საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის განცხადებით, ზარალი, რომელიც აჭარის სანაპირო ზოლს მიადგა, წინა ხელისუფლების „უგუნური ქმედებების“ შედეგია.

 

როგორც დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, აჭარის სანაპირო ზოლის გასწვრივ რომ ჩატარებულიყო ნაპირსამაგრი სამუშაოები და ჯებირები გაემაგრებინათ, ბათუმს ასეთი ზარალი არ მიადგებოდა.

 

მისი თქმით, წლების მანძილზე, ექსპერტები, მეცნიერები, კონსულტანტები, ეკოლოგთა ჯგუფის წევრები წერდნენ და აფრთხილებდნენ ხელისუფლებას იმ ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ, რომელიც ქვეყანას ემუქრება, თუმცა ხელისუფლებამ მათი რჩევები არ გაითვალისწინა.

 

მისივე თქმით, შესაძლებელია ბულვარის სანაპირო ზოლის გალამაზება, თუ ჯერ მოხდება ჯებირების გამაგრება, რასაც საბჭოთა კავშირიც ახერხებდა, წინა ხელისუფლებამ კი მიზანმიმართულად არ მოახდინა მათი გამაგრება და რამდენიმე მილიონი ლარი მხოლოდ პიარისთვის დახარჯა, რაც სახელმწიფო დანაშაულია.

 

ამასთან, როგორც დუმბაძემ აღნიშნა, ის აპირებს მიმართოს ახალ ხელისუფლებას, რომ შეჩერდეს მსგავსი ინფრასტრუქტურის განვითარება და მათი მშენებლობა მხოლოდ ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულების შემდეგ გაგრძელდეს.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version