ბათუმში, კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში არსებული ეროვნული მნიშვნელობის კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე, მოდერნის სტილის შენობა, კომპანია Next-მა იყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ თავად კომპანიაში დაუდასტურეს. მანამდე, შენობას „სოდი ინვესტმენტი“ ფლობდა, რომლის დირექტორიც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანიაა.

„ნექსთის“ იურისტი, ვახტანგ გედენიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ძეგლი „სოდი ინვესტმენთისგან“ 2025 წლის 26 სექტემბერს იყიდეს.

რამდენად შეიძინეს აღნიშნული შენობა, ამაზე იურისტი არ საუბრობს. „ეს კომერციული საიდუმლოებაა“, – გვითხრა ვახტანგ გედენიძემ.

ახალი მეპატრონის შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრში ჯერ ასახული არ არის.

რატომ არ აისახა ახალი მფლობელი რეესტრში? – ვკითხეთ ვახტანგ გედენიძეს. მისი თქმით, ახალი მფლობელი თანხის სრულად გადახდის შემდეგ აისახება.

„წინარე ნასყიდობაა, ამიტომ ვერ ნახავდით რეესტრში. ეს იმას ნიშნავს, სანამ შესყიდული ქონების საფასურს სრულად არ გადაიხდი, ქონება ახალი მფლობელის სახელზე არ გადმოდის. ანუ, ოფიციალურად ეს შენობა ჯერ არ არის Next-ის საკუთრებაში“, – გვითხრა ვახტანგ გედენიძემ.

ორი დღის წინ მე-19 საუკუნის მოდერნის სტილის ძეგლის ფასადი კომპანიის წარმომადგენლებმა ფერადი საღებავით გადაღებეს. სახლის ფასადზე გამოსახული ორნამენტები ფირუზისფერ და ფორთოხლისფერ ფერებში იყო გადაწყვეტილი, რასაც საზოგადოების მხრიდან მძაფრი კრიტიკა მოჰყვა.

მსგავსი ფერები არ ახასიათებს არსებულ შენობას. ბუნებრივია, გაჩნდა კითხვები, თუ ვისი გადაწყვეტილებით შეიღება ამ ფერებში ორნამენტები, რატომ შეიღება და იყო თუ არა ეს ძეგლის ხელყოფა?

„ბათუმელებს“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში უთხრეს, რომ შენობის ფასადის ამ ფერებში შეღებვა არ იყო მათთან შეთანხმებული.

ვინ და რატომ გადაწყვიტა ფასადის გადაღებვა და რატომ არ შეათანხმა ეს გადაწყვეტილება სააგენტოსთან? – ვკითხეთ ვახტანგ გედენიძეს.

„ეს იყო ტესტი, რომ გაგვეგო, თუ როგორ დაჯდებოდა ფერი ფასადზე. რაღაც ფერზე ხომ უნდა შეიღებოს და პროცესში შეგვიძლია ამის დატესტვა. ამ პროცესსაც სააგენტო ლამის ყოველკვირეულად მონიტორინგს უკეთებს და სურვილიც რომ გვქონდეს, ვერ გადავუხვევთ“, – გვითხრა გედენიძემ.

რატომ განაცხადა სააგენტომ, რომ მასთან არ იყო შეთანხმებული ფასადის გადაღებვა, თუკი მონიტორინგს უწევს? – ისევ ვკითხეთ გედენიძეს.

„ზუსტად ერთი დღე გამოვიყენეთ ტესტისთვის და შემდგომ ისევ გადავღებეთ. ეს იყო და ეს. საცდელი იყო, ასე ვთქვათ, რამდენიმე ფერი დავსვით, რომ შეგვეხედა რომელი ფერი რომელ დეტალს უფრო მოუხდებოდა.

საზოგადოებისთვის არ შეგვიღებავს, ჩვენთვის შევღებეთ, რომ დაგვენახა, როგორ დაჯდებოდა ფერი. ასე დატოვების სურვილი არ გვქონია. ფერის ცვლილება რთული პროცესია და თუ რაიმე ცვლილება შევა, ყველა პროცედურის გავლით მოხდება.

თუ დავაპირებთ ფერის ცვლილებას, მივმართავთ სააგენტოს ცვლილების შესათანხმებლად.

თუ გადავწყვეტთ რაღაც ფერის დატოვებას რომელიმე ორნამენტზე, ეს გაეგზავნება ხელოვნებათმცოდნეს, რომელიც ჩაატარებს კვლევას და თუ დადებითი იქნებოდა პასუხი, მერე მივმართავდით ძეგლთა დაცვას“, – ამბობს ვახტანგ გედენიძე.

გუშინ, 6 სექტემბერს, ნექსთმა შეღებილი ძეგლი ისევ გადაღება.

კომპანიის წარმომადგენელს ვკითხეთ, რა ვადებია გათვალისწინებული შენობის საბოლოო დასრულებისთვის, რადგან შენობა უკვე რამდენიმე წელია ხარაჩოებშია, რაზეც გედენიძემ გვითხრა, რომ კონკრეტული ვადები ზეპირად არ ახსოვს.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version