ბათუმში, „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“, ქართველი და ევროპელი ხელოვანების ერთობლივი საგამოფენო პროექტი – ქალაქი ბუნების პირისპირ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ქართველი, ესპანელი და სერბი ხელოვანების ნამუშევრები.

ფოტო: ლელა დუმბაძე
ქალაქი ბუნების პირისპირ – ორი ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებელი პროექტის სინთეზია და ფოკუსირდება ბუნებისა და ქალაქის კონცეფციაზე. „კერძოდ, გამოხატავს ურბანიზაციის დაპირისპირებას ჰარმონიულ ბუნებასთან.

ხელოვანების მიზანია ადამიანები დააფიქრონ სამყაროს მომავალზე – იმაზე, რომ ჯანსაღ გარემოს, რაც ასე მნიშვნელოვანია, მოფრთხილება სჭირდება. ხელოვნება ამ შემთხვევაში სამოქალაქო აქტივიზმის ფორმასაც იძენს,“-ამბობენ გამოფენის ავტორები.

გამოფენაზე გამოყენებულია ფოტოგრაფია, ფერწერა, კოლაჯი, გრაფიტი, ინსტალაცია, პროექცია.

ავტორი ლაშა მახარაძე (საქართველო)
ლაშა მახარაძის თქმით, მის ნამუშევრებში ნაჩვენებია ქალაქი თავისი ხმაურით, ინფორმაციის ჭავლით, დაბინძურებული გარემოთი, როცა ქალაქს ადამიანები შავ-თეთრ ფერებში აღვიქვამთ. „ნამუშევრებს თუ დავაკვირდებით, ადამიანების გამოსახულებები სარეცხებივით არის გაფენილი ამ გარემოში და ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, როგორი კავშირი გვაქვს ბუნებასთან“.


გამოფენა „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“ 3 ივნისამდე გაგრძელდება.
