„პატარა ჩიხია, სადაც 7 ოჯახი ვცხოვრობთ. ძალიან ვიწრო შემოსასვლელი გვაქვს და ამ ვიწრო ჩიხში ყოველ საღამოს საქორწილო მანქანების კოლონა რომ მოაწვება, სახლებში ვეღარ შევდივართ.
ავტომანქანებს გვიჩერებენ სახლთან, სახლის წინ, შესასვლელ კარებთან. მერე მიდის გინება, პატრული გამოვიძახეთ და არ შველის. სახლთან მოდიან მთვრალი კაცები და ხან აქ მიაშარდავენ და ხან იქ, გაგვიკეთეს ტუალეტი სახლებთან.
გუშინწინ ისეთი ჩხუბი იყო, ჩემი შვილიც კი ჩაერია და ყველა თავის ოჯახს უფრთხილდება, ხომ?! მეუღლე ჰიპერტონიკი მყავს და ყოველ მეორე დღეს სასწრაფო რატომ უნდა დამჭირდეს.
სულ ჩხუბი, სულ გამიშვი-დამაკავე, სულ დედის გინება, აწყობენ დრიფტებს და ისმის წრიპინი, კივილი, რეზინის ნამწვი შემოდის ფანჯრებში და არ გვძინავს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმში, ოლთისის ჩიხში მცხოვრები დალი შალიკაძე, რომლის მეზობლადაც სარიტუალო დარბაზი „ლიდერ პალასია“ გახსნილი და რეგულარულად ქორწილი იმართება.
გარდა გზის ჩახერგვისა, მოსახლეობა საუბრობს ფეიერვერკების ხმაურზეც, რომელიც ყოველ ღამით მათი სახლების წინ ფეთქდება.
„ამ ხმაურმა ჩემი შვილიშვილი შეაშინა და მეტყველების პრობლემა შეექმნა, ახლა ფსიქოლოგთან დაგვყავს“, – ამბობს დიანა ბოლქვაძე, რომელიც ამავე ჩიხში ცხოვრობს.
„დიდი ხანია ამ ქუჩაზე ვცხოვრობთ, ღია ეზო მაქვს, ბავშვები გვყავს და გარეთ ვერ გამოგვიშვია. ფეიერვერკებით ვწუხდებით, ჩხუბით ვწუხდებით. ამას ემატება ჩემი სახლის წინ პენოპლასტების ცეხი, რომლისგანაც საშინელი სუნი გამოდის და ვეღარ ვსუნთქავ, ვიხრჩობი.
არ ვიცი აქვთ თუ არა რეგულაციები დაცული, მაგრამ ფაქტია, რომ ეზოში ვერ ვსუნთქავთ. საამქროს კარი სულ ღიაა და პენოპლასტის მტვერი გარეთ გამოდის, მანქანა მიყენია ეზოში და სულ დასვრილია საამქროს მტვრით, ვერ გაივლი ეზოში, ყველგან საამქროს ნარეცხია.
უნდა გადაეტანათ ცეხი და არ გადაიტანეს. მოკლედ, ყველა მხრივ შეწუხებული ვართ“, – ამბობს დიანა ბოლქვაძე.
ამავე ჩიხში ცხოვრობს რაისა ღოღობერიძეც.
„ექვსი ბავშვი ცხოვრობს ამ ეზოში და მათი უსაფრთხოება არ არის დაცული. ინსულტიანი მყავს მეუღლე და ამხელა ფეიერვერკები რომ სახლს აქანებს, ფეთქდება, ეს ხომ მოქმედებს ჩვენზე. ნამწვის ნარჩენები თავზე გვეყრება ყოველ ღამე. ბავშვებს ძილი ერღვევათ.
გამოდიან დარბაზით ხმაურით, წივილ-კივილით, ახტებიან ღობეზე, მიმტვრევენ. ასეთ გარემოში, როგორ ვიცხოვროთ.
ამიტომ, დააყენონ დაცვა, უზრუნველყონ წესრიგი, სიმშვიდე და ჩვენც მშვიდად ვიქნებით და ისინიც ნორმალურად იმუშავებენ. არის აქ სხვა სარიტუალო დარბაზიც, მაგრამ არ ისვრის ფეიერვერკებს. ამასაც შეუძლია, რომ არ გამოიყენოს და არ დაარღვიოს ჩვენი ოჯახების სიმშვიდე და უსაფრთხოება“, – გვეუბნება რაისა ღოღობერიძე.
მეზობლები აფეთქებული ფეიერვერკის ნარჩენებსაც გვაჩვენებენ, რომელიც მათ ეზოებში ცვივა.

„აი, ეს არის მტკიცებულება. ასეთ ნარჩენებს ყრია ეზოებში, მანქანებზე, ყველგან და შეიძლება თვალში მოხვდეს ვიღაცას“, – ამბობს დალი შალიკაძე.
მეზობლების თქმით, „ლიდერ პალასის“ მეპატრონემ მომიჯნავედ მიწას იყიდა და მოსახლეობას დაჰპირდა, რომ დარბაზში ალტერნატიულ შესასვლელს გააკეთებდა.
„მოგვატყუა და არანაირი შესასვლელი არ გააკეთა და გვაქვს აგერ ვიწრო შესასვლელ-გამოსასვლელი. ვერც ბავშვები თამაშობენ, ვერც ხალხი გამოვდივართ ეზოში მშვიდად. თუ არ შეცვლის პროექტს და არ გადაწყვეტს ამ პრობლემას ნორმალურად, გადავკეტავთ გზას და ვერცერთ ქორწილს ვეღარ ჩაატარებს“, – ამბობენ მეზობლები.
ვესაუბრეთ მირზა რიჟვაძესაც, რომელმაც გვითხრა, რომ „ლიდერ პალასის“ მენეჯერია. ის ამბობს, რომ გზა სახელმწიფოსია და ყველას ეკუთვნის. იგი არ იზიარებს მოსახლეობის შენიშვნებს ხმაურსა და დისკომფორტთან დაკავშირებით.
„24 საათში შეიძლება შეიქმნას 15-წუთიანი საცობი. როცა მაყრიონი მოდის მაშინ არის ხოლმე ეს საცობი.
რაც შეეხება ხმაურს, ჩხუბი იყო და მოვაგვარეთ, ფეიერვერკი 10:00 საათის შემდეგ არ არის და არც მუსიკის ხმა გამოდის გარეთ. კერძო საკუთრებაში, ჩემს მიწაზე ვისვრი და ყველა რეგულაცია მაქვს დაცული. ამ ეტაპზე არ მაქვს არაფერი შესაცვლელი“, – ამბობს მირზა რიჟვაძე.
„ბათუმელებმა“ სცადა ეზოში არსებული საამქროს წარმომადგენელთან გასაუბრებაც, რომელიც შეეცადა, რომ ხელი შეეშალა ჩვენთვის მუშაობაში. „დატოვე ტერიტორია და გადი გარეთ“, – თქვა კაცმა, რომელმაც ვინაობა არ დაასახელა.
მისი თქმით, თუ რაიმე პრობლემა არსებობს, თავად გაარკვევს მოსახლეობასთან.
ოლთისის ჩიხში მცხოვრებმა მოქალაქეებმა გვითხრეს, რომ ხმაურსა და გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით ბათუმის მერიის მუნიციპალურ ინსპექციასაც მიმართეს, თუმცა მათ არავინ მიაქცია ყურადღება.
როგორ ხედავს მუნიციპალური ინსპექცია ოლთისის ჩიხში მცხოვრები მოქალაქეების პრობლემის გადაწყვეტის გზას? – „ბათუმელები“ ამ შეკითხვით მერიას მიმართავს. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.