63 წლის წინ, ქორწინებამდე, თამარ გოგიტიძემ პირობა ჩამოართვა საქმროს, რომ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებოდა. თუ არა და, ქორწინებაზე უარს იტყოდა. მაშინ ის 20 წლის იყო, მისი მომავალი ქმარი – 31-ის.
„რატომ?“ – ვკითხეთ მას.
„იმიტომ, რომ სწავლა მინდოდა ძალიან. ჩემი ოცნება იყო, რომ მესწავლა“, – გვითხრა თამარმა, რომელიც ამ ოცნების ასრულების შემდეგ, 55 წლის განმავლობაში, თავად ასწავლიდა სხვებს.
გვითხრა, რომ კირნათის საჯარო სკოლაში მუშაობის განმავლობაში ამ სოფლის შვიდი თაობა აღზარდა, როგორც დამრიგებელმა და მათემატიკის მასწავლებელმა.
„რატომ გინდოდათ სწავლა?“ – ჩავეკითხეთ მას კიდევ ერთხელ.
„მე დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ ვისწავლიდი, კარგი ცხოვრება მექნებოდა. ბავშვობიდან, ჩვენი მშობლებისგან ასე ვიყავით ინფორმირებული“, – გვეუბნება თამარი.
ის გვიყვება, რომ მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა – 7 და-ძმა ჰყავდა. გაიზარდა სიღარიბეში, მაგრამ იმ შეგნებით, რომ თუ ისწავლიდა, მომავალში უკეთესი ცხოვრება ექნებოდა.
„უწინ ძალიან გაჭირვება იყო. ახლა რომ ტანსაცმელი გვაქვს, საჭმელი, წასვლა-მოსვლა შეგვიძლია, ასე კი არ იყო მაშინდელი ცხოვრება?! ჩემს ოჯახში ასე არ იყო. მე და ჩემი და ფეხით გავდიოდით 5 კილომეტრს სასწავლებლამდე“, – გვიყვება თამარი.
83 წლის ქალის ამბობს, რომ განათლება და სამსახური ქალისთვის საკუთარი შემოსავლის მიღების საშუალებაა, რომელიც მის ფინანსურ დამოუკიდებლობას უზრუნველყოს. თამარ გოგიტიძე ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქალს ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი და არ იყოს დამოკიდებული ოჯახის წევრებზე, მაგალითად, ქმარზე. ის ამას საკუთარ მაგალითზე ასწავლის შვილიშვილებს.
ქალისთვის განათლებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე საუბარს თამარ დედის გახსენებით იწყებს.
„დედაჩემი არ იყო განათლებული ქალი, მაგრამ წერა კითხვა-იცოდა. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება იყო მაშინ და იმათ ასწავლეს. იმდენი იცოდა, რომ 1-ელ კლასში ჩვენ [შვილებს] გვეხმარებოდა – წაკითხვა, ასოების დაწერა და ა.შ.
ჩემი გაგებით ქალის მცირედი ხელფასიც ძალიან ძვირფასია, რომ არ იყო ქმარზე დამოკიდებული. ესე იგი, ერთმანეთს გვერდით უდგახართ. რა თქმა უნდა, ქმარმაც არ უნდა გაფლანგოს და უნდა შემოიტანოს ოჯახში, მაგრამ ქალი რომ ხელფასს აიღებს, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. მე ჩემს შვილიშვილებსაც ამას ვეუბნები“, – ამბობს თამარ გოგიტიძე.
- ქორწინება გარიგებით
თამარ წითელაძე ქედაში, სოფელ ოქტომბერში დაიბადა. მეშვიდე კლასამდე სწორედ ამ სოფლის სკოლაში დადიოდა, შემდეგ კი სწავლა გააგრძელა ქედის ტექნიკურ სასწავლებელში. იქ საშუალო განათლებასთან ერთად დაასრულა ზოოტექნიკური ფაკულტეტი.
როგორც ამბობს, ბავშვობიდან მასწავლებლობა უნდოდა, ამიტომ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას სწორედ ამ მიმართულებით გეგმავდა. თუმცა, ამ პერიოდში ის შუამავლის საშუალებით შეხვდა თავის მომავალ ქმარს, რეჯებ წითელაძეს. შუამავალი, ანუ ე.წ. მაჭანკალი იყო მისი ბიცოლა, რომელიც მომავალი ქმრის ოჯახსაც ენათესავებოდა.
„მაჭანკლობით [დავქორწინდი]. ბიცოლაჩემი იყო მაჭანკალი. ბიძამ და ბიცოლამ გამომარჩიეს მათი ნათესავისთვის. ბიცოლაჩემის ნათესავი იყო ჩემი ქმარი. შეხვედრა 1-2-ჯერ მოხდა. რა თქმა უნდა, უფროსები გვახლდნენ.
არ იყო წინააღმდეგობა. პატარა ვიყავი, მაგრამ კარგი ქმრის გვერდით არ გამჭირვებია. რა ვიცი, სხვა შეყვარებული არ მყოლია. ვინც გამოჩნდა და ვისაც გავყევი ცოლად, მე ის მომწონდა და მიყვარდა კიდეც“, – გეუბნება თამარ გოგიტიძე.
ამბობს, რომ ქმარი მის პირობას დასთანხმდა. თუმცა, საქმე ამით არ ამოწურულა. მთავარი იყო ნებართვის მიღება ქმრის მშობლებისგანაც – თამარ გვიხსნის, რომ ადრე ოჯახში მსგავს გადაწყვეტილებებს ოჯახის უფროსები იღებდნენ.

„ქორწინებამდე პირობა იყო ასეთი, რომ მე გავყვებოდი იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესში მომაწყობდნენ. ჩემი პირობა იყო ასეთი, მაგრამ დამთანხმდებოდნენ თუ არა არ ვიცოდი. ქმარი კი იყო თანახმა, მაგრამ მთავარი იყო დედამთილი და მამამთილი. მაშინ ოჯახში გადამწყვეტი პიროვნება იყო ოჯახის უფროსი – მამამთილი.
განათლება არც ჩემს დედამთილს ჰქონდა, მამამთილს კი თურქეთში ჰქონდა დამთავრებული მუსლიმური სასწავლებელი. ის დათანხმდა, რომ მესწავლა უმაღლესში – თუ ჩააბარებს, წავიდეს და ისწავლოსო. 1964 წელს გავთხოვდი და 1965 წელს მოვეწყე ბათუმის პედაგოგიურ სასწავლებელში მათემატიკის ფაკულტეტზე.
მე უნივერსიტეტის გზაც არ ვიცოდი. ქმარმა მიმიყვანა პირველად, დავწერეთ განცხადება და ჩავირიცხე დაუსწრებელ ფაკულტეტზე. დაუსწრებელი სასწავლებელი იყო მაშინ, მაგრამ საკმაოდ რთული იყო. მერე შვილიც გამიჩნდა. მერე მეორეც გამიჩნდა – სტუდენტობის პერიოდში. თუმცა, დედამთილი მეხმარებოდა, უვლიდა“, – გვიყვება თამარ გოგიტიძე.
ის მადლიერია როგორც დედამთილის, ისე ოჯახის სხვა წევრების. მისი თქმით, თუ ოჯახში როლები განაწილდება და ერთმანეთის მიმართ ყველა ურთიერთპატივისცემით იქნება განმსჭვალული, ცხოვრებაც უფრო მარტივი იქნება. ამას ის საკუთარი გამოცდილებით ამბობს: გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოჯახში 16 ადამიანი ცხოვრობდა ერთად – დედამთილ-მამამთილი და 4 ძმა, თავიანთი ცოლ-შვილით.
„მოვედი მრავალსულიან ოჯახში. მყავდა დედამთილი, მამამთილი, ორი დასაქორწინებელი ძმა ჰყავდა ჩემს ქმარს და 1 იყო დაქორწინებული – ჰყავდა ცოლი და სამი შვილი. ვცხოვრობდით ყველანი ერთად. მერე ის პატარებიც დაქორწინდნენ და ოთხი შვილი, ოთხი რძალი ერთად ვცხოვრობდით. სახლი საკმაოდ დიდი იყო და ყველა ვეტეოდით. ყველას თავისი ოთახი ჰქონდა, მაგრამ ერთად ვჭამდით და ერთად კეთდებოდა საჭმელი.
ეკონომიური მდგომარეობის გამო ვერ ნაწილდებოდნენ და ერთად ვცხოვრობდით. რამე წინააღმდეგობა არ ყოფილა. ურთიერთპატივისცემა და კარგი დამოკიდებულება სუფევდა ოჯახში. არ იყო იმდენად რთული. მეც ახალგაზრდა ვიყავი“, – გვიყვება თამარი.
ამბობს, რომ ოთხ რძალს შორის ერთადერთი იყო, ვისაც საოჯახო საქმე უნდა შეეთავსებინა სწავლასა და სამსახურთან. თუმცა, ეს ორმხრივი ხელშეწყობის საფუძველზე ხდებოდა – საშინაო საქმეებს მეტწილად სხვა რძლები ინაწილებდნენ, სამაგიეროდ თამარი მუდმივად ცდილობდა საკუთარი ხელფასი გაენაწილებინა.
„მე ვიყავი სახლიდან გასული, სამსახური მქონდა, თორემ დანარჩენი რძლები სახლში იყვნენ. ისინი ბაღჩაშიც ჩადიოდნენ, ჩაისაც კრეფდნენ, დახვნა, დათესვა, პირუტყვის მოვლა და ა.შ. ყველაფერს აკეთებდნენ, მაგრამ, მე თუ რამე შემოსავალი მქონდა, თუ რამეს შევიძენდი, აუცილებლად ყველას რაღაცას ვარგებდი. პატივს ვცემდი თავიდან ბოლომდე.
თუ არ გყავს ისეთი ადამიანი, რომელიც შენ შვილს შეხედავს, კი ვერ იმუშავებ?! ამიტომ, შენც უნდა იზრუნო იმ ადამიანზე – დედამთილი იქნება თუ შილი [მაზლის ცოლი]. შენს შვილს რომ დაბანს, აჭმევს, დააძინებს … ეს პატარა საქმე კი არაა?! შვილების გაზრდა ძალიან რთული საქმეა“, – გვეუბნება თამარი.
ბავშვის აღზრდა რომ რთული საქმეა, თამარ გოგიტიძემ ძალიან კარგად იცის. გარდა იმისა, რომ მასწავლებელია და თითქმის მთელი სოფელი მისი ყოფილი მოსწავლეა, ჰყავს 5 შვილი, 11 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი.
მას ვკითხეთ, როგორ შეიცვალა ქორწინების პრაქტიკა და ოჯახური ურთიერთობები. 83 წლის ქალი ამბობს:
„მე რძლები მოვიყვანე ყველა თანხმობით და მათი შეხედულებით. თვითონ გადაწყვიტეს დაქორწინება და არ ჩავრეულვარ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვზრუნავდით – ქორწილებიც გავაკეთეთ, ძველებურად „ბოღჩა-ნიშანს“ რომ იტყვიან, ისიც ნაყიდი მაქვს… რაც შეეხება შვილიშვილებს, მე ბებია ვარ და არავითარ წინააღმდეგობას მე არ გავწევ. ისინი შეძლებენ გადაწყვიტონ ისე, როგორც საჭიროა.
ჩემს პერიოდში [ახალგაზრდობაში] ძალიან მორიდებული უნდა ყოფილიყავი. ქმარიც ძალიან თავდაჭერილი იყო. ოჯახში, სუფრაზეც კი არ დავსხდებოდით ერთმანეთის გვერდით. სირცხვილად მიგვაჩნდა. ასე ვიყავით გაფრთხილებული უფროსებისგან, რომ მაინცდამაინც სიახლოვე, სიყვარული არ უნდა გამოგვემჟღავნებინა. თითქოს უცხოები ვიყავით ერთმანეთისთვის. ახლა პირიქითაა.
კარგია ახლა, მომწონს თანამედროვე პერიოდში რომ ესიყვარულებიან ერთმანეთს, ეფერებიან, ზრუნავენ ერთმანეთზე [ცოლ-ქმარი]. ძალიან დიდ კმაყოფილების გრძნობას იწვევს ეს ჩემში“, – გვეუბნება თამარ გოგიტიძე.
საოცნებო პროფესიას თავი 7 წლის წინ, 76 წლის ასაკში დაანება.
„დრო იყო უკვე“, – გვითხრა ოდნავ სინანულშეპარული ხმით, თუმცა ამბობს, რომ საქმე ახლაც ბევრი აქვს: ზრუნავს ოჯახზე, შვილებსა და შვილიშვილებზე, შინაურ ცხოველებზე და ა.შ. ამბობს, რომ სხვებზე ზრუნვა სიამოვნებს და აპირებს ასე გააგრძელოს იქამდე, სადამდეც შეძლებს.
„მე რომ უკან დასაბრუნებელი გზა მქონდეს, ისევ ამ ცხოვრებით ვივლიდი. სხვა ცხოვრება ვერ წარმომიდგენია“, – გვითხრა ინტერვიუს ბოლოს 83 წლის ქალმა.
თამარ გოგიტიძის ოჯახი სტალინური რეპრესიების მსხვერპლი იყო. ამის შესახებ პედაგოგის მონათხრობს შეგიძლიათ მოუსმინოთ შემდეგ ბმულზე:
