უკრაინამ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება წარუდგინა. აღნიშნული წინადადება რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს გააცნეს, თუმცა მოსკოვს ამაზე პასუხი არ გაუცია – ამის შესახებ მედიას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განუცხადა.
ბუდანოვის თქმით, წინადადება ეხებოდა არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ დარტყმების შეწყვეტას, არამედ ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების შეჩერებასაც.
ბუდანოვმა ასევე დაადასტურა, რომ 6 სექტემბერს უკრაინას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი ეწვევიან.
ბუდანოვმა გამოთქვა ვარაუდი, რომ 6 სექტემბერს რუსებმა შესაძლოა კიევზე თავდასხმებისგან თავი შეიკავონ, რადგან დედაქალაქში აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იქნებიან.
მართლაც, დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სამხედროებს უბრძანა 3 დღით შეწყვიტონ კიევზე თავდასხმები.
ამის შესახებ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა დღეს რუსულ პროპაგანდისტულ მედიას განუცხადა. მისი თქმით, პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომ რუსმა სამხედროებმა 3 დღის განმავლობაში კიევზე დარტყმები შეწყვიტონ. პესკოვის თქმით, ეს უკავშირდება სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტს.
უიტკოფი და კუშნერი რუსეთში დღეს, 5 სექტემბერს ჩავიდნენ.
გუშინ, 4 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც უბრძანა სამხედროებს, ამერიკელი მომლაპარაკებლების ვიზიტის დროს რუსეთზე საჰაერო დარტყმები არ განახორციელონ.