდა. მან [მყიდველმა] მითხრა, რომ სანამ გადმოვიბარებ, იქამდე შეაჩერე ყველაფერი, ჯერ არ მინდა რომ დაიწეროს რაღაცებიო და შევაჩერე.

მყიდველს ბსუ-სთან არანაირი კავშირი არ აქვს. სხვა ტიპია საერთოდ, ინტერნეტიდან დამიკავშირდა. მე არ ვიცნობ მას, ჩვენი სტუდენტი არ არის“, – გვითხრა ზურაბ პაპუნიძემ. მისივე თქმით, მან არ იცის ჯგუფის მყიდველი რას გადაწყვეტს და ჯგუფს ისევ ექნება თუ არა რაიმე კავშირი უნივერსიტეტთან.

„ეს ჯგუფი მე შევქმენი 2017 წელს. თვითმმართველობის თავმჯდომარე რომ გავხდი, ეს ჯგუფი მეხმარებოდა ინფორმაციის გავრცელებაში. თანდათან გაიზარდა ჯგუფის წევრების რაოდენობა.

სიმართლე გითხრათ, იმდენად დაკავებული ვარ, რომ ჯგუფების და მსგავსი რაღაცების თავი აღარ მაქვს. გამომიჩნდა გაყიდვის შესაძლებლობა და თან, კი იცით, პატარა სიამოვნება არ არის გერმანიაში წასვლა თამაშის საყურებლად. თითო თეთრს ვეძებ.

უბრალოდ ვაფერხებ ჯგუფს და თუ ვინმე გამოიყენებს ჯგუფს ნორმალურად, ამის პრობლემა არ მაქვს”, – გვითხრა ზურაბ პაპუნიძემ. მას ვთხოვეთ, ჩვენთვის ჯგუფის მყიდველის ვინაობა დაეზუსტებინა, თუმცა მან უარი განაცხადა.

ბათუმში სტუდენტების ნაწილი ფიქრობს, რომ ჯგუფში პოსტების გამოქვეყნების შეზღუდვა საეჭვოდ ემთხვევა ქვეყნის მმართველი გუნდის მიერ რუსული კანონის მეორედ ინიციირებას და მის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციებს თბილისში თუ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ბათუმშიც.

ზურაბ პაპუნიძეს ვთხოვეთ, ჯგუფის გაყიდვის და პოსტების გამოქვეყნების შეზღუდვის თარიღები დაეზუსტებინა.

„აქციებამდე იყო ეს [ჯგუფის გაყიდვა] მერე რაღაც კომენტარებსაც წერდნენ. უბრალოდ, ისე დაემთხვა, თორემ კონკრეტული აქციების წინააღმდეგი არაფერი მაქვს, პირიქით“ – გვითხრა მან.

პაპუნიძეს თქმით, მას ზუსტად არ ახსოვდა თარიღები და ტრანზაქციის თარიღს გადაამოწმებდა. მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ ჯგუფი 15 აპრილს გაყიდა.

მმართველმა ხელისუფლებამ კანონპროექტი ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ 3 აპრილს დაარეგისტრირა, რასაც მალევე მოჰყვა საპროტესტო აქციები – „არა რუსულ კანონს“.

ბსუ-ს სტუდენტი, გიორგი ბოლქვაძე ამ ჯგუფის ერთ-ერთი მოდერატორია. ის ბსუ-ში საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს.

„ჯგუფში პოსტების გამოქვეყნება რამდენიმე დღით ადრე შეიზღუდა. მანამ, სანამ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციები დაიწყებოდა”, – გვითხრა გიორგიმ. მას ვკითხეთ, ხომ არ უცდია მიზეზის გარკვევა, რაზეც გვითხრა, რომ არა, რადგან მას შემდეგ ჯგუფის ადმინისტრატორი, ზურაბ პაპუნიძე პირადად არ უნახავს.

„მე არც პოსტების გამოქვეყნების აღდგენა შემიძლია და არც დაპაუზება. ჯგუფის მოდერატორი შარშან გავხდი, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის აქციები როცა იმართებოდა. ზურა ჩემი მეგობარია და პოსტების დადასტურება რომ მჭირდებოდა, მაშინ მითხრა – აი, თქვენ მოდერატორობაო. წარმოდგენა არ მაქვს რა მიზეზით დაპაუზდა პოსტების გამოქვეყნება ჯგუფში”, – ამბობს გიორგი.

„ბათუმელები“ ჯგუფის მეორე, მოქმედ ადმინისტრატორს, შოთა კახიძესაც ესაუბრა. მისი თმით, ჯგუფის ადმინისტრატორი დაახლოებით ერთი წლის წინ გახდა, როცა კალათბურთთან დაკავშირებით სჭირდებოდა პოსტების გამოქვეყნება. „ზურამ მითხრა, რომ დრო არ ჰქონდა და მოდერატორობას მომცემდა” – ამბობს ის.

  • რას ფიქრობენ ლექტორები? 

„დიდი ხანია ვმუშაობ უნივერსიტეტში და ძალიან კარგად ვიცნობ ყველა ადამიანს ამ უნივერსიტეტში, მათ შორის სტუდენტებს, ვინც ამ ჯგუფში არიან. რაც ზურაბ პაპუნიძემ გითხრათ, ეს არის ტყუილი. ეს არის თაღლითობა უბრალოდ. სად გაყიდა ჯგუფი, ვის მიჰყიდა?

ზურა ახლაც ამ ჯგუფის ადმინისტრატორია. მე გუშინ მივწერე მესიჯი ჯგუფის ადმინებს. ჯგუფის ერთი მოდერატორი ჩემი სტუდენტი, რაფაელ დელავერიძე იყო. მივწერე რაფაელსაც და პაპუნიძესაც, რატომ ზღუდავთ ხალხს ამ ჯგუფში, რის საფუძველზე-მეთქი? პაპუნიძემ არაფერი მიპასუხა. დელავერიძემ კი მიპასუხა, რომ თითქოს ის არაფერ კავშირში არ არის ამ ჯგუფთან და არ აინტერესებს. რამდენიმე წუთში მან ჯგუფიდან მოდერატორობა მოხსნა.

ზურაბი არის ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელი და მართავს ჯგუფს, სადაც უზღუდავს ადამიანებს გამოხატვის თავისუფლებას. ეს არის უკანონობა. მე არ მჯერა, რომ ჯგუფი გაყიდა. არაფერი არ გაუყიდია, ის უბრალოდ თავს არიდებს და არასდროს არ პასუხობს კითხვებს. ეს არის ჩვეულებრივი თაღლითობა.

ჩემი აზრით, ეს ჯგუფი არის უნივერსიტეტის. უნივერსიტეტი მართავს და ადმინისტრაციის პირდაპირი დავალებებით აკეთებენ ყველაფერს, რადგან უამრავი ჩემი პოსტი დაბლოკეს.

კიდევ არის ერთი ჯგუფი „ბსუ-ს შესახებ“ და მასაც მართავს უნივერსიტეტი, სადაც ასევე ბლოკავენ სტატუსებს. წლებია ევროკავშირის დაფინანსებით პროექტებს ვახორციელებ უნივერსიტეტში, სადაც დაბლოკილია ჩემი პოსტები. მაგალითად, პოსტი სტუდენტებისთვის გამოცხადებული ზამთრის სკოლის შესახებ, რუსული კანონის წინააღმდეგ მოწოდებები და ა.შ. ამ ჯგუფის ადმინისტრატორიც ბსუ-ს თანამშრომელი, გოჩა სურგულაძეა. ორივენი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მითითებებით მოქმედებენ.

არავის აქვს უფლება, რომ ამ ჯგუფებში დაგვბლოკოს ჩვენ და გამოხატვის თავისუფლება, ინფორმაციის გავრცელება შეზღუდონ“, – გვეუბნება მალხაზ ნაკაშიძე, ბსუ-ს პროფესორი, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი.

მალხაზ ნაკაშიძე

გოჩა სურგულაძე ფეისბუქ ჯგუფის -„ბსუ-ს შესახებ“ –  ადმინისტრატორია. სწორედ ამ ჯგუფის შესახებ თქვა მალხაზ ნაკაშიძემ, რომ მის სტატუსებს ბლოკავენ. ამ ჯგუფს 11 ათასზე მეტი წევრი ჰყავს. სურგულაძე ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა.

იგი ამბობს, რომ მალხაზ ნაკაშიძე პოლიტიკური მოსაზრებებით აბრალებს ბსუ-ს ადმინისტრაციას, რომ ჯგუფს ადმინისტრაცია მართავს და მის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას ზღუდავენ:

„ბატონი მალხაზ ნაკაშიძე აზიარებდა ინფორმაციას ჟან მონეს კათედრასთან დაკავშირებით და ვუდასტურებდით პოსტებს, მაგრამ იყო შემთხვევები, რომ გაზიარება ჰქონდა, ჯგუფი კი შეზღუდულია გაზიარებების თვალსაზრისით, იმიტომ, რომ  რიგი ინფორმაციები, რომელიც უნივერსიტეტს არ ეხება, ეს იქნება კომერციული თუ არაკომერციული, პირობითად ან ვთქვათ, მსგავსი რაღაცები, შეიძლება არ დაიდოს.

მალხაზს ჰქონდა საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური შინაარსის პოსტები არ იდებოდა, რაც სიცრუეა, თქვენ ნახავთ მალხაზის რამდენიმე პოსტს უშუალოდ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ჯგუფში გაზიარდა“.

გოჩა სურგულაძე ამბობს, რომ ჯგუფს უნივერსიტეტი არ მართავს:

„ეს ჯგუფი არის 2010-11 წლიდან, რომლის ადმინი გახლავართ მე. იყვნენ სხვებიც, მაგრამ უარი თქვეს ადმინობაზე.

არანაირი შემოსავალი ან დამატებითი ფინანსური [სარგებელი] არ მაქვს, რომ სტუდენტების, თუნდაც ადმინისტრაციის თანამშრომლების პოსტები ვადასტურო ან ჩავუჯდე და ღამის 12 საათზე დადებს ამერიკიდან პოსტს თუ პირველ საათზე, ზუსტად იმ დროს დავუდასტურო. ეს არის ენთუზიაზმზე დაფუძნებული ჯგუფი“.

„ბათუმელები“  სტუდენტური ჯგუფის – „ბსუ 2024-ის“ შესახებ ლაშა ბაჟუნაიშვილსაც ესაუბრა. ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

„ცოტა უცნაურია ჯგუფის გაყიდვა, თუკი ის არის უნივერსიტეტის და რაღაცების ერთმანეთისთვის გაზიარების მიზნით შეიქმნა.

ეს ჯგუფი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, საჯარო, ყველასათვის ხელმისაწვდომი. 10 000 ადამიანია აქ გაწევრიანებული, ყველას უნდა ჰქონდეს აზრის გამოხატვის უფლება. უნდა არსებობდეს ზოგადი წესები, სიძულვილის ენის დაუშვებლობა, დისკრიმინაცია და ა.შ.

თუ კი რაიმე აზრი ეხება საუნივერსიტეტო ცხოვრებას, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ა.შ. მისი სელექცია, გადარჩევა-გადმორჩევა არ უნდა ხდებოდეს, იქნება ეს მაგალითად ღონისძიების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, კონკურსის, აქციის, პროგრამის შესახებ თუ ა.შ.

პოლიტიკა ვისაც ესმის, ბუნებრივია, ჩვენი საზოგადოებრივი საქმიანობა პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია და შესაძლებელია განცხადება და ჩემი აზრის გამოხატვა ამ კუთხით დაკვალიფიცირდეს და ეს შეზღუდული არ უნდა იყოს. არც ინფორმაციის გავრცელება, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ეს იმისთვის, ვინც მართავს ამ ჯგუფს.

ერთ-ერთი ჩემი თანამშრომლისგან გავიგე, რომ ის წერდა ამ ჯგუფში და ხშირად არ უდასტურებდნენ. სტუდენტებს და ზოგიერთ ლექტორს გამოუთქვამთ პირად თუ საჯარო საუბრებში წუხილი, რომ ჯგუფის ადმინისტრატორი, რომელიც ვერ გავარკვიე ვინ არის საბოლოო ჯამში, გადარჩევას ახდენს ამა თუ იმ პიროვნების და მათი პოსტების.

უნივერსიტეტი არის ყველასი, უნივერსიტეტის რესურსები და სიკეთეები არის საჯარო და და ის წესით არ უნდა ემსახურებოდეს ვიღაცის კომერციულ ან პოლიტიკურ ინტერესებს. ეს უნდა იყოს საჯარო და ემსახურებოდეს უნივერსიტეტის ინტერესებს”, – გვეუბნება ლაშა ბაჟუნაიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ლაშა ბაჟუნაიშვილი

„ბათუმელები“ დაინტერესდა, განიხილება თუ არა ჯგუფ “ბსუ 2024”-ს ბედი სტუდენტებში და რას ფიქრობენ ისინი.

„ჩემს გამოცდილებას და დაკვირვებას გიზიარებთ. ამ ჯგუფში ძირითადად ისეთი პოსტების დადასტურება ჭიანურდებოდა ხოლმე, რომლებიც ახალ ამბებს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შეეხებოდა. დანარჩენი შინაარსის პოსტები ჩვეულებრივ დასტურდებოდა.

თუ მართლაც გაყიდა ზურამ ჯგუფი, ძალიან ცუდად მოქცეულა, იმიტომ, რომ ეს იყო კერძო ჯგუფი უნივერსიტეტისთვის და ამ ჯგუფში იყვნენ და არიან ის ადამიანები, ვინც სწავლობენ უნივერსიტეტში და რას ნიშნავს ასეთი ჯგუფის გაყიდვა, მე არ ვიცი.

ვერ ვხვდები, რას ნიშნავს გაყიდა? ძალიან ცუდი თავის გამართლებაა.

ამ ჯგუფის გაყიდვაში არანაირი ლოგიკა არ დევს, რადგან აქ იდება საუნივერსიტეტო თემატიკის პოსტები. ჩემთვის ის უფრო ლოგიკურია, რომ ჯგუფში პოსტების გამოქვეყნების შეზღუდვა უნივერსიტეტს დაევალებინა და გვატყუებს, რომ გაყიდა.

ამ ჯგუფის ბედს სტუდენტები განვიხილავდით, თუმცა ჩვენგანაც არ ჰქონია დიდი გამოხმაურება, რადგან ვიცოდით, რომ ეს ჯგუფი და ზოგადად უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ხელს არ შეგვიწყობდა რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციებზე ინფორმაციის გავრცელებაში“, – ამბობს ილია აბულაძე, ბსუ-ს ევროპისმცოდნეობის მიმართულების სტუდენტი.

ილია აბულაძე
Exit mobile version