„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, კომუნიკაციების კომისია ცენზორის როლის შესრულებას განაგრძობს.
„1 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე კომისიამ კრიტიკული ტელევიზია „ფორმულა“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის უკვე მესამედ – ამჯერად 10 000 ლარით დააჯარიმა.
საერთო ჯამში, ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ ამ მიზეზით მოხსენებითი ბარათები უკვე 7-ჯერ (4-ჯერ „ფორმულას“, 3-ჯერ „ტელეკომპანია პირველს“) შეუდგინა და მათ საფუძველზე, ისინი პირველად ჯერ სიტყვიერად გააფრთხილა, შემდეგ – თითოეული ჯერ 2500 ლარით, მომდევნო ჯერზე კი – 5000 ლარით დააჯარიმა (დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს).
უკვე 1 ოქტომბერს კი – ფორმულა დამატებით 10 000 ლარით დააჯარიმა. დიდი ალბათობით, კომისია მავნე პრაქტიკას კვლავაც გააგრძელებს და უახლოეს მომავალში, იმავე მიზეზით ახლა უკვე „ტელეკომპანია პირველსაც“ დააჯარიმებს, რადგანაც, როგორც წესი, კომისია ერთ შეკრულ წრეზე მოძრაობს და მაუწყებლებს რიგრიგობით აჯარიმებს“ – წერს „გამჭვირვალობა-საქართველო“.
ორგანიზაციის შეფასებით, აშკარაა, რომ კომუნიკაციების კომისია ამ გზით, ისედაც მძიმე ფინანსურ პირობებში მყოფი ტელევიზიების პარალიზებას ცდილობს.
„კომისიას მათთვის მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერების უფლებამოსილებაც აქვს, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა.
მართალია, კომისიამ პარალელურად მონიტორინგის რეჟიმში პროსამთავრობო არხებიც – „იმედი“, „პოსტვ“, „რუსთავი 2“ – მოაქცია, თუმცა პროცესებზე დაკვირვება ტოვებს განცდას, რომ აღნიშნულს მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს და დაინტერესებული მხარეებისთვის ობიექტური დამკვირვებლისა და არბიტრის როლის ჩვენებას ემსახურება.
იმთავითვე ნათელი იყო, რომ კომისიის მიზანი მხოლოდ კრიტიკული მედიების დასჯა და ფინანსური ჯარიმების გზით მათი დასუსტება ან/და დახურვა იყო“- წერს გამჭვირვალობა-საქართველო.
ორგანიზაციის შეფასებით, კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს შინაარსობრივი მონიტორინგის დაწყებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც 2026 წლის 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა პროსამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიები – „იმედი“ და „პოსტ ტვ“ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შესახებ განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რუსული დეზინფორმაციის მხარდაჭერისთვის დაასანქცირა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, კომუნიკაციების კომისია მაუწყებლებს, როგორც წესი, მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევას, ასევე ამბების პირადი დამოკიდებულებისა და მოსაზრების საფუძველზე გაშუქებას ედავება.
კომისიის მიერ კრიტიკული ტელევიზიებისთვის აკრძალულ სიტყვებსა და ფრაზებს შორისაა: „რეჟიმი“, „სინდისის პატიმრები“, „ოლიგარქი“, „ცრუ მოწმე პოლიციელები“, „პოლიტიკური პატიმრები“, „პოლიტიკური ტყვეები“, „რეპრესიული პოლიტიკა“, „ივანიშვილის პრემიერი“, „ე.წ. განათლების რეფორმა“, „ქართული ოცნების პოლიცია“, „უკანონო პატიმრობა“, „სქროლვა-სქრინვის სამმართველო“, „ოცნების ხელისუფლება“, „რეპრესიული კანონები“, „რეჟიმის სასამართლო“, „ივანიშვილის პრეზიდენტი“, „ოცნების სუსი“, „სასამართლო კლანი“ და ა.შ.
გარდა კონკრეტული სიტყვებისა და ფრაზების აკრძალვისა, კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს ამბების მშრალად, შეფასებისა და ანალიზისგან სრულად დაცლილად გაშუქებას სთხოვს. მაგალითად, მოხსენებითი ბარათების მიხედვით, კომისია დაუშვებლად მიიჩნევს ჟურნალისტებისა და წამყვანების შემდეგ ტექსტებსაც:
„სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ახალი ეტაპი და კანონის ჩანაცვლება ქუჩის წესრიგით. ქართული ოცნება ეგრეთწოდებული მორალის პოლიციის ჩამოყალიბებას იწყებს. არაფორმალურ დანაყოფს MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილი უხელმძღვანელებს. ჩეჩნური ტიპის რაზმი მყისიერი რეაგირებით ემუქრება ყველას, ვინც მათი შეფასებით სიწმინდეებს, რელიგიას წინაპრებს და ისტორიას შეურაცხყოფს“.
„არაფორმალური დანაყოფის ხელმძღვანელმა პრაქტიკულად ძალადობა კამერების წინ დააანონსა.
ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის სიწმინდეების რელიგიის და ისტორიის შეურაცხყოფაზე მყისიერ რეაგირებას გეგმავს. ეს იდეა კი თურმე ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის შემდეგ გაუჩნდა. რეალურად ოცნებამ ჩეჩნური მოდელი დააკოპირა, სადაც სპორტსმენებს ოფიციალურ მანდატს ანიჭებენ და ძალადობის ნებას რთავენ. მმართველი გუნდი და მისი მხარდაჭერილი ძალები თავად გადაწყვეტენ, ვინ, რა ფორმით დასაჯონ და როგორ ჩაახშონ კრიტიკული ხმა“.
„პოლიციამ აქტივისტებზე ნადირობა გვიან ღამით დაიწყო. ჯერ დააკავეს თორნიკე თოშხუა. კაცი, რომელმაც ციხე რამდენიმე კვირის წინ დატოვა, ქუჩის გამოკითხვას ატარებდა, თუმცა, პოლიციას ნერვებმა უმტყუნა და რამდენიმე წამში დააკავეს, რამაც დიდი სოლიდარობა გამოიწვია და რამდენიმე წუთში საკრებულოსთან ათობით ახალგაზრდა გაჩნდა“.
„ოცნებას ვაშინგტონშიც პრორუსი პოლიტიკოსი ეიმედება. პროპაგანდა ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის აღდგენად ასაღებს ოლიგარქის დეპუტატების ვაშინგტონში ვიზიტს. რეალურად კი მათი მასპინძელი კონსპიროლოგი უკრაინის წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკოსია, კრემლთან მჭიდრო კავშირებით“.
„ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების გზას უხშობს და დეზინფორმაციას კიდევ უფრო აძლიერებს, რომ საკუთარი დანაშაული ისევ ევროპას გადააბრალოს. ქართული ოცნების წარმომადგენლები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ეს შედეგი ევროპის ორმაგი მიდგომების გამო დადგა და არა მათი პოლიტიკის გამო, რაც ცხადად ფასდება, როგორც დემოკრატიისგან და ევროპული ღირებულებებისგან გადახვევა. ამ დეზინფორმაციისთვის რეჟიმს ძალისხმევის გაძლიერება კიდევ უფრო სჭირდება იმ ფონზე, როცა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები უკვე რეალურად იხსნება… “.
„… ამ შეძახილებსაც კი ირანის პარლამენტში ირაკლი კობახიძე უპრობლემოდ ისმენდა და ტერორისტების გვერდითაც იდგა“ და სხვა.
კომუნიკაციების კომისია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების მხრიდან ამ სიტყვებისა და ფრაზების გამოყენება „ორგანოების/ინსტიტუციების საქმიანობის მიმართ მაუწყებლის მოსაზრებისა და პირადი დამოკიდებულების გამოხატვას წარმოადგენს. ამდენად, სახეზეა, მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება, რითაც ადგილი აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საგანგაშოა კომუნიკაციების კომისიის ხელში მაუწყებლების შინაარსობრივი რეგულირების ბერკეტის არსებობა და აღნიშნულის საფუძველზე, მათთვის ფინანსური სანქციების დაწესებისა და ლიცენზიის შეჩერების უფლების მინიჭება.
„მით უფრო, როდესაც საქართველოში მყარად დამკვიდრებული და აშკარად გამოკვეთილი სახელმწიფოს მიტაცების ფონზე, წლებია, კომისია „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალური და მასთან დაკავშირებული კომისიონერებით არის დაკომპლექტებული (კომუნიკაციების კომისიის წევრების შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს) და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს მმართველი გუნდის ინტერესების გატარებისა და მიკერძოების თვალსაზრისით.
კომუნიკაციების კომისია არ უნდა ოპერირებდეს ცენზორის პოზიციიდან და ის არ უნდა იყოს გამოყენებული კრიტიკული მაუწყებლების დასჯის მექანიზმად. ხოლო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სადავო საკითხები თვითრეგულირების მექანიზმების ფარგლებში უნდა იხილებოდეს.
სწორედ ამ უკანასკნელის წახალისება და ხელშეწყობა უნდა იყოს კომუნიკაციების კომისიის მთავარი მიზანიც და არა „ქართული ოცნების“ ინტერესების სამსახურში ჩადგომა და მაუწყებლების დასჯა მმართველი პარტიის წარმომადგენლების კრიტიკისა და მხილებისთვის“ – წერს ორგანიზაცია.