22 სექტემბერს, ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთში, სამარის ოლქში მდებარე ნავთობის ქარხანას ათობით დრონით დაესხა თავს.
ტელეგრამ-არხ Astra-ს ცნობით, უკრაინული დრონების სამიზნე სამარაში მდებარე კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო. დრონების დარტყმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
სამარაში მდებარე კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „როსნეფტის“ საკუთრებაა და რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი საწარმოა.
2026 წლის ივნისში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინული დრონების სამიზნე გახდა და „როიტერის“ წყაროების ცნობით, მუშაობა დროებით შეაჩერა.
ასევე, დღეს, 22 სექტემბერს, ღამით, რუსეთში, ქალაქ უფაში, უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად დაზიანდა „ბაშნეფტ-უნპზ“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც წელიწადში დაახლოებით 7,5 მილიონი ტონა ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს გადაამუშავებს.
2026 წლის დასაწყისიდან დღემდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს 70-ზე მეტჯერ შეუტიეს. შედეგად, რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მოცულობა 2002 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა. ამან ქვეყანაში საწვავის დეფიციტი გამოიწვია, რამაც ხელისუფლება აიძულა, ექსპორტზე აკრძალვა დაეწესებინა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ზელენსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეწყვეტისკენ არაერთხელ მოუწოდა.
ზელენსკიმ უპასუხა, რომ კიევი დეესკალაციისთვის მზად იყო, მაგრამ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეწყვეტას თან უნდა ახლდეს რუსეთის თავდასხმების შეწყვეტა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
_______________
ფოტოზე: 22 სექტემბრის დილა სამარაში. წყარო: Exilenova+/telegram