ბათუმისთვის სიცხის მიმართ მდგრადობის სტრატეგიის [Heat Resilience Strategy – HRS] შემუშავების მომსახურებაზე ქალაქის მერიამ 51 ათასი ლარით ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერს თან ახლავს ტექნიკური დავალება, რომლის მიხედვითაც მიზანი „ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის პრაქტიკულად გამოყენებადი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და განხორციელებაზე ორიენტირებული სიცხის მიმართ მდგრადობის სტრატეგიის შემუშავებაა.

სტრატეგია „LANDLAB-ის მიერ განხორციელებული UHI-ისა და სითბური სტრესის შეფასების, მომზადებული რუკების, ბათუმში ჩატარებული თერმული კვლევის (Thermal Walk) შედეგებისა და სხვა სანდო მონაცემების საფუძველზე გააანალიზებს ქალაქის სიცხის რისკს, თერმულ დისკომფორტს, ექსპოზიციასა და მოწყვლადობას;

განსაზღვრავს პრიორიტეტულ ტერიტორიებსა და მოსახლეობის/სერვისების მოწყვლად ჯგუფებს;

შეიმუშავებს მწვანე, ლურჯ და სხვა ურბანული გაგრილების ღონისძიებებს, მათ შორის ბუნებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს (Nature-based Solutions – NbS)

დაადგენს მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პრიორიტეტებს, პასუხისმგებელ სუბიექტებს, შესაძლო დაფინანსების წყაროებსა და შესრულების ინდიკატორებს;

უზრუნველყოფს რეკომენდაციების დაკავშირებას ბათუმის მოქმედ და დაგეგმილ მუნიციპალურ პოლიტიკებთან, სივრცით/ურბანულ დაგეგმარებასთან და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროცესებთან.“

ზემოთ აღნიშნული ტენდერის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ „ბათუმში ჩატარებული თერმული კვლევების შედეგები მიუთითებს მაღალი სითბური სტრესის
პერიოდებზე.

„სტრატეგიული დაგეგმვის გზამკვლევში“ (Pathway Planning Guide) წარმოდგენილი ანალიზის მიხედვით, ერთ-ერთ საკვლევ დღეს ბათუმში დაფიქსირდა HS4 [ძალიან ძლიერი სიცხე] ან უფრო მაღალი თერმული სტრესის დონეები მარშრუტის მრავალ მონაკვეთზე, ხოლო სხვა დღეებში ძირითადად HS3 [ძლიერი სიცხე] დონე ჭარბობდა.

შესაბამისად, აღნიშნული პროექტული შედეგები უნდა იქნეს გამოყენებული როგორც სტრატეგიის საწყისი მტკიცებულებითი ბაზა და არ უნდა მოხდეს უკვე შესრულებული კვლევების დუბლირება“.

აქ აღსანიშნავია, რომ ბათუმს დღემდე არ დაუმტკიცებია ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა.

ამ თემაზე ვრცლად: რატომ არ აქვეყნებენ ბათუმის გენგეგმის სგშ-ს საჯარო განხილვის თარიღს – მერია და სააგენტო კანონს არღვევს

ქალაქში უსისტემო და გენგეგმის გარეშე მიმდინარე მშენებლობები კი პირდაპირ კავშირშია ე.წ. „თერმულ სტრესთან“. უსისტემო მშენებლობებმა ქალაქს ბუნებრივი ვენტილაცია წაართვა.

სპეციალისტების თქმით ბათუმის ბუნებრივი „კონდიციონერი“ ზღვიდან მომავალი ნიავი იყო, თუმცა, სანაპირო ზოლში აშენებულმა ცათამბჯენებმა ქალაქის სიღრმეში ჰაერის მოძრაობა ჩაახშო.

ბეტონი, ასფალტი და მინა მთელი დღის განმავლობაში მზის სითბოს იწოვენ და გარშემო ასხივებენ. მწვანე საფარის ნაკლებობის გამო კი ეს სითბო ვერსად მიდის. ისედაც ტენიან ბათუმში, როდესაც უქარობა [თუნდაც შენობების გამო] და მაღალი ტემპერატურა ერთმანეთს ემთხვევა, იქმნება ე.წ. „საუნის ეფექტი“, რაც ორგანიზმისთვის ყველაზე მძიმე ასატანია.

ამ ყველაფრის პარალელურად, იმის მომიზეზებით, რომ „ძნელი მოსავლელი და დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული“, ბათუმის მერიამ ქალაქის ათობით ქუჩაზე ქვაფენილი აყარა და ბეტონი დააგო.

მერიამ, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს ხარჯავს, წვიმის დროს ქალაქის ქუჩების დატბორვის პრობლემაც ვერ მოაგვარა.

რაც შეეხება „ბათუმისთვის სიცხის მიმართ მდგრადობის სტრატეგიის შემუშავებაზე“ გამოცხადებულ ტენდერს – წინადადებების მიღება 2026 წლის 10 ოქტომბერს დაიწყება და 12 ოქტომბერს დასრულდება.

პირობის მიხედვით „მომსახურების შესრულების საერთო ვადა: ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2026 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდია.

მერიის ინფორმაციით, სიცხის მიმართ მდგრადობის სტრატეგიის შემუშავება იმ პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის სახელწოდებაა „მწვანე ურბანული მდგრადობა“ [Green Urban Resilience].

„პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის თანადაფინანსებით, Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის (Interreg NEXT Black Sea Basin Programme 2021–2027) ფარგლებში“. – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტებში.

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version