„აქ არის ერთადერთი ახსნა ჩემთვის: ივანიშვილი იბრძვის – ეს არის მისთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა – გადარჩენისთვის. ივანიშვილს არც ქვეყნის შიგნით და მით უფრო ქვეყნის გარეთ არ აქვს მისთვის სასურველი გარემო – ყველგან ფეთქებადსაშიში ვითარება აქვს,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი. მას დღეს, 23 აგვისტოს, ირაკლი ღარიბაშვილისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებაზე ვესაუბრეთ: რას აჩვენებს ეს ამბავი ივანიშვილის „ოცნებაზე“.
„ოცნების“ ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს ამჯერად უკვე 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ელის.
„შესაძლოა, ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მისგან გარიყული, მასთან შემცდარი და ნდობადაკარგული ღარიბაშვილი ბოლომდე ჩაეწიხლა. რომ გითხრათ, ამას არ იზამდა, ან ვერ იზამდა, ტყუილი იქნება, მაგრამ რაღაც ლოგიკა ვიპოვოთ მის ქმედებაში – მე ამას არ ვაპირებ,“ – ამბობს არმაზ ახვლედიანი.
რა ხდება ივანიშვილის დაჯგუფებაში? – „ბათუმელებმა“ არმაზ ახვლედიანთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი პოლიტიკოსია, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი და „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივანი.
- ბატონო არმაზ, თქვენი დაკვირვებით, რა ხდება ივანიშვილის დაჯგუფებაში, რას აჩვენებს თქვენთვის ირაკლი ღარიბაშვილისთვის წარდგენილი ახალი, კიდევ უფრო მძიმე ბრალდება?
ბრალდება კი ახალია, მაგრამ ამბავი – ძალიან ძველი.
როცა ივანიშვილმა ღარიბაშვილი 2013 წელს შინაგან საქმეთა მინისტრობიდან პრემიერობამდე აამაღლა, ცხადზე ცხადი იყო, რომ სისტემა ჩაიძირებოდა კორუფციაში, რომ ეს აწყობდა ივანიშვილს და ამის საუკეთესო შემსრულებელი იყო მაშინ ღარიბაშვილი. ამასთან, სისტემა თანდათან იცლებოდა და ვხედავთ, რომ სრულად დაიცალა დემოკრატიული და სამართლებრივი შიგთავსისგან.
რაც შეეხება დღევანდელ ბრალდებას, მაინცდამაინც რომ გითხრათ ეჭვი მეპარება-მეთქი, მოგატყუებთ – ღარიბაშვილი პირველად რომ დაითხოვა ივანიშვილმა პრემიერობიდან, კულუარებში ცნობილი იყო, რომ ერთ-ერთი მთავარი ბრალდება მის მიმართ იყო სწორედ კლანური და კორუფციული გარიგებები.
შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ აღზევდა და, როგორც იტყვიან, მადა ჭამაში მოდის. ეს ამბები ვიცი არა მოყოლით, არამედ – შიგნიდან და საკმაოდ კარგად ვიცნობ, როგორც ღარიბაშვილს, ასევე ივანიშვილს. ვიცი ამ სისტემის მახინჯი, მანკიერი არსი, შემიძლია გითხრათ ზუსტად, რომ თუ გახდა საჭირო, თუ ივანიშვილს ეს დასჭირდა, ღარიბაშვილს კიდევ არაერთ, ახალ ბრალს წაუყენებენ და შეიძლება საქმე იქამდეც მივიდეს, რომ მას ათეულობით წელი დაუგროვდეს ციხეში გასატარებლად.
აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ივანიშვილი არ პატიობს ვინმეს კორუფციას. როგორ შეიძლება არ პატიობდეს იმას, რასაც თვითონ ქმნის? ყველა, ვინც ამ სისტემის მონაწილეა, პირდაპირ თუ ირიბად ჩართულია კორუფციულ გარიგებაში.
