14 არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული შესაძლო სექსუალური ძალადობა პატიმარ გიორგი დავითაძეზე.
„ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერი ორგანიზაციები, მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე, რომელთა თანახმადაც, 2025 წლის 21 დეკემბერს გიორგი დავითაძე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან სექსუალური ძალადობის, მათ შორის გაუპატიურების, მსხვერპლი გახდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული ვიდეოკადრები და განმარტება, რომ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მას ჩაუტარდა შემოწმება-დათვალიერება, ვერ ჩაითვლება ამ მძიმე ბრალდებებზე სათანადო პასუხად.
პირიქით, გავრცელებული მასალა კიდევ უფრო მკაფიოდ აჩენს კითხვას იმის შესახებ, თუ რა მოხდა დეესკალაციის საკანში და რა მოქმედებები განახორციელეს იქ მყოფმა პენიტენციურმა თანამშრომლებმა“ – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ პასუხობს არაერთ არსებით კითხვას. ეს კითხვებია:
რა კონკრეტული საფუძვლით გახდა საჭირო გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანა;
რა კონკრეტული ქმედება უძღოდა წინ მის გადაყვანას;
იყო თუ არა მისი დეესკალაციის საკანში მოთავსება აუცილებელი და პროპორციული ღონისძიება;
რატომ გახდა საჭირო მის საკანში დაახლოებით ათი თანამშრომლის შესვლა;
ვინ იყვნენ აღნიშნული თანამშრომლები და რა მოქმედებები განახორციელა თითოეულმა მათგანმა;
წარმოადგენს თუ არა გავრცელებული ვიდეო 2025 წლის 21 დეკემბრის შესაბამისი ეპიზოდის/ეპიზოდების სრულ და უწყვეტ ჩანაწერს;
დაცულია თუ არა ჩანაწერის ორიგინალი და შესაძლებელია თუ არა მისი ავთენტურობისა და უწყვეტობის დამოუკიდებლად შემოწმება;
არსებობს თუ არა სხვა კამერების ჩანაწერები, რომლებიც სრულად ასახავს გიორგი დავითაძის გადაადგილებასა და მასთან მოპყრობას აღნიშნულ პერიოდში.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა ვერ ჩაანაცვლებს დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, როდესაც არსებობს სერიოზული და დასაბუთებადი ბრალდება წამების ან სხვა მძიმე არასათანადო მოპყრობის შესახებ, სახელმწიფოს ეკისრება სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება. ასეთ დროს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა შესაბამისი მტკიცებულებების მოსაპოვებლად და არ უნდა დაეყრდნოს ნაჩქარევ ან უსაფუძვლო დასკვნებს. სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების შესახებ ბრალდებების შემთხვევაში ეს მოთხოვნები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ამ საქმეში დამატებით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გიორგი დავითაძისა და მისი ოჯახის წევრების განცხადებები მიუთითებს პენიტენციური სამსახურის კონკრეტულ თანამშრომლებზე, მათ შორის, კონკრეტულ თანამდებობის პირებზე, რომლებმაც, მათი მტკიცებით, შესაძლოა გასცეს ან შეასრულეს ძალადობასთან დაკავშირებული ბრძანებები. ამ ბრალდებების დადასტურება ან უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ სრულყოფილი, დამოუკიდებელი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გამოძიების შედეგად.
თუ გიორგი დავითაძის მიმართ აღწერილი ქმედებები დადასტურდა, საქმე განხილულ უნდა იქნას, არა მხოლოდ, სექსუალური ხასიათის მძიმე დანაშაულის კვალიფიკაციის ქვეშ, არამედ, ეს იმთავითვე უტოლდება წამების აკრძალვის საწინააღმდეგო მოპყრობას სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მყოფი პირის, პატიმრის, მიმართ,რაც საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის აქტებით აბსოლუტურად აკრძალული ქმედებაა.
ამასთან, დაუშვებელია გამოძიების დასრულებამდე სახელმწიფოს რომელიმე ორგანომ თავად გადაწყვიტოს, რომ ბრალდებები „სრული სიცრუეა“. სწორედ ეფექტიანი გამოძიების მიზანია იმის დადგენა, რა მოხდა სინამდვილეში“ – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციები მოითხოვენ:
დაუყოვნებლივ ჩატარდეს გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ფაქტების სრულყოფილი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება;
სრულად იქნეს დაცული და გამოძიებისთვის, აგრეთვე გიორგი დავითაძის დამცველებისთვის, ხელმისაწვდომი გახდეს 2025 წლის 21 დეკემბრის ყველა ვიდეოჩანაწერი, მათ შორის, კამერების ორიგინალი და უწყვეტი ჩანაწერები, აგრეთვე მათი ავთენტურობისა და მთლიანობის დამადასტურებელი ტექნიკური მონაცემები;
დადგინდეს ყველა იმ თანამშრომლის ვინაობა, რომლებიც მონაწილეობდნენ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანასა და იქ მის მიმართ განხორციელებულ მოქმედებებში, და გამოიკითხონ ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად;
უზრუნველყოფილ იქნეს გიორგი დავითაძის სრული სამედიცინო და სასამართლო-სამედიცინო შემოწმება დამოუკიდებელი სპეციალისტების მიერ და დაცული იქნეს ყველა შესაბამისი სამედიცინო, ექსპერტიზის, ვიდეო და სხვა მტკიცებულება;
უზრუნველყოფილ იქნეს გიორგი დავითაძის, მისი ოჯახის წევრებისა და შესაძლო მოწმეების დაცვა ნებისმიერი ზეწოლის, დაშინების ან შურისძიებისგან;
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოირიცხოს სავარაუდო ძალადობაში შესაძლო მონაწილე პირთა მიერ მტკიცებულებებზე ზემოქმედების ან გამოძიების მიმდინარეობაზე გავლენის შესაძლებლობა;
დადგინდეს არა მხოლოდ უშუალო შემსრულებელთა, არამედ იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც, რომლებმაც შესაძლოა გასცეს შესაბამისი ბრძანება, იცოდნენ სავარაუდო ძალადობის შესახებ ან სათანადოდ ვერ უზრუნველყვეს მისი პრევენცია და გამოძიება.
„პატიმრის მიმართ წამება, სექსუალური ძალადობა ან ნებისმიერი სხვა ფორმის არასათანადო მოპყრობა, მისი დადასტურების შემთხვევაში, ვერ იქნება გამართლებული დისციპლინური დარღვევით, თანამშრომლების შეურაცხყოფით, დაუმორჩილებლობით ან სხვა გარემოებით.
თუ გამოძიებით დადასტურდება გიორგი დავითაძის მიმართ მძიმე ძალადობის ფაქტი ან პენიტენციური სისტემის წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, უნდა დადგეს როგორც სამართლებრივი, ისე შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობისა და იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობის ჩათვლით“ – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; დემოკრატიის მცველები; საქართველოს მომავლის აკადემია; პრევენცია პროგრესისთვის; ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI); საქართველოს ევროპული ორბიტა; დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); საფარი; სამოქალაქო საზოგადოების ფონდი; სოციალური სამართლიანობის ცენტრი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი.
- რა ხდება?
პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს.
დავითაძის მიერ სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენების აუდიოჩანაწერი „ტვ პირველმა“ ტელეგრამ არხებზე მითითებით გაავრცელა.
„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს — თითით, ხელით. ვამბობ აქედან, ოჯახის თანდასწრებით. ბატონო მოსამართლე, ჩანს, როგორ აკეთებს ამ მოძრაობას ჩემს საჯდომთან. ამ დროს მატყუებს, რომ თითქოს აქვს შარვალი ჩახდილი, მაგრამ თითი აქვს შეყოფილი. ამაზე მეტი კაცს რა უნდა გაგიკეთონ. გამაუპატიურა 10-მა კაცმა, ბადრაგი ესწრება და ჩანს კამერაში ყველაფერი. კამერების ქვეშ აკეთებენ ყველაფერს, ისე დგანან, რომ არ გამოჩნდეს, მაგრამ ვერ ფარავენ მაინც“, — ამბობს დავითაძე.
მისი თქმით, ექსპერტიზების მოთხოვნის შემდეგ, მასზე წარმოუდგენელი ზეწოლა დაიწყო. პატიმარი ამბობს, რომ სუიციდის მცდელობა ჰქონდა, რის შემდეგაც მასთან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი შევიდა.
„კაცს ვუყვები, გამაუპატიურეს-მეთქი. თავს ხრის სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, პირში მეუბნება, დააპაუზეთ კადრები… რატომ არ ირთვება დეესკალაციაში ხმა — „მოტყ…ლს“, „ქათამს“, „დღეიდან ნახმარი ხარ“ რომ მეძახიან. სუიციდის მცდელობა მქონდა, იმიტომ, რომ როგორია, ისევ იმ ბადრაგებს უყურო, რომლებმაც გაგაუპატიურეს“, — ამბობს პატიმარი სასამართლოზე.
მსჯავრდადებულმა მოსამართლეებს უთხრა, რომ დაიწყებს შიმშილობას, თუ შესაბამისი ბადრაგები პასუხისგებაში არ იქნებიან მიცემული. მოსამართლეებმა შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს მიმართეს და ჰკითხეს, დაწყებულია თუ არა გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე. პროკურატურამ მოსამართლეებს დაუდასტურა, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.~
გიორგი დავითაძე თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის შვილია. ავთანდილ დავითაძე 2014 წელს თბილისის საკრებულოში “კოალიცია “ქართული ოცნების” სიით შევიდა და იქ ფრაქცია „ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის“ წევრი იყო.
ამავე თემაზე:
„ოცნების“ კოალიციის ყოფილი დეპუტატის თქმით, ციხეში მის შვილზე ძალადობენ