ბათუმი-სარფის 11.3 კილომეტრი ახალი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმებულია.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალ გზას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია China Railway Tunnel Group Co., Ltd [CRTG] ააშენებს. ხელმოწერის ცერემონია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეს, 9 სექტემბერს, გაიმართა.
„ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე წურწუმიამ და China Railway Tunnel Group Co., Ltd-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ლიანგ ჰონგჯუნმა.
პროექტის ფარგლებში აშენდება 11.3 კმ სიგრძის 2-ზოლიანი მაგისტრალური გზა, 7.6 კმ-იანი გვირაბი და 3 ხიდი, მათ შორის 1.47 კმ სიგრძის სახიდე გადასასვლელი, ბათუმი-სარფის 7.6 კმ-იანი გვირაბი, ქვეშეთი-კობის მთავარი გვირაბის შემდეგ, საქართველოში სიგრძით მეორე საავტომობილო გვირაბი იქნება“ – წერს გზების დეპარტამენტი.
ახალი გზის მშენებლობა ძირითადად აზიის განვითარების ბანკის სესხით დაფინანსდება, რომლის ოდენობა, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 350 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.
„პროექტის ღირებულება 809 მილიონ ლარზე მეტია, სამშენებლო სამუშაოების ვადა კი 48 თვე. პროექტი აზიის განვითარების ბანკის [ADB] სესხისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.“ – აცხადებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
ახალი გზა ბათუმის შემოვლით გზას სარფში საქართველო-თურქეთის საზღვართან დააკავშირებს. ბათუმი[ჭოროხი]-სარფის გზის პროექტის შესახებ ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე.
ამავე თემაზე:
„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება