სამშაბათს, 8 სექტემბერს, ღამით, უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სარატოვის ოლქს შეუტიეს. ტელეგრამის არხებზე გავრცელებული ცნობებით, თავდასხმის სამიზნე სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო.

სარატოვის ოლქის გუბერნატორმა დრონებით თავდასხმის საფრთხე დაახლოებით დილის 4:00 საათზე გამოაცხადა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ „დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“ და ათი ადამიანი დაშავდა.

ტელეგრამარხი Astra თვითმხილველების მიერ გადაღებულ ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „როსნეფტის“ ნაწილია. ეს ქარხანა რუსეთში ერთ-ერთი უძველესია და სხვა პროდუქტებთან ერთად, ბენზინსა და დიზელის საწვავს აწარმოებს.

ამავე დროს, სარატოვის ოლქში მდებარე ქალაქ ენგელსის მცხოვრებებმა 8 სექტემბრის ღამეს აფეთქებების შესახებ განაცხადეს. წინასწარი ინფორმაციით, უკრაინულმა დრონებმა, შესაძლოა, ქალაქში მდებარე ენგელს-2 სამხედრო აეროდრომს შეუტიეს, თუმცა ობიექტზე დარტყმა ოფიციალურად, ჯერჯერობით, არ დადასტურებულა.

აეროდრომი სტრატეგიული ავიაციის ბაზად გამოიყენება და ადრე არაერთხელ გამხდარა დრონებით თავდასხმის სამიზნე.

 

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version