რუსული კულინარიის ისტორიკოსს, პაველ სიუტკინს რუსეთში 6 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსაჯეს უკრაინაში ომის შესახებ პოსტისთვის.
61 წლის ისტორიკოსი 2025 წლის ოქტომბერში დააკავეს და „ომის ფეიკზე“ ბრალდება წაუყენეს ტელეგრამზე 2022 წელის აპრილში გამოქვეყნებული პოსტისთვის, რომელშიც კიევზე საჰაერო დარტყმები და ბუჩაში მომხდარი მკვლელობები იყო განხილული.
„კიევი დაბომბეს – პუტინის ომს პირდაპირი ანალოგიები ჰქონდა ჰიტლერის ომთან. ახლა მას საკუთარი ბაბი იარი აქვს. ბუჩა – ორასზე მეტი სიკვდილით დასჯილი მშვიდობიანი მოქალაქე – ქალები, მოხუცები, ბავშვები“ – წერდა სიუტკინი ტელეგრამზე 2022 წელს.
სიუტკინი დანაშაულს უარყოფს.
გამოცემა „მედიაზონა“ წერს, რომ მან საგამოძიებო კომიტეტის წინაშე განაცხადა:
„უნდა გესმოდეთ, რომ რუსეთში ნებისმიერი პატიოსანი მწერალი, ჟურნალისტი ან ისტორიკოსი ციხისთვის ყოველთვის უნდა იყოს მზად. დღეს ეს როლი მე მეკისრება. მაგრამ ნუ იდარდებთ: დადგება დღე, როდესაც რუსეთში ეს წყვდიადი გაიფანტება. შეხვედრამდე, მეგობრებო“.
„მედიაზონა“ წერს, რომ სიუტკინის მეუღლემ, ოლგამ, სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, რომ წყვილს ემიგრაციაზე არ უფიქრია:
„არა, ჩვენ არ წავალთ. რადგან მოხდა ისე, რომ ამ ყველაფერში ჩავერთეთ, ვერ ვუღალატებთ საკუთარ თავს ან ჩვენს მკითხველს“.
მეუღლის თქმით, სიუტკინი ციხეში ახალ წიგნზე მუშაობს და პატიმრებს ინგლისურს ასწავლის.
„ჩემი საქმე, უდავოდ, პოლიტიკურად მოტივირებულია. ასეთ შემთხვევებში დასამტკიცებელი ბევრი არაფერია. ისინი ხალხს სიტყვებისა და ღია ანტისაომარი პოზიციისთვის სჯიან. და მე ამას არც კი ვმალავ. უფრო მეტიც, ციხეში რამდენიმე თვის გატარების შემდეგ, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ ბევრი რუსი იზიარებს ამას“, – ციტირებს „მედიაზონა“ ნაწყვეტს ისტორიკოსის ერთ-ერთი წერილიდან, რომელიც მან წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოგზავნა.
სიუტკინი რუსი მწერალი, ტელევიზიისა და რადიოს წამყვანი, რუსული სამზარეულოს ისტორიკოსი და ისტორიის დოქტორია. ის არის რუსული სამზარეულოსა და გასტრონომიის ისტორიის შესახებ რვა წიგნის ავტორი, მათ შორისაა: „საბჭოთა სამზარეულოს ნამდვილი ისტორია“ და „CCCP CookBook: საბჭოთა სამზარეულოს ნამდვილი ისტორიები“.
______________
ფოტო: „მედიაზონა“