რუსული მედიის ცნობით, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის არჩევნებში რეკორდული შედეგით გაიმარჯვა, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან ხმების 99.85% მიიღო.

ეს კადიროვის ახალი რეკორდია – 2016 წლის წინა არჩევნებში, ოფიციალური მონაცემებით, კადიროვმა ხმების 94.8% მიიღო, ხოლო 2021 წელს – 99.7%.

კადიროვის გარდა, 2026 წლის ჩეჩნეთის არჩევნებში მონაწილეობდნენ „სამართლიანი რუსეთიდან“ ჩეჩნეთის საზოგადოებრივი პალატის თავმჯდომარე ისმაილ დენილხანოვი და კომუნისტური პარტიიდან ჩეჩნეთის პარლამენტის წევრი ხალიდ ნაკაევი. თითოეულმა მათგანმა ხმების 0.05% მიიღო.

რუსეთში სახელმწიფო დუმის და რეგიონული ლიდერების არჩევნებში სამდღიანი ხმის მიცემის პროცესი უკვე დასრულდა. ოფიციალური მონაცემებით, არჩევნები რუსეთში 15 წლის განმავლობაში „რეკორდული აქტივობით“ ჩატარდა, რაც, საარჩევნო ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა, გაყალბებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლების მობილიზაციის ნიშანი იყოს.

რუსული პუტინისტური საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ამ დროის მონაცემებით [12:30 სთ] რუსეთის დუმის არჩევნებში ბარიერი გაალახა მმართველმა „ედინნაია რასიამ“, რუსეთის კომუნისტურმა პარტიამ, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ და „ახალმა ხალხმა“.

წინასწარი შედეგების თანახმად, „ედინაია რასიას“ კვლავ შეუძლია სახელმწიფო სათათბიროში კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება.

არჩევნებში ერთადერთი პარტია, რომელიც ომის საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოდიოდა, „იაბლოკო“ იყო, თუმცა 10 აგვისტოს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „იაბლოკოს“ საარჩევნო სია სახელმწიფო დუმის არჩევნებიდან ამოიღო. გადაწყვეტილება სასამართლომ პარტია „როდინას“ მიერ შეტანილი სარჩელის შემდეგ გამოიტანა. სარჩელში ნათქვამი იყო, რომ „იაბლოკომ“ საავტორო უფლებები დაარღვია თავის საარჩევნო მასალებზე და სავარაუდოდ, უცხოური დაფინანსება მიიღო.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version