22 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ შუამდგომლობა სასამართლო პროცესის 13 ნოემბრამდე გადადების თაობაზე.  გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა სარჩელის განხილვის ერთი თვით გადადებას ითხოვდა იმ მოტივით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერვე დამტკიცებული რეგლამენტის მიხედვით, მხარეს აქვს ერთთვიანი ვადა შესაგებლის წარსადგენად.

სასამართლომ არსებითად განსახილველად 13 ოქტომბერს მიიღო სარჩელი, გახარიას პარტია ამ სარჩელს ყველაზე ბოლოს, 14 სექტემბერს დაამატას, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვის პირველი სხდომა კი 21 ოქტომბერს ჩაინიშნა.

რეგლამენტით, მხარეს წერილობითი შესაგებლის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. გახარიას პარტია, რომელიც „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს ბოლოს დაამატა „ოცნებამ“, განაცხადა, რომ გონივრული ვადა არ მიეცა მოსამზადებლად და პროცესის ერთი თვით გადადება მოითხოვა.

შუამდგომლობას დაეთანხმნენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, რევაზ ნადარაიას თავმჯდომარეობით, ითათბირა და ერთხმად გადაწყვიტა არ დაეკმაყოფილებინა გახარიას პარტიის შუამდგომლობა პროცესის გადადებაზე.

პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში მესამე დღეა მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში ოპოზიციამ 12 შუამდგომლობა დააყენა და მათგან არც ერთი დაკმაყოფილებულა.

ბერდია სიჭინავამ ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის და „ოცნების“ სხვა ლიდერების დაკითხვაც მოითხოვა.

გახარიას პარტიის განმარტებით, „ოცნების“ სარჩელში მითითებულია, რომ პარტია არ გაემიჯნა გიორგი გახარიას 2019 წლის საქმიანობას.

„2019 წელს გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ივანიშვილის ხელმოწერით იქნა წარდგენილი. შესაბამისად, სასამართლოზე მოწმედ უნდა დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი, რომლის წარდგენითაც ორჯერ გახდა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი და არ გამიჯვნია არც ჩორჩანის საგუშაგოს და არც 20 ივნისს.

ბატონი კახა კალაძე, რომელიც მაშინ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი იყო და არ გამიჯვნია ამ საკითხებს.

ბატონი ირაკლი კობახიძე, რომელიც, ერთ-ერთი ავტორიც კი იყო 20 ივნისს განვითარებული უბედურების, რომლის შემდეგაც გიორგი გახარია წარდგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და მას საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა.

ბატონი არჩილ თალაკვაძე, რომელიც იყო პარლამენტის თავმჯდომარე.

ბატონი მამუკა ბახტაძე – მას სპეციფიკური ნაწილი აქვს ჩორჩანის საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ის იყო პრემიერ-მინისტრი და მაშინ არც მისი განცხადება არ მომისმენია ჩორჩანასთან და 20 ივნისთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, არც გამიჯვნა.

ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და კურირებდა საოკუპაციო მიმართულებას, რომელმაც 2019 წელს საქართველოს პარლამენტში გააგზავნა ანგარიში ჩორჩანის საქმესთან დაკავშირებით, სადაც ჩაწერა, რომ ქართული საპოლიციო საგუშაგო აღდგენილი იქნა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე 240 მეტრის დაშორებით და ამ პერიოდში ცოცხალი ოკუპაციის საფრთხეები იყო განსაკუთრებულად მომეტებული, მაშინ როდესაც ჩორჩანის ეპიზოდამდე ორი-სამი კვირით ადრე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში შევიდნენ ე.წ მშვიდობისმყოფელები, რეალურად რუსული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელ გახრიჩის შუაზე და ჩორჩანაში აპირებდნენ იმავეს.

გრიგოლ ლილუაშვილმა ამ დასკვნას მოაწერა ხელი. შემდეგ ეს დასკვნა გაიგზავნა საქართველოს პარლამენტში და 84-მა დეპუტატმა მას მხარი დაუჭირა.

გიორგი ვოლსკი, რომელიც ასევე პოლიტიკური საბჭოს წევრი იყო და განცხადებებს აკეთებდა მათ შორის 20 ივნისის ჩორჩანასთან დაკავშირებით.

ქალბატონი თეა წულუკიანი, რომელსაც განცხადებები აქვს გაკეთებული ამ საკითხთან დაკავშირებით.

მამუკა მდინარაძე, როგორც საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე“- განაცხადა ბერდია სიჭინავამ სხდომაზე.

მოწმეებთან დაკავშირებით ჯერ სასამართლოს პასუხი არ გამოუცხადებია. როგორც სხდომის თავმჯდომარემ განმარტა, გადაწყვეტილებას ორშაბათს, 26 ოქტომბერს გამოაცხადებენ და არსებით განხილვაზეც გადავლენ.

ბერდია სიჭინავამ დააყენა ასევე მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის აცილების საკითხი, რაც ასევე არ დაკმაყოფილდა.

შუამდგომლობების დაყენების შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ ბერდია სიჭინავას მიმართა –  არ გეტყობათ, რომ მოუმზადებელი ხართო. ეს იყო ფაქტობრივად მისი პასუხი სარჩელის განხილვის ერთი თვით გადადების მოთხოვნაზე. ბერდია სიჭინავამ მას უპასუხა – სხვა საქმიდან ამოკრებილი მასალები წარმოგიდინეთო.

პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში მესამე დღეა მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში ოპოზიციამ 12 შუამდგომლობა დააყენა და მათგან არც ერთი არ  დაკმაყოფილებულა.

„ქართული ოცნების“ 88 დეპუტატი სარჩელით ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

ვრცლად ნახეთ:

ოპოზიციის 11 შუამდგომლობიდან საკონსტიტუციომ არც ერთი არ დააკმაყოფილა – პარტიების აკრძალვის საქმე

Exit mobile version