გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ კომპლექსში „რომაული დღის“ ორგანიზებისათვის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 136 600 ლარის დახარჯვას გეგმავს.
სწორედ ამ თანხაზეა გამოცხადებული ტენდერი, რომელიც 7 სექტემბერს უნდა დასრულდეს.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ღონისძიებას ორგანიზება უნდა გაუწიოს.
სატენდერო პირობების თანახმად, ანტიკური ხანის მხატვრული სანახაობის ორგანიზებისათვის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა „გააცოცხლოს“ გონიოს ციხეში აღმოჩენილი ქანდაკებები.
კერძოდ, ოქროს ჭაბუკი, იუპიტერ დოლიჰენუსი და სერაპისი.
„გაცოცხლებულ, იგივე გაქვავებული ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სააგენტოს მიერ მიწოდებული ნიმუშების შესაბამისი ვიზუალი, კოსტუმები, გრიმი და ვარცხნილობა. ქანდაკებები უნდა განთავსდნენ სპეციალურ განათებულ პოდიუმზე,“ – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ასევე ნიმუშების მიხედვით უნდა გააცოცხლონ ფრესკები, რაც გულისხმობს ერთ ან ორ კოსტუმირებულ პერსონაჟს.
გაცოცხლებული ქანდაკებების და ფრესკების პერფორმანსის ხანგრძლივობა ორ საათზე ნაკლები არ უნდა იყოს.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ქორეოგრაფიული სპექტაკლის დადგმა, ასევე უნდა დაამზადოს ბუტაფორიული ცხენი და მოაწყოს ცეცხლოვანი შოუ.
რომაული ფესტივალის გამართვა გონიოს ციხეზე ტრადიციად იქცა.
სატენდერო წინადადების მიხედვით, 2026 წელს ფესტივალი 25 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე შუალედში ჩატარდება, რომელიმე მზიან დღეს.