პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტი, 19 წლის მანო კვარაცხელია მომავალი ენერგეტიკოსია, რომელსაც სურს საქართველოს ჰიდროლოგიური მახასიათებლები აკადემიურ დონეზე შეისწავლოს. იგი ფიქრობს, რომ ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკის სწორად განვითარებას.
მანო ამბობს, რომ ეს იდეა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ სტაჟირების დროს გაუჩნდა.
2-კვირიანი სტაჟირება „შუახევი ჰესზე“ მანომ მას შემდეგ გაიარა, რაც პრინსტონის უნივერსიტეტში, ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის 1-ელი კურსი დაასრულა და აშშ-დან საქართველოში დაბრუნდა.
მანომ გადაწყვიტა საზაფხულო არდადეგები ნაყოფიერად გაეტარებინა, ამიტომ, საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ენერგოკომპანიას, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სტაჟირების გავლის თხოვნით მისწერა.
„პრინსტონში ვსწავლობ. როგორც მოგეხსენებათ, აქ ყველანი ძალიან კონკურენტუნარიანები არიან. სასურველია პირველივე კურსიდან გარკვეული გამოცდილების დაგროვება დაიწყო. გადავწყვიტე, ზაფხულში რამე გამეკეთებინა. მინდოდა, პირველ რიგში საქართველოში მეცადა ბედი და საქართველოს გამოცდილება მენახა. მოვიძიე ინფორმაცია და მივწერე რამდენიმე კომპანიას. „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ ქალბატონმა იზა გოცაძემ ისე თბილად მიმიღო… ჩემი CV გადავუგზავნე და დამთანხმდა სტაჟირების გავლაზე.
საბოლოოდ, ძალიან კარგად დაიგეგმა ყველაფერი. ივლისის შუა რიცხვებში გავიარე 2-კვირიანი სტაჟირება. სამოქალაქო ინჟინერთან ერთად დავდიოდი სხვადასხვა ობიექტზე შუახევში და ვაკვირდებოდი ყოველდღიურ მუშაობას, ვესაუბრებოდი ჰესზე დასაქმებულ პერსონალს. მაგალითად, ელექტროინჟინერს, ოპერაციების ინჟინერს… ისინი მიხსნიდნენ და მეხმარებოდნენ იმის გაგებაში, თუ ვის რა როლი ჰქონდა და როგორ მუშაობდა ჰესი. რადგან ეს ჰესი დამთავრებულია, მე უფრო მეტად ვკონცენტრირდი ჰესის შეკეთებისა და მისი მუშაობის პროცესებზე. ვნახე წყალსაცავები, ხიდები… მილების გაყვანის პროცესებზეც ვისაუბრეთ. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი“, – გვიყვება მანო კვარაცხელია.

„შუახევი ჰესზე“ სტაჟირების დროს მანომ აღმოაჩინა, რომ საქართველოში ჰიდროლოგიის მიმართულებით საკმაოდ მწირი მეცნიერული ინფორმაციაა. ის ფიქრობს, რომ ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის განვითარება ზუსტი მონაცემების გარეშე შეუძლებელია, ამიტომ, გადაწყვიტა, პრინსტონში სწავლის პერიოდში ეს საკითხი იკვლიოს.
„აღმოვაჩინე, რომ ჰიდროლოგიის მიმართულებით ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს საქართველოში. აქედან გამომდინარე, ვიფიქრე, იქნებ უნივერსიტეტში სწავლის განმავლობაში ჰიდროლოგიაზე და მდინარეების მახასიათებლების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გამეგო და გამომეკვლია, თუ რა არის საჭირო ჰიდროლოგიის შესასწავლად. როგორც მოგეხსენებათ, ზოგადად ჰიდროლოგიაზე არის დაფუძნებული ჰესების აშენება-არაშენების საკითხი. რაც უფრო მეტი ინფორმაციაა, რაც უფრო მეტი მასალაა ამ მიმართულებით, მით უფრო მაღალი ხარისხის დასკვნის გაკეთება შეიძლება.
პრინსტონში მიწევს, რომ ორი კვლევითი ფურცელი დავწერო. ჩემი აზრით, ამ მიმართულებით უნივერსიტეტში მუშაობა, დამეხმარება, რომ ამ საკითხს კიდევ უფრო მეტად ჩავუღრმავდე და ზუსტად ამ პრობლემაზე დავწერო – ჰიდროლოგიის მახასიათებლების და მონაცემების ნაკლებობის საკითხი.
ეს არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც საკმაოდ დიდი პრობლემაა. მასალის არქონა და ინფორმაციის ნაკლებობა მეცნიერებაში ძალიან ბევრი შეცდომის დაშვებას იწვევს. ამიტომ, მინდა მონაწილეობა მივიღო ისეთ კვლევაში, რომელიც ამ პრობლემის აღმოფხვრაში დაგვეხმარება“, – ამბობს 19 წლის სტუდენტი.


„აჭარისწყალი ჯორჯიაში“ სტაჟირების დროს მანო კვარაცხელიამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო – როგორც გვიყვება, პირველ კურსზე მან საბაზისო საგნები გაიარა, მეორე კურსიდან კი უნდა აერჩია ინჟინერიის კონკრეტული მიმართულება, რომელსაც უფრო საფუძვლიანად შეისწავლიდა.
საზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ პრინსტონში ჩასულმა მანომ მომავალ პროფესიად სამოქალაქო და გარემოს ინჟინერია აირჩია. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი, როგორც თავად ამბობს, „შუახევი ჰესზე” მიღებული ცოდნა და გამოცდილება გახდა.
სწავლის შემდგომ საფეხურებზე ის კვლევითი მიმართულების კიდევ უფრო დაკონკრეტებას აპირებს.
„სანამ „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ სტაჟირებას გავივლიდი, მე არ ვიცოდი დარწმუნებით, სამოქალაქო და გარემოს ინჟინერიის მიმართულებას ავირჩევდი თუ არა. ვყოყმანობდი. ფიქრობდი მექანიკურ ინჟინერიაზეც, ელექტროინჟინერიაზეც. ფიზიკა ძალიან მიყვარს და სიმართლე გითხრათ, ფიზიკა სადაც იყო ჭარბად, ყველა მიმართულებას განვიხილავდი.
სტაჟირება რომ გავიარე, მივხვდი, თუ რამდენად მრავალფეროვანია სამოქალაქო ინჟინერია. სტაჟირების პერიოდში დღეს ვატარებდი მენტორთან ერთად, რომელიც არა მარტო ოფისში, არამედ ობიექტებზეც დადიოდა, მუშაობდა და ჩემთვის ეს ძალიან მომხიბლავია. ძალიან მინდა, რომ მომავალში ჩემი დღეები მარტო ოფისში ჯდომით არ განისაზღვრებოდეს. მინდა, რომ შევძლო ჰესებზე წასვლა-წამოსვლა და დაკვირვება.
„შუახევი ჰესზე“ სტაჟირების გამოცდილებამაც ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე: მივხვდი, რომ ჰიდროლოგია, წყალი, ენერგოეფექტურობა და ენერგეტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ისეთი სფეროა, რომელიც ორივე მიმართულებას – გარემოს და სამოქალაქო ინჟინერიასაც მოიცავს, შეიძლება გააერთიანოს კიდეც. წელს ჩემს გეგმაში სწორედ ის არის, რომ დავკონკრეტდე და ზუსტად ავირჩიო რომელი მიმართულება მინდა“, – გვიყვება მანო კვარაცხელია.
რაც უკვე ზუსტად იცის ისაა, რომ საბოლოოდ სამშობლოში დაბრუნდება. ბაკალავრიატის შემდეგ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე სურს კვლევის გაგრძელება და უნდა აშშ-ში დაგროვილი ცოდნა საქართველოს ენერგეტიკულ განვითარებას მოახმაროს.
„აჭარისწყალი ჯორჯიაში“ სტუდენტების სტაჟირების პროგრამა მრავალი წელია მოქმედებს. კომპანიაში პრაქტიკა უკვე ათობით ახალგაზრდა ინჟინერმა გაიარა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მოქმედი ინჟინრების დიდი ნაწილი სწორედ ის ახალგაზრდები არიან, რომლებმაც პირველი ნაბიჯები სწორედ „შუახევი ჰესის“ მშენებლობის ეტაპზე, სტაჟიორის სტატუსით გადადგეს.
კომპანიაში ამბობენ, რომ სტაჟირების პროგრამის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სტუდენტების კითხვებისა და ინტერესების პრაქტიკულ სამუშაო პროცესში დაკმაყოფილებაა.
2 კვირის განმავლობაში სტაჟიორები აკვირდებიან შუახევის ჰიდროელექტროსადგურის, სხალთა ჰესის, დიდაჭარის კაშხლისა და ჩირუხის დამბის მუშაობას. გარდა ამისა, სწავლობენ ტექნიკურ მონიტორინგს, ავტომატიზაციას, ელექტრულ და მექანიკურ სისტემებს და ეცნობიან საინჟინრო რისკების მართვის საერთაშორისო მეთოდოლოგიას.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის პირველი ნაბიჯია, როდესაც სტუდენტი პირისპირ დგება რეალურ ენერგოობიექტთან. უნივერსიტეტში შეიძლება ზუსტად იცოდე, როგორ მუშაობს კაშხალი ან ტურბინა, მაგრამ სრულიად სხვა რეალობაა, როცა ტექნიკურ ზონაში დგახარ, აკვირდები მონიტორინგის პროცესს და გამოცდილი ინჟინრისგან ისმენ, თუ როგორ იმართება ეს სისტემა ყოველდღიურად.
მეორე საკვანძო ელემენტი უსაფრთხოების კულტურაა.
ენერგეტიკაში ტექნიკური ცოდნა უსაფრთხოების პროტოკოლების გარეშე არაფერს ნიშნავს – ჩვენ გვინდა, ეს აზროვნება პირველივე ნაბიჯებიდანვე ჩამოუყალიბდეთ. ჩვენი მიზანი მარტივია: სტუდენტმა აქედან არ წაიღოს უბრალოდ „ფურცელზე გავლილი პრაქტიკა“. მათ უნდა ჰქონდეთ პირდაპირი კონტაქტი მოქმედ პროფესიონალებთან, დასვან ტექნიკური კითხვები და ზუსტად დაინახონ, რა სჭირდებათ ამ სექტორში წარმატებული კარიერისთვის“, – ამბობს „შუახევი ჰესის“ სამოქალაქო ინჟინერი გოგიტა ბოლქვაძე.
ის ერთ-ერთია იმ ინჟინრებს შორის, რომელიც იყო მანო კვარაცხელიას კურატორი „შუახევი ჰესზე“. მანოზე საუბრისას ის აღნიშნავს ბოლო წლების ტენდენციას იმის შესახებ, თუ როგორ იზრდება ახალგაზრდა ქალების ინტერესი ენერგეტიკული თუ საინჟინრო სფეროსადმი.
„შუახევი ჰესი არ არის მხოლოდ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა – მან საქართველოში ახალი თაობის საინჟინრო გუნდის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. მშენებლობიდან ოპერირების ეტაპამდე არაერთმა ახალგაზრდამ მიიღო პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო სპეციალისტების გვერდით. ამ ტრადიციას ვაგრძელებთ და მომავალშიც აქტიურად დავუჭერთ მხარს ახალგაზრდა პროფესიონალებს.
წელს „შუახევი ჰესზე“ კიდევ ერთ მომავალ ქალ ინჟინერს, მანო კვარაცხელიას ვუმასპინძლეთ. მისი მომზადების დონე, ტექნიკური ინტერესი და მოტივაცია ნამდვილად შთამბეჭდავია. დარწმუნებული ვარ, წინ დიდი პროფესიული გზა ელოდება.
ბოლო წლებში განსაკუთრებით საინტერესო დინამიკას ვხედავთ – იზრდება ახალგაზრდა ქალების ინტერესი ტექნიკური და საინჟინრო მიმართულებებისადმი. ეს სექტორი იცვლება და მნიშვნელოვანია, რომ კარიერული შესაძლებლობები ყველასთვის თანაბრად ღია იყოს“, – ამბობს გოგიტა ბოლქვაძე.

ენერგეტიკითა და ინჟინერიით დაინტერესებული ახალგაზრდა ქალების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი,

აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კომპანიაში ხელმძღვანელი პოზიციების დაახლოებით 60%-ს ქალები იკავებენ და ისინი უშუალოდ მონაწილეობენ კომპანიის მართვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სატიშ ბჰატი ამბობს, რომ ამ მაჩვენებლით ამაყობს და აქვე აღნიშნავს, რომ გენდერული თანასწორობის მიმართულებით კომპანია არ აჩერებს ძალისხმევას.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქალების გადაწყვეტილებებს იღებდნენ არა მხოლოდ მენეჯერულ საფეხურზე, არამედ მუშაობდნენ ტექნიკურ და საინჟინრო პოზიციებზეც და გრძელვადიან პერიოდში, ამ შედეგის მისაღწევად, საჭიროა ახალგაზრდა გოგონების დაინტერესება, წახალისება და მხარდაჭერა, რათა გახდნენ პროფესიონალები ამ სფეროში.
„ჩვენი მიზანია ისეთი გარემოს შექმნის ხელშეწყობა, სადაც ქალებსა და კაცებს ექნებათ თანაბარი შესაძლებლობები, შევიდნენ სექტორში, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიულად განვითარდნენ. ამ მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილია სტაჟირება და ახალგაზრდა პროფესიონალებთან მუშაობა. ბოლო წლებში სტუდენტმა ქალებმა, მომავალმა ინჟინრებმა, პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს ჩვენს კომპანიაში. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ჰიდროელექტროსადგურში ჩვენს პროფესიონალებთან ერთად ემუშავათ და უშუალოდ სამუშაო პროცესში გაცნობოდნენ, როგორ ოპერირებს ენერგეტიკული ობიექტი. სტაჟირებას განვიხილავთ, როგორც წარმატებული პროფესიული კარიერისკენ გადადგმულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს“, – ამბობს სატიშ ბჰატი.
სატიშ ბჰატის ენერგეტიკულ ინდუსტრიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და საქართველოს გარდა არაერთ ქვეყანაში უმუშავია. ამბობს, რომ ენერგეტიკის სექტორში ტექნიკური და საოპერაციო პოზიციები ისტორიულად მამაკაცებით დომინირებული იყო და რეალური ცვლილების მიღწევას თანმიმდევრული, სისტემური და გრძელვადიანი მუშაობა სჭირდება.
სატიშ ბჰატი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ქალების ხელშეწყობა, არა მხოლოდ დაინტერესდნენ ამ სფეროთი, არამედ დაინახონ დასაქმების რეალური პერსპექტივები.
„საქართველოში სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ქალი ირჩევს ტექნიკურ მიმართულებებს. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია განათლებასა და ინდუსტრიის საჭიროებებს შორის კავშირის გაძლიერება, რათა აკადემიური ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად და გრძელვადიან კარიერულ შესაძლებლობებად გარდაიქმნას.
ამ პროცესში ენერგეტიკულ კომპანიებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ. სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ მოქმედ ენერგეტიკულ ობიექტებზე, იმუშაონ პროფესიონალ ინჟინრებთან და რეალურ სამუშაო გარემოში განივითარონ საკუთარი უნარები“, – ამბობს “აჭარისწყალი ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი.
სატიშ ბჰატის თქმით, ქალების ხელშეწყობა – დაინტერესდნენ, ისწავლონ და დასაქმდნენ ენერგეტიკის სფეროში. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადამიანის უფლებებისა და თანაბარი შესაძლებლობების მხარდასაჭერად, არამედ ეკონომიკური განვითარებისთვისაც.
„გენდერული მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებისთვისაც. განსხვავებული პროფესიული გამოცდილების, ცოდნისა და პერსპექტივების მქონე ადამიანების ერთ გუნდში მუშაობა ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, საკითხებს უფრო ფართო პერსპექტივიდან შეხედონ, სხვადასხვა მოსაზრება გაითვალისწინონ და უფრო დაბალანსებული გადაწყვეტილებები მიიღონ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია პროფესიული მაგალითების არსებობა.
როდესაც ახალგაზრდა ქალი ხედავს ინჟინერ ქალს, ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელად ან ენერგეტიკული კომპანიის მართვაში ჩართულს, ენერგეტიკის სექტორში კარიერა მისთვის უფრო ხილული, მიღწევადი და რეალური პროფესიული არჩევანი ხდება.
ამიტომ ქალთა მონაწილეობა ენერგეტიკაში მხოლოდ ცალკე აღებულ სოციალურ ინიციატივად არ უნდა განვიხილოთ. ეს არის უფლებებისა და თანაბარი შესაძლებლობების საკითხი და, ამასთანავე, სექტორის გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი“, – ამბობს სატიშ ბჰატი.