განათლება,მთავარი,სიახლეები

რატომ არ უშვებენ მშობლებს სკოლაში – მშობელი, როგორც უცხო პირი

27.01.2023 • 5824
რატომ არ უშვებენ მშობლებს სკოლაში – მშობელი, როგორც უცხო პირი

მშობელი ამბობს, რომ უფლებას არ აძლევენ თავისი შვილის სკოლაში გაკვეთილს დაესწროს. არის სხვა შემთხვევები, როცა მშობელი ამბობს, რომ სკოლის შენობაშიც კი არ უშვებენ.

ბოლო დღეებში მშობლები სოციალურ ქსელებშიც აქტიურად ცდილობენ იმის გარკვევას, აქვთ თუ არა მათ, როგორც მშობლებს, უფლება, დაესწრონ შვილების გაკვეთილებს. ერთ-ერთი მათგანია ნათია მანია, რომელიც თანახმაა ამ თემაზე ღიად ისაუბროს.

მისი თქმით, შვილის გაკვეთილზე დასწრებისთვის სკოლის დირექციამ ყველა მშობლისგან წერილობითი ნებართვის შეგროვება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას როგორც მშობელს, უფლება არ აქვს გაიგოს, როგორი გაკვეთილი უტარდება მის შვილს.

მეც მასწავლებელი ვარ და როცა ერთ-ერთმა მშობელმა მთხოვა გაკვეთილზე დასწრება, არც კი მიფიქრია, რომ ეს ვიღაცასთან უნდა შემეთანხმებინა.

მშობელი რომ იყო სკოლაში მოსული ეს, რა თქმა უნდა, იცოდა დირექციამ, მაგრამ შემდეგ, გაკვეთილზე შემოვიდოდა ჩემთან თუ ცალკე დაველაპარაკებოდი, არავის უკითხავს.

როცა ეს საკითხი ჩემთან, როგორც მშობელთან დადგა დღის წესრიგში, ყველა მშობლის ხელმოწერის შეგროვება მომთხოვეს, თუ მსურდა დავსწრებოდი შვილის გაკვეთილს. მე ეს ხელმოწერები ვერ შევაგროვე, რადგან  სამმა მშობელმა უარი მითხრა“, – გვეუბნება ნათია მანია.

ნათია მანია/ პედაგოგი, მშობელი.

ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის დირექტორს თეა დავითაძეს ვკითხეთ, არსებობდა თუ არა მსგავსი რეგულაციები ვთქვათ მის სკოლაში და რა არის იმის მიზეზი, რის გამოც მშობელს შვილის გაკვეთილზე დასწრება ეკრძალება?

თეა დავითაძის თქმით, ყველა საჯარო სკოლას თავისი შინაგანაწესი აქვს, რითაც სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება, თუმცა ძირითადად, ეს ნორმები ყველა სკოლაში იდენტურია.

„მაგალითად, ჩვენ შინაგანაწესში წერია, რომ სასწავლო პროცესში გარეშე პირთა შემოსვლა აკრძალულია, ასევე, სკოლის ტერიტორიაზე შემოსვლა სკოლის დირექციასთან შეთანხმების გარეშე.

მშობლის, კანონიერი წარმომადგენლის მიღების დღეები გაწერილია და მათ სკოლაში შემოსვლა შეუძლიათ პარასკევს, 13:00-იდან 17:00 საათამდე“, – გვეუბნება დირექტორი.

მისი თქმით, მშობლისა და სკოლის დირექციის, ასევე მასწავლებელთან ურთიერთობის მექანიზმი მშობელთა კრებებია. „ჩემი, როგორც დირექტორის ნახვა შეუძლია მშობელს ყოველდღე, გარკვეულ საათებში“, – გვეუბნება თეა დავითაძე.

თეა დავითაძე, მე-20 საჯარო სკოლის დირექტორი

კითხვაზე, თუ რატომ არ აქვს მშობელს უფლება დაესწროს შვილის გაკვეთილს, დირექტორი ამბობს, რომ ეს პერსონალური მონაცემების დაცვით არის განპირობებული.

„არსებობს პერსონალურ მონაცემთა შესახებ დაცვის კანონი, რომელიც არეგულირებს ყველა პირის უფლებებს. გაკვეთილზე შესაძლოა გამჟღავნდეს სხვა მოსწავლის პერსონალური ინფორმაცია.

ამიტომ, გაკვეთილზე დასწრების მსურველმა მშობელმა, ყველა სხვა ბავშვის მშობლისგან წერილობითი ნებართვა უნდა მოიპოვოს“, – გვეუბნება დირექტორი.

ნათია მანიასთვის მსგავსი არგუმენტი არც თუ ისე საფუძვლიანია, რადგან სკოლას მშობლებზე ზემოქმედების ბერკეტიც გააჩნია.

„მე ვერ დავამტკიცებ იყვნენ თუ არა ის მშობლები დირექციის ზეგავლენის ქვეშ, ვინც არ მომცა გაკვეთილზე დასწრების თანხმობა, მაგრამ მათგან არც ის მომისმენია, რომ არ სურდათ მათი შვილები მენახა გაკვეთილზე. უბრალოდ თქვეს, რომ კარგი მასწავლებელია და დასწრების წინააღმდეგი ვართო.

მე კი მქონდა ინფორმაცია, რომ ჩემი შვილის ერთ-ერთი მასწავლებელი ვერ მართავდა კლასს, ჰქონდა ცუდი დისციპლინა – ისეთი ყაყანი და ხმაური იყო კლასში, რომ ბავშვები ამბობდნენ, თავი გვტკივა, ვერაფერს ვიგებთ და ჩამოვრჩით საგანშიო.

თუკი გაკვეთილზე ასეთი რამ ხდება და არ უნდათ, რომ ეს მშობელმა ნახოს, ძალიან სასაცილოა, როცა ამ ყველაფრის გადაფარვას პირადი ინფორმაციის დაცვის სახელით ცდილობენ, – გვეუბნება ნათია.

მისი თქმით, ზუსტად არც იმაზე აქვს ნათელი წარმოდგენა, რას გულისხმობენ ადმინისტრაციაში, როცა სხვა მოსწავლის „პირად ინფორმაციაზე“ აპელირებენ.

„მე როგორც ვიცი, პირადი ინფორმაცია არის ადამიანის სახელი-გვარი, მისამართი, ტელეფონი, მისი პერსონალური ფოტო, ვიდეო და ასე შემდეგ. ტელეფონს და მისამართს კი გაკვეთილზე დასწრებით ვერ გავიგებ.

თუ ნიშნებზეა საუბარი, მე ვერც სხვა ბავშვის ნიშნებს გავიგებ გაკვეთილზე დასწრებით, რადგან მასწავლებელს არ აქვს უფლება ხმამაღლა გამოაცხადოს, ვის რა ნიშანს უწერს.

ზოგადად კი, ვინ როგორ სწავლობს ჩემი შვილის კლასში, ვინ რა საგანშია ძლიერი და ვინ სუსტი, ეს ხომ ისედაც  ყველა მშობელმა და ბავშვმა იცის მეტ-ნაკლებად.

ვფიქრობ, ეს ყველაფერი ან ზედმეტი პოლიტკორექტულობაა, ან სპეციალურად შექმნილი ხელისშემშლელი გარემოება, მშობელს რომ არ ჰქონდეს სკოლაში მიმდინარე პროცესებზე წვდომა და არ შეეძლოს რაიმე სახით ჩარევა“, – მიიჩნევს ნათია მანია.

მისი აზრით, ის, რომ მშობელი თვითმხილველი შეიძლება იყოს სკოლაში მიმდინარე პროცესების, ამაში არაფერია სკოლის ან რომელიმე მოსწავლის საზიანო.

„რატომ არ შეიძლება სკოლამ გამოიყენოს მშობლის რესურსი პრობლემის მოგვარებისთვის? ზოგ მასწავლებელს ხომ ჰყავს ასისტენტი გაკვეთილზე. უცხოეთშიც აქვთ ხოლმე პროექტები, როცა მშობლები ატარებენ პროფესიიდან გამომდინარე გაკვეთილებს და უყვებიან ბავშვებს თავიანთ პროფესიაზე. მესმის, ეს სხვა ტიპის გაკვეთილია, მაგრამ მე ვამბობ, რომ მშობლის რესურსის გამოყენებაც შეიძლება თუ იქნება კეთილი ნება.

გარდა ამისა, აუცილებელია ზოგჯერ გვერდიდან შეხედოს მასწავლებელმა საკუთარ თავს და გაიგოს, როგორ შთაბეჭდილებას ახდენს მისი გაკვეთილი სხვებზე.

ყველამ ვიცით, რომ საჯარო სკოლებში არც გაკვეთილებია იდეალური და არც მასწავლებლები. არც მე ვარ იდეალური მასწავლებელი ჩემ სკოლაში, მაგრამ როდესაც ასეთი დიდი წინააღმდეგობა გხვდება ასეთ უბრალო საკითხზე, რომ სემესტრში ერთ გაკვეთილზე ვერ ესწრები, ეს ბადებს ეჭვს“, – ამბობს ნათია.

მისი თქმით, ის არ არის პირველი მშობელი, ვისაც პრობლემა შეუქმნეს. „ისეთი სკოლებიც არსებობს, სადაც მშობელს შენობაშიც კი არ უშვებს ადმინისტრაცია, არათუ გაკვეთილზე. ცხრა ინსტანცია უნდა გაიაროს მშობელმა, რომ სკოლაში შევიდეს“, – გვეუბნება ის.

კადრი ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან/ ლელა დუმბაძე/ბათუმელები.

მისი აზრით, მას როგორც მშობელს, სრული უფლება აქვს იცოდეს რა ხდება შენობაში, სადაც მისი შვილი ნახევარ დღეს ატარებს.

„როგორ შეიძლება არ მქონდეს წვდომა ამ ყველაფერთან და არ ვიცოდე იქ რა ხდება. ჩვენ მშობლები, რაშიც ვხარჯავთ ფულს, იქნება ეს ბავშვის წრეზე სიარული, რეპეტიტორი, ექიმი თუ სხვა, ყველგან ვართ პროცესში ჩართული და ვიღებთ ინფორმაციას ჩვენი არასრულწლოვანი შვილის შესახებ. ერთადერთი, საჯარო სკოლაა ციხე-სიმაგრე, სადაც მშობელს არანაირი ხმა არ აქვს და არავინ არაფერს ეკითხება.

როცა ამბობენ, რომ მშობლები უნდა იყვნენ სკოლის ცხოვრებაში ჩართული, როგორ უნდა იყვნენ? ექსკურსიის ფული უნდა შეაგროვონ და როცა საჭიროა, ფარდები დაკიდონ კლასში, ეს არის მშობლის ჩართულობა?“ – რიტორიკულ კითხვას სვამს ნათია მანია.

მისი აზრით, სკოლას შეუძლია კონკრეტული რეგულაციები შემოიღოს, მაგრამ ეს არ უნდა ჰგავდეს აკრძალვას.

„ფეისბუკში ერთმა მასწავლებელმა დამიწერა, ქირურგიულ ოპერაციაზე მშობელს უშვებენო? – ანუ ქირურგიულ ოპერაციას შეადარა გაკვეთილი. ვერ გავიგე, ამ გაკვეთილზე აჭრიან რამე ორგანოებს ბავშვებს თუ ასწავლიან.  სრულიად სხვადასხვა რამეა ეს.

ერთი მხრივ, ამასაც აქვს ალბათ თავისი გამართლება, რადგან ყველა მშობელს არ აქვს შესაბამისი განათლება, ბევრს შეიძლება ჰქონდეს სრულიად კონსერვატიული შეხედულებები და პირიქით, აზიანებდეს კიდეც დემოკრატიულ პროცესებს სკოლაში, მაგრამ ინფორმაციის მიღების უფლება ყველა მშობელს აქვს“, – გვეუბნება ნათია.

მისი თქმით, როცა სკოლასა და მშობელს შორის არ არსებობს ჯანსაღი კომუნიკაცია, სიმართლის დადგენას ვერც ერთი მხარე ვეღარ ახერხებს.

„მშობელმა სკოლის ნაკლის შესახებ იცის მხოლოდ შვილების მეშვეობით, რადგან ისინი ჰყვებიან ამის შესახებ ყოველთვის. როცა მშობელი პრეტენზიას აცხადებს, მას ეუბნებიან, რომ „არ უნდა დაუჯერო ბავშვს“, რომ „ბავშვი იტყუება“. როგორ გავიგო ბავშვი იტყუება თუ არა, რა ბერკეტი მაქვს გავიგო იმ ხარვეზებზე, რაზეც ლაპარაკობს ჩემი შვილი, სინამდვილეა ეს თუ არა?

შემდეგ ბავშვს უბრუნდება ეს ყველაფერი ცუდად და ეუბნებიან – „შენ იჩივლე?“. ვეღარ ხვდები რა უნდა გააკეთო, პრეტენზია როგორ უნდა გამოთქვა, რომ სწორად მიიღოს მასწავლებელმა, დირექტორმაც და არც ბავშვები დაზარალდნენ. ან ჩუმად უნდა იყო 12 წელი და თქვა: „ჯანდაბას, რასაც ისწავლიან, ისწავლიან“, – გვეუბნება ნათია.

მეგი კავთუაშვილი

მეგი კავთუაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია  „მშობლები განათლებისთვის“ წარმომადგენელი, იზიარებს ნათია მანიას აზრს და ამბობს, რომ დღეს არსებული რეგულაციით, სკოლა ეწინააღმდეგება ზოგადი განათლების შესახებ კანონის II თავის, მე-8 მუხლის მე-5 პუნქტს, „რომლის მიხედვითაც დაუშვებელია მშობლის უფლებების იმგვარი შეზღუდვა, რომ არსებითად გაუქმების ტოლფასი იყოს“.

მისი თქმით, ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს გონივრული, პროპორციული, მინიმალური და უნდა განხორციელდეს მხოლოდ დადგენილი წესის საფუძველზე და არა რომელიმე ადამიანის ერთპიროვნული ზეპირი გადაწყვეტილებით, თუნდაც დირექტორი იყოს აკრძალვის ინიციატორი.

„5 წელია ვმუშაობთ იმაზე, რომ როგორმე გაიზარდოს მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, სკოლა გახდეს უფრო დემოკრატიული და თუ მშობელს სკოლაში შესვლას ავუკრძალავთ, მას არ შეეძლება ნახოს ის გარემო, სადაც მისი შვილი ატარებს დროს, ეს ალბათ ყველაზე არადემოკრატიულია, რაც კი შეიძლება მოხდეს.

ჩვენც ვიცით სკოლები, სადაც საერთოდ არ უშვებენ მშობლებს – განსაკუთრებით პანდემიის მერე დაიწყო ეს პროცესი. დღეს კი სკოლები უკვე დაკეტილ ინსტიტუციად გადაიქცა და კიდევ უფრო გაუარესდა მშობელსა და სკოლას შორის კომუნიკაციის ხარისხი“, – ამბობს მეგი.

მისი თქმით, „შინაგანაწესი“, რომელზეც ასეთ დროს სკოლები აპელირებენ, არ შეიძლება იყოს ერთი პირის მიერ დადგენილი და მის შედგენაში სკოლის მართვის ორგანოები, მათ შორის მშობლებიც უნდა მონაწილეობდნენ.

„მიიღო ყველა მშობლის ნებართვა, – ეს მიღებული პრაქტიკაა განვითარებულ ქვეყნებში და გამოიყენება იმისთვის, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემები იყოს დაცული, მაგრამ ეს რეგულაცია მაშინ უნდა ვრცელდებოდეს სამინისტროს წარმომადგენლებზეც, როდესაც სხვა მასწავლებელი ესწრება კოლეგის გაკვეთილს, ან როდესაც გამგეობიდან თუ სხვა დაწესებულებიდან მოდის სტუმარი სკოლაში.

ანუ მშობელი, ერთ-ერთი ყველაზე ახლობელი პირია და თუ მას მოეთხოვება დანარჩენი მშობლების ხელმოწერების შეგროვება, ისევე უნდა მოეთხოვებოდეს სხვა ნებისმიერ პირსაც.

გარდა ამისა, ეს არ უნდა იყოს ბარიერი მშობლისთვის. „მიდი აბა მოაგროვე ხელწერები, ვნახოთ ერთი რას იზამ“, – ამ პოზიციიდან კი არ უნდა უყურო მშობელს, არამედ უნდა დაეხმარო, თუ რა თქმა უნდა, მიზანი არ არის, რომ როგორმე გააჩერო, დაბლოკო და თავიდან მოიშორო მშობელი.

არ შეიძლება მშობელი იყოს „უცხო პირი“ სკოლისთვის. უბრალოდ, ისინი ვერ მიაღწევენ იმ მიზნებს, რაც გვიწერია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში, რადგან ის მხოლოდ მშობლებთან ერთად მიიღწევა. მაშინ საერთოდ რად გვინდა ასეთი სკოლა?“ – ამბობს მეგი.

მისი თქმით, მშობლის სკოლაში მოძრაობის წესები სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით შეიძლება შეიმუშაოს სკოლამ ისე, რომ ეს არ ჰგავდეს აკრძალვებს.

„სკოლას შეუძლია გამოსცეს დადგენილება, რომლითაც დაარეგულირებს საგაკვეთილო საათებში მშობლების გადაადგილების პროტოკოლს, სადაც ეწერება, რომ არ შეიძლება ვთქვათ თანმხლები პირის გარეშე მშობლის საპირფარეშოებში შესვლა, რადგან იქ სხვა ბავშვები არიან, შეიძლება იქ ეწეროს, რომ არ შეიძლება უნებართვოდ ფოტოების, ვიდეოს გადაღება, ხმაური, საკლასო ოთახებში კარის გამოღება… ყველაფერი ეს, რაზეც აპელირებენ სკოლაში, რომ მშობლები ხელს გვიშლიან და ასე შემდეგ. ამას ხელს მოვაწერთ მშობლებიც და დავემორჩილებით.

ახლა კი იცით რას ჰგავს მათი მოთხოვნები? წარმოიდგინეთ, ქუჩები რომ არ იყოს დახაზული და შსს-მ მოითხოვოს მძღოლებისგან ზოლებში მოძრაობა. ასეა მშობელთა ჩართულობაც.

შევიმუშაოთ წესები, შევთანხმდეთ და შემდეგ, სტრესის, ჩხუბის გარეშე ვითანამშრომლოთ ბავშვების უკეთესი მომავლისთვის. ეს რატომ უნდა იყოს პრობლემა, თუ იქ ყველაფერი წესრიგშია?“ – გვეუბნება მეგი კავთუაშვილი.

მისი თქმით, თუ სკოლაში ყველაფერი წესრიგშია, სკოლას მშობლის გაკვეთილზე დასწრების ან დერეფანში გადაადგილების პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.

„თუ ხშირად დაესწრებიან მშობლები გაკვეთილებს, დარწმუნებული ვარ, ბევრი მასწავლებელი უკეთესად შეძლებს გაკვეთილების ჩატარებას და ეს პრაქტიკა მხოლოდ და მხოლოდ წაადგება სკოლას“, – გვეუბნება ის.

___________________

მთავარ ფოტოზე: მეგი კავთუაშვილი, ნათია მანია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: