თბილისის მუზეუმების გაერთიანების თანამშრომელი გვანცა ბერძენიშვილი, რომელიც 20 აგვისტოს ქუთაისში ბაგრატის ტაძრის მიმდებარე მუზეუმ-ნაკრძალში იმყოფებოდა, გვიყვება იმის შესახებ, თუ როგორ არის ჯაგნარსა და ბალახებში ჩაფლული უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ნაშთები.
მუზეუმ-ნაკრძალი ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზეა.
მუზეუმ-ნაკრძალში, ბაგრატის ტაძრის უკან არსებული გალავნის იქეთ, რუსუდან მეფის დროინდელი კარის ეკლესიისა და სასახლეების ნაშთებია, რომლებიც ბალახითაა დაფარული.
ნახეთ ვიდეო:
„აქ პატარა სასახლეები დგას, რომლებიც ერთმანეთზეა დაშენებული: აფხაზთა მეფის ლეონის სასახლე, ზემოდან არის ერთიანი საქართველოს მეფეების: დავით აღმაშენებლისა და ბაგრატ მესამის სასახლეები, ზემოდან კი იშლება იმერეთის მეფის საცხოვრებელი. ანუ, დიდი მასშტაბის კომპლექსზეა ლაპარაკი“ – ამბობს გვანცა ბერძენიშვილი.
მან გვითხრა, რომ ამ ადგილებს კარგად იცნობს, რადგან მამამისი, არქეოლოგი დავით ბერძენიშვილი, ამ ტერიტორიაზე ხშირად ატარებდა არქეოლოგიურ სამუშაოებს და გვანცაც, ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან, თან დაჰყავდა.
„ბაგრატის ტაძარს ვიცნობ ბავშვობიდან, ყოველ ზაფხულს დავდიოდი აქ, რადგან მამაჩემი არქეოლოგია და საკუთარი თვალით მინახავს, როგორი მდგომარეობა იყო აქ ადრე.
ამოდიოდნენ ისტორიის და არქეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები ყოველ ზაფხულს გაწმენდით სამუშაოებზე და ასე არ იყო ბალახი მოდებული ყველაფერზე.
ბუჩქნარისგან რომ გაწმინდო ტერიტორია, ცხადია, ამას სჭირდება ფიზიკური შრომა. სტუდენტებიც მუშაობდნენ, მამაჩემიც მუშაობდა და სხვა არქეოლოგებიც და ეს კავშირი – უნივერსიტეტსა და ამ ნაკრძალს შორის არსებობდა.
პრაქტიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო, რომ სტუდენტებს ენახათ, როგორ უნდა გაიწმინდოს ძეგლი, როცა მასზე მცენარეა ამოსული.
ადრე ტურისტული მარშრუტიც იყო შექმნილი და აქ ბევრი ტურისტი ამოდიოდა. ახლა კი ყველაფერი ცუდ მდგომარეობაშია. ხეებისა და ბუჩქების გამო, ფაქტობრივად, აღარ ჩანს ისტორიული ძეგლების ფრაგმენტები და ყველაფერი ბალახშია ჩაფლული.
მოშლილია ინფრასტრუქტურა.
ბაგრატის ტაძრის გარდა, უკან მთელი კომპლექსია სასახლეების, აბანოების. უძველესი წყალგაყვანილობის სისტემაა აქ, რომელიც ახლა ხეებით არის დაფარული“- ამბობს გვანცა ბერძენიშვილი.

მისი თქმით, რესტავრაციის შემდეგ, ბაგრატის ტაძარი და მისი მიმდებარე ტერიტორია საპატრიარქოს გადაეცა. ტაძრის ეზო გაწმენდილი და მოვლილია, მაგრამ ტაძრის უკან არსებული მუზეუმ-ნაკრძალი სახელმწიფოს საკუთრებაშია და მიტოვებულის შთაბეჭდილებას ტოვებს.
„შედიხარ ბაგრატის ტაძრის ეზოში და ყველაფერი მოწესრიგებულია, გასუფთავებული, ხალხმრავალი ტაძარია და ტაძრის უკანა მხარე კი, ქალაქის ამხელა ნაწილი – მიტოვებული და მოუვლელია.
როგორც ვიცი, ამ მუზეუმ-ნაკრძალს ოფიციალური სტატუსიც აქვს და წესით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უნდა ზრუნავდეს მასზე, მაგრამ ფაქტია, რომ აქ ყველაფერი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.
1-2 ადამიანს გავესაუბრე, რომლებიც ამბობენ, რომ კადრების ნაკლებობაა. სულ 2 ადამიანი მუშაობს ტერიტორიის დასუფთავებაზეო და თუ ასეა, მაშინ ეს არ არის საკმარისი, რადგან ტერიტორია დიდია და 2 ადამიანი ამას ვერ გაწვდება. 200 და 300 ლარად აღარავის უნდა მუშაობა. არც სტუდენტებს აქვთ, როგორც ჩანს, ინტერესი. ისედაც გარბიან ადამიანები ქალაქიდან, ქვეყნიდან და როგორც ჩანს, სოციალური პრობლემები ამ ინტერესებსაც აქრობს.
ისიც