ივანიშვილი ხასიათდება – როგორც ყველა ასეთი ტიპის მმართველი – რამდენიმე თავისებურებით: შიში, უნდობლობა, ყოველ ჯერზე მცდელობა, რომ დაიზღვიოს საკუთარი თავი. ვფიქრობ, რომ ივანიშვილმა ამჯერადაც ჩათვალა, რომ ღარიბაშვილის ამბიციები გაიზარდა, რომ მას მეტი მოუვიდა და ჩათვალა, რომ შეიძლებოდა მისი გაწირვა.
მეორე მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევა ეუბნება ყველას, ვინც დღეს „ოცნების“ სათავეშია, რომ არანაირი სიახლოვე ივანიშვილთან, თუნდაც ასპროცენტიანი ნდობის კრედიტი, არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ დაზღვეული ხარ სასჯელისგან. აი, ამასაც ნიშნავს ღარიბაშვილის ამბავი.
- ირაკლი ღარიბაშვილის ამბიცია რაში გამოიხატა? ან თუ აქვს რამე ამბიცია, ეს რატომ შეიძლება საფრთხედ დაენახა ივანიშვილს, მით უფრო დღეს, როცა არჩევნები გაუქმებულია?
ირაკლი ღარიბაშვილს მაშინვე გაუჩნდა ეს ამბიცია, როცა ის გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი 2012 წელს. მე ეს მახსოვს და 2013-ში მასთან ვიყავი მკაცრად დაპირისპირებული, როგორც პარტიის ხელმძღვანელი და ის, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი – ცდილობდა, ჩარეულიყო პარტიის საქმეებში.
იმ ეტაპზე, უნდა ვთქვათ, რომ ივანიშვილი გარკვეულად იჭერდა ჩემს მხარეს და რაღაცნაირად თოკავდა ღარიბაშვილის ამბიციებს, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა – როგორც მოგეხსენებათ ღარიბაშვილი პრემიერი გახდა და მე იქაურობა დავტოვე.

ღარიბაშვილს თავიდანვე ჰქონდა ამბიცია, სურვილი, რომ ყოფილიყო პირველი ივანიშვილის კარზე და როცა ივანიშვილი აღარ იქნებოდა სხვადასხვა მიზეზით, უკვე ის თავად გამხდარიყო მისი შემცვლელი. ეს ამბიცია მას ჰქონდა პირველი პრემიერობის დროს და ეს ამბიცია გაუასმაგდა, როცა პრემიერად მეორედ გაამწესეს.
კობახიძის და ღარიბაშვილის დაპირისპირება არ იყო დაპირისპირება მხოლოდ ორ კონკურენტს შორის გუნდში. ეს არ იყო დაპირისპირება კორუფციაში ჩაფლულ და იმ პოლიტიკოსს შორის, რომელიც ღარიბაშვილისგან განსხვავებით კორუფციაში ჩაფლული ნამდვილად არ ყოფილა. ეს იყო დაპირისპირება უპირველესად პირველობის თაობაზე – ვინ იქნებოდა პირველი.
ღარიბაშვილმა თავისი სიბრიყვით და გაუმაძღრობით, ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი, კობახიძემ მისი სვლებით და ვერაგობით მოახერხა ის, რომ აჯობა ღარიბაშვილს, თუმცა აქ მხოლოდ კობახიძის ფაქტორი გადამწყვეტი ვერ იქნებოდა, რომ არა ივანიშვილის სურვილი – ჩამოეშორებინა ღარიბაშვილი.
ჩემი აზრით, აქ დაემთხვა ორი გარემოება: ერთი მხრივ, ივანიშვილის განწყობა, რომ ღარიბაშვილი უნდა ჩამოშორებულიყო პროცესს, გუნდს და, მეორე მხრივ, ძალიან დიდი მონდომება, სურვილი, მცდელობა უკვე პრემიერი კობახიძისა, რომ ღარიბაშვილი არა უბრალოდ ჩამოშორებოდა გუნდს, არამედ ბოლომდე დასჯილიყო, რასაც ახლა ვხედავთ კიდეც.
- თქვენი აზრით, რატომ მოუნდა ივანიშვილს ღარიბაშვილის განსაკუთრებულად დასჯა? თითქმის სააკაშვილის სასჯელს გაუთანაბრდა ირაკლი ღარიბაშვილის ახალი ბრალდებით გათვალისწინებული 11-დან 15 წლამდე პატიმრობა. ასე მკაცრად ივანიშვილს არ დაუსჯია „ოცნების“ რომელიმე სხვა, ყოფილი მაღალჩინოსანი, როგორც ორჯერ პრემიერის პოსტზე ნამუშევარი ღარიბაშვილი…
რამდენიმე გარემოებაა გასათვალისწინებელი: ივანიშვილი თანაგუნდელებს, იმ ადამიანებს, რომლებიც მან შექმნა პოლიტიკოსებად, მოიყვანა ხელისუფლებაში, არ პატიობს გარკვეული წითელი ხაზების გადაკვეთას.
მეორე ისაა, რომ ღარიბაშვილს აღმოაჩნდა სრულიად არაპროპორციული ამბიციები. მან ჩათვალა, რომ მეორედ გაპრემიერება უკვე ნიშნავდა მისთვის იმას, რომ გზა ხსნილი იყო საბოლოო გამარჯვებისკენ, მემკვიდრის ტახტისკენ. ივანიშვილს კი, ასეთი რაღაცები ძალიან არ მოსწონს, მით უფრო, თუ მათ არ აქვთ რეალური არც რესურსი და არც შესაძლებლობა, არც უნარი, რომ იყვნენ მის კარზე არა თუ პირველი ვეზირები, არამედ მისი შემცვლელები.
- რა იყო „წითელი ხაზი“ ივანიშვილი-ღარიბაშვილის ურთიერთობაში?
ვფიქრობ, რომ პრემიერობის მეორე ვადის დროს ღარიბაშვილის კორუფციული მადა გაასმაგდა. მან ვერ გაითვალისწინა ვერცერთი გაკვეთილი წარსულის და ჩათვალა, რომ მას ეს შერჩებოდა. მან ვერც ის გაითვალისწინა, რომ ამჯერად მისი კონკურენტი იყო არა რომელიმე ისეთი ჩვეულებრივი პრემიერ-მინისტრი ივანიშვილის კარზე, არამედ კულუარულ თამაშებში გამოწრთობილი და ამ მხრივ საკმაოდ ნიჭიერი კობახიძე.
კობახიძე ჩემთვის არ არის პოლიტიკოსი, მე რომ მკითხოთ, მას პოლიტიკას არ გავაკარებდი, როგორც ღარიბაშვილს, მაგრამ ის კი არის, რომ უნარის თვალსაზრისით გაცილებით უფრო უნარიანი აღმოჩნდა, ვიდრე ღარიბაშვილი. ღარიბაშვილს აღმოაჩნდა უნარი კლანურობაში, კორუფციულ გარიგებებში და ასევე იმაში, რომ ბიძინასთვის ემტკიცებინა ყოველ ჯერზე, რომ ის მისი ყურმოჭრილი მონა იყო – უსიტყვო შემსრულებელი ყველა დავალების.
- რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესში ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს შორის პერსონალური დაპირისპირება?
როცა ირაკლი კობახიძე მოვიდა „ქართული ოცნების“ოფისში აღმასრულებელ მდივნად – ეს იყო 2015 წლის იანვრის ბოლოს – სხდომას მართავდა ღარიბაშვილი, როგორც პრემიერ-მინისტრი და პარტიის თავმჯდომარე. ეს იყო პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა, რომლის წევრიც ფორმალურად ჯერ კიდევ ვიყავი, თუმცა უკვე არავინ არაფერს მეკითხებოდა, რადგან ვიყავი მკვეთრად დაპირისპირებული ღარიბაშვილთან და გუნდთან.
ამ სხდომაზე მიმიწვიეს მრავალთვიანი პაუზის შემდეგ და ამ სხდომაზე მოხდა საოცარი რამ: ღარიბაშვილმა წარადგინა კობახიძე, როგორც პარტიის ახალი აღმასრულებელი მდივანი. გაითვალისწინეთ, რომ თავად ღარიბაშვილი იყო პარტიის თავმჯდომარე, კალაძე – გენერალური მდივანი… ირაკლი ღარიბაშვილმა დაამატა, რომ საკითხი შეთანხმებულია ივანიშვილთან.
ვისხედით მრგვალ მაგიდასთან პოლიტსაბჭოს 12 წევრი, ქვეყნის მაშინდელი ხელმძღვანელებიდან ყველამ ერთბაშად მოიწონა ეს ამბავი, ლამის სადღეგრძელოები იყო კობახიძის მიმართ პოლიტსაბჭოს ზოგიერთი წევრის მხრიდან.
შემდეგ მე ვითხოვე სიტყვა. ღარიბაშვილი ხვდებოდა, რომ მე იქ მისთვის კარგს არაფერს ვიტყოდი და არ უნდოდა ჩემთვის სიტყვის მოცემა. მაშინ ვთქვი, რომ თუ ვინმეს მიაჩნია, რომ კობახიძის, თუნდაც ამ საკმაოდ კარგი იურისტის, პარტიის ხელმძღვანელობაში შემოყვანით ოდნავ მაინც რამე სასიკეთოდ შეიცვლება და ჩვენ გამოვალთ იმ ღრმა, კატასტროფული კრიზისიდან, რომელშიც აღმოვჩნდით, ძალიან ცდებით-მეთქი.
მივმართე ღარიბაშვილს და პოლიტსაბჭოს წევრებს. ვუთხარი ღარიბაშვილს, რომ აი, შენ ხარ კახეთიდან, მივმართე კალაძეს: კახი, შენ ხარ სამტრედიიდან, მანანა კობახიძეს: თქვენ ხართ საჩხერიდან, აი, მე ბათუმიდან ვარ და აღარ შემიძლია ბათუმში ჩასვლა, ბათუმელებს ვეღარ ვუყურებ თვალებში, სად ჩანს ჩვენი დაპირებების შესრულება და უკეთესობა-მეთქი. უკიდურესად გაღიზიანებულმა ღარიბაშვილმა ჩემი მწვავე განცხადების შემდეგ სხდომა დაუყოვნებლივ დახურა.
მეორე დღეს იყო კოალიციის სხდომა და გადავწყვიტე, იქაც მეთქვა ჩემი სათქმელი. სხდომა დაიწყო იმით, რომ ღარიბაშვილმა გამოაცხადა, კობახიძეზე თქვა: ამ ადამიანის ფეხი არ ვნახო ამ ოფისშიო. რა მოხდა მაშინ, ბევრმა ვერ გაიგო.
ჩემთვისაც თავიდან გაურკვეველი იყო, მაგრამ მერე გავიგეთ, რომ კობახიძეს წინა საღამოს, თითქოს მიუცია ინტერვიუ ერთ-ერთი მედიასაშუალებისთვის, სადაც საუბრობდა ღარიბაშვილის კახურ კლანზე. ღარიბაშვილისთვის ეს იყო წითელი ხაზი. მინიმუმ ერთი თვე კობახიძე იმ ოფისში მართლა არ მისულა. მერე რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ ალბათ, როგორც ხდებოდა ხოლმე, ივანიშვილმა დაალაგა მათ შორის ურთიერთობა.
ეს ეპიზოდი იმიტომაც მოგიყევით, რომ პირველი დღიდანვე იყო სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება ღარიბაშვილსა და კობახიძეს შორის. როგორც ჩანს, ღარიბაშვილმა პიროვნულადაც დაკარგა ივანიშვილის ნდობა. სხვა ფაქტორებიც შეიძლებოდა ყოფილიყო.
ნაკლებად ვარ ინფორმირებული, რას აკეთებდა ღარიბაშვილი კულუარებში, მათ შორის, დასავლეთთან კონტაქტების დროს. ცნობილია, რომ ღარიბაშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა მკვეთრად ანტიდასავლური რიტორიკით. დარწმუნებული ვარ 100 პროცენტით: ღარიბაშვილი რომ ივანიშვილს არ ჩამოეშორებინა, ის დღესაც ანტიდასავლური რიტორიკის ლიდერი იქნებოდა.
- როცა ღარიბაშვილს არ აქვს პოლიტიკური წონა, სავარაუდოდ, რა გათვლით ამოიღო იგი მიზანში ივანიშვილმა?
მიმაჩნია, რომ ღარიბაშვილს არავითარი რეალური პოლიტიკური ძალა არ გააჩნდა და არც ახლა გააჩნია. ის რაღაც წონის მქონე იყო მხოლოდ ივანიშვილის კარზე, ივანიშვილის გვერდით, თორემ დამოუკიდებლად რა გითხრათ: ღარიბაშვილი პრემიერად კი არა, ალბათ რომელიმე ერთი რგოლის ხელმძღვანელადაც არ დაინიშნებოდა, მე რომ მკითხოთ.
მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ის, რომ ივანიშვილის ლოგიკა არ არის ჩვეულებრივი ლოგიკა. აი, მე და თქვენ რომ ახლა ლოგიკაზე ვსაუბრობთ ან კანონზომიერებაზე, ეს ივანიშვილისეული ლოგიკა და კანონზომიერება არ არის.
- შეიძლება, საქმე გვქონდეს ივანიშვილის მორიგ ტრიუკთან?
შესაძლოა, ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მისგან გარიყული, მასთან შემცდარი და ნდობადაკარგული ღარიბაშვილი ბოლომდე ჩაეწიხლა. რომ გითხრათ, ამას არ იზამდა, ან ვერ იზამდა, ტყუილი იქნება, მაგრამ რაღაც ლოგიკა ვეძებოთ მის ქმედებაში – უკაცრავად, მაგრამ მე ამას არ ვაპირებ.
აქ არის ერთადერთი ახსნა ჩემთვის: ივანიშვილი იბრძვის – ეს არის მისთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა – გადარჩენისთვის. ივანიშვილს არც ქვეყნის შიგნით და, მით უფრო, ქვეყნის გარეთ არ აქვს მისთვის სასურველი გარემო – ყველგან ფეთქებადსაშიში ვითარებაა, ამიტომ ის ვერავის ვერაფერს ვერ პატიობს და ურჩევნია ზოგჯერ იმაზე მეტად დასაჯოს თანაგუნდელი, ვიდრე ის ამას იმსახურებს.
- მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილს ივანიშვილმა არ აპატია კორუფცია – ამის, როგორც ფეისბუქ რეაქციებიდან ჩანს, არც „ოცნების“ მომხრეებს სჯერათ.
კორუფციაში ჩართულობა საყოველთაოდ ცნობილია და „ოცნებაშიც“ ყველამ მშვენივრად იცის – მათი დიდი ნაწილი ამ კორუფციული სქემის მონაწილეა. მათთვის ღარიბაშვილის საქმე ერთადერთი გზავნილი, რომ ივანიშვილი არავის, როგორც თავში გითხარით, არ პატიობს მისგან განდგომას. ამ განდგომაში რა შეიძლება იგულისხმებოდეს – აქ შეგვიძლია ჩვენ ათი პუნქტი ჩამოვწეროთ, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც არ მოეწონა.
ჩემი აზრით, რაღაც მომენტში უკვე პარანოიდული შიშია ყველაფრისადმი და უნდობლობა ყველასადმი. ჩვენ როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პირველად არ ხდება ისტორიაში, მით უფრო, საქართველოს ისტორიაში.
გავიხსენოთ თუნდაც რამდენიმე ათეული წლის წინ საბჭოთა კავშირი, სადაც იყო კატასტროფული ავტორიტარიზმი და ლიდერები პრაქტიკულად არ ენდობოდნენ გარემოცვის წევრებს – ანადგურებდნენ კიდეც. დღეს მაქსიმუმი, რაც შეუძლიათ, ციხეში გაუშვებენ – დააშავა თუ არ დააშავა, ყველაფერს დააბრალებენ.
ღარიბაშვილმა ახლა თავის თავს დააბრალოს – ის არის ერთ-ერთი მთავარი თანამონაწილე იმ კატასტროფული სისტემის შექმნისა, რომელიც ახლა მას სჯის. სჯის შესაძლოა სამართლიანადაც, მაგრამ თუ დასჭირდათ, კიდევ დაუმატებენ, რამდენ წელსაც უნდათ, იმდენს. სწორედ ეს სისტემა შექმნა ღარიბაშვილმა ივანიშვილთან ერთად და ახლა ის ამ სისტემის მსხვერპლია.
- იმის გათვალისწინებით, რომ კახი კალაძეს „ოცნების“ შიგნით უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე ირაკლი კობახიძეს, მოსალოდნელია, რომ კალაძეც ჩამოაშორონ ივანიშვილის კარს?
კალაძეს ვერავითარი რეიტინგი ვერ უშველის. კალაძე დიდი ხანია გამზადებულია იმისთვის, რომ ჩამოაშორონ გუნდს. მისი კორუფციული წარსული და დღევანდელობა ბევრისთვის არის ცხადზე ცხადი. კალაძეს არ უნდა ჰქონდეს ახლა მაინცდამაინც კარგი განწყობა. ვფიქრობ, იგი იაზრებს, რომ ყოველ წუთას შეიძლება აღმოჩნდეს განსასჯელის სკამზე. არა უბრალოდ დაატოვებინონ თანამდებობა, არამედ აღმოჩნდეს განსასჯელის სკამზე.
მხოლოდ ბატონის განწყობაზე და რაღაც კონიუნქტურაზე დამოკიდებული, როდის მოხდება ეს – ხვალ პირდაპირი გაგებით, თუ რამდენიმე თვეში.
- თქვენი მოლოდინი როგორია: ამჯერად როგორ იმოქმედებს ღარიბაშვილი, ისევ გადაუხდის მადლობას ივანიშვილს?
ირაკლი ღარიბაშვილს ალბათ ორი გზა აქვს: ერთი, რომ დანებდეს – ის აცნობიერებს, რომ კიდევ ბევრი აქვს დაშავებული და შეიძლება იმდენი ბრალი წაუყენონ, რომ უბრალოდ ორ დღეში ერთხელ პროკურატურაში ბრიფინგი იყოს ღარიბაშვილის თემაზე. ასე რომ, მას ერთი გზა აქვს, რომ დადუმდეს და იკმაროს, რაც ივანიშვილმა გამოუწერა.
ან ხმა ამოიღოს, მაგრამ ხმა ამოიღოს არა იმის თაობაზე, რომ მას ერჩიან, არამედ ამხილოს ეს არსით კორუფციული, ანტიდემოკრატიული და ანტიეროვნული მმართველობა. ამას ღარიბაშვილი, ჩემი აზრით, არ იზამს. ბევრი აქვს მიქარული და სათქმელი მაინცდამაინც არც არაფერი არ აქვს.
ეს ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის, რის თქმა შეუძლია ღარიბაშვილს და რაზე წამსვლელია. ასე იცის ხოლმე გაღორებამ და მონობამ; ასე იცის, როცა ქმნი კატასტროფულ სისტემას, რომელიც მერე შენც არ დაგინდობს და არ დაინდობს არავის – ივანიშვილის ჩათვლით.
შესაბამისად, ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ, რომ აი ამ კორუფციული, ავადმყოფური, ანომალიური სერიალის კიდევ მრავალ სერიას ვნახავთ, თუ საზოგადოებამ, მისმა აქტიურმა ნაწილმა, პასუხისმგებლობიანმა ნაწილმა არ მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს დღევანდელთან და მომავალთან დაკავშირებით, თუ არ დავუსვით წერტილი ივანიშვილის ამ დანაშაულებრივ ექსპერიმენტს.
ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზით – თუ შევქმნით არა ვითომ, არა თითიდან გამოწოვილ, არამედ რეალურ პოლიტიკურ ალტერნატივას. სხვა გზა საქართველოს არ გააჩნია რომ გადარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ ივანიშვილმა კიდევ მრავალი წელი, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ათწლეული შესაძლოა საქართველო ამყოფოს ამ სიბნელესა და კორუფციის ამ ჭაობში.
სამართლებრივ პასუხისმგებლობას რომ თავი დავანებოთ, ღარიბაშვილის დაპატიმრება, ორგზის პრემიერისა და პარტიის თავმჯდომარისა, აი, ამ ბრალდებით, რაც ჩვენ ვიცით და სუსის უფროსის ციხეში ყოფნა – მრავალგზის უნდა გამხდარიყო იმის საფუძველი, რომ ჩატარებულიყო ვადამდელი სამართლიანი არჩევნები.
ეს იმისთვის, რომ მომხდარიყო დიდი პოლიტიკური გადატვირთვა, მაგრამ ივანიშვილი ამას არასდროს იზამს და თუ ამაზე წავა, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ მომენტში წავა, თუ ჩათვლის, რომ მის უსაფრთხოებას, მის სტაბილურობას სჭირდება ეს და არა იმიტომ, რომ საქართველოს სჭირდება. ამ ბატონებს დიდი ხანია აღარ ახსოვთ საქართველო.
თავი რომ გავანებოთ ქვეყანას, მხოლოდ ერთი ქალაქი – ბათუმი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ დამოუკიდებელმა საგამოძიებო სტრუქტურამ გამოიძიოს კორუფცია ბათუმში დაკავშირებული მშენებლობებსა და სხვა ბიზნესთან. აჭარა და ბათუმი ბოლო 13 წლის განმავლობაში იქცა კორუფციის, კლანურობის ყველაზე დიდ, ყველაზე სახიფათო და ყველაზე ამაზრზენ პოლიგონად.
ბათუმი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ეს ბატონები, ივანიშვილის თამადობით, იყვნენ განსასჯელის სკამზე. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ივანიშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ 2012 წლიდან მოავლინა ისეთი ადამიანები, რომლებიც არა უბრალოდ იყვნენ და არიან მისი ყურმოჭრილი მონები, არამედ არიან მისი დიდი კორუფციული სქემების შემსრულებლები აჭარაში. შესაბამისად, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობა – ეს არის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
უნდა შევძლოთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს მივცეთ არა მხოლოდ კორუფციისგან გათავისუფლების შანსი, არამედ მივცეთ ნორმალურ, სამართლიან გარემოში ცხოვრების შანსი.
ეს შესაძლებელია ერთი გზით – როცა ჯანსაღი, დემოკრატიული, ძლიერი პოლიტიკური ალტერნატივა საზოგადოებას მისცემს ნდობის საკმარის იმპულსს და შესაბამისად აღიჭურვება სათანადო ნდობით. ეს არის ჩემთვის გამოსავალი, თორემ ღარიბაშვილი, კობახიძე დღეს არის და ხვალ არ იქნება – ეს ყველაფერი ვიღაცისთვის შესაძლოა სეირია, ჩემთვის კი, დიდი ტრაგედიაა.
საქართველოსთვის ეს ნამდვილი ტრაგედიაა – ეს ბატონები ძარცვავენ საქართველოს, ამ ბატონებმა მოუსპეს საქართველოს ნორმალური მომავალი, ჩამოაშორეს განვითარების ნორმალურ ვექტორს, ფეხქვეშ გათელეს კონსტიტუცია და ქართველ ხალხს დააკარგვინეს წარმატების, განვითარების, კეთილდღეობის, თანასწორობის და დემოკრატიის დიდებული შესაძლებლობები. ამის გამო ამათ არ უნდა ასცდეთ სამართლებრივი პასუხისმგებლობა.