ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან „ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთხელ გაათავისუფლა.

„ამბასადორი“ ამჯერად ულიცენზიოდ 980 490 კუბურ მეტრ  წიაღისეულს კვლავ ქობულეთის სოფელ კვირიკეს ტერიტორიაზე მოიპოვებს. კომპანია წიაღისეულს ულიცენზიოდ კვირიკეში აქამდეც მოიპოვებდა, რისთვისაც აქ მთა დაშალეს.

ამ თემაზე: კობახიძის განკარგულებით კვირიკეში მთას შლიან – წიაღისეულს ხელოვნური კუნძულისთვის იყენებენ

ახალი განკარგულებით, იმ ტერიტორიის ფართობი, სადაც „ამბასადორს“ წიაღისეულის მოპოვების ნებართვა მისცეს, 14 ჰექტარია [140 070 კვადრატული მეტრი].

„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობის მიზნით, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ 12 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 980 490 კუბური მეტრი სასარგებლო წიაღისეული [ანდეზიტ-ბაზალტები და ტუფობრექჩიები] ქობულეთის მუნიციპალიტეტის, კვირიკეს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე“, – წერია 2026 წლის 20 აგვისტოს განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

ამავე განკარგულების მიხედვით, ლიცენზიისაგან გათავისუფლებული „ამბასადორი“ ვალდებულია:

  • უზრუნველყოს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს შესაბამისი გეოსაინფორმაციო პაკეტითა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განსაზღვრული პირობების შესრულება;
  • მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის;
  • სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის, ერთი თვის ვადაში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში უზრუნველყოს 238 728 ლარის გადახდა.

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ქობულეთის სოფელ კვირიკეში მთა დაშალეს:

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ხრეშს, ქვებსა  და ლოდებს აჭარაში სხვა ადგილებშიც მოიპოვებს, თითქმის ყველა შემთხვევაში – ულიცენზიოდ. ლიცენზიისგან კი მას „ოცნების“ მთავრობა ათავისუფლებს განკარგულებებით, რომლებსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ყველა ეს განკარგულება უკანონოა. აქედან გამომდინარე კი, შეიძლება ვთქვათ, რომ უკანონო განკარგულების საფუძველზე წიაღისეულის მოპოვებაც უკანონოა.

„პრობლემა იმაშია, რომ ლიცენზიისგან გათავისუფლების მექანიზმს, რომელსაც მთავრობის ის დადგენილება გვთავაზობს, რომელიც ლიცენზირების საკითხებს არეგულირებს [ვგულისხმობ 2005 წლის N136 დადგენილებას], საერთოდ არ ცნობს ზემდგომი აქტები. ამ შემთხვევაში ეს არის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „წიაღის შესახებ“ კანონები“, – ამბობს ქეთი გუჯარაიძე.

ამ თემაზე ვრცლად:

ხელოვნური კუნძულისთვის ხრეშს „ამბასადორი“ ულიცენზიოდ მოიპოვებს – კობახიძის განკარგულება

 

 

 

 

 

 

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version