ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოს სკოლაში წელს არც ერთი ბავშვი არ მისულა. სკოლამ სასწავლო წელი ფაქტობრივად ვერ განაახლა, რადგან სკოლას მოსწავლე აღარ ჰყავს.
მიუხედავად ამისა, სკოლა ინარჩუნებს ადმინისტრაციას. ინფორმაცია „ბათუმელებს“ ორმა ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა.
გასულ წელს თაგოს სკოლაში 12 მოსწავლე სწავლობდა. ისინი მშობლებმა სხვა სკოლაში გადაიყვანეს.
ფაქტი დაგვიდასტურა ასევე ხულოს საკრებულოს წევრმა „ლელოდან“, რომან ქედელიძემ. ის მიიჩნევს, რომ სოფლიდან მიგრაციის პროცესს ხელი შეუწყო თაგოს საბაგირო გზის გაჩერებამ:
„შემოვლითი გზაც არის პრობლემური და რთული, უჭირს ხალხს და გარბის, დაგვეცალა სოფლები“ – გვითხრა მან.
სოფელი თაგო მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს მდებარეობს, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე. სოფელი საბაგირო გზით უკავშირდებოდა დაბა ხულოს, თუმცა საბაგირო უკვე მესამე წელია გაჩერებულია.
ხულო-თაგოს საბაგირო გზა სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილს იკავებდა. უსაყრდენო საბაგირო გზის სიგრძე 1720, ხოლო სიმაღლე 280 მეტრი იყო. საბაგირო ხულოს ცენტრიდან სოფელ თაგოში მისასვლელად გზის შემოკლების ერთადერთი საშუალება იყო, საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჰქონდა ასევე ტურისტული დანიშნულება.
საბაგიროს მეშვეობით დაბა ხულოსთან დაკავშირება 8 წუთში იყო შესაძლებელი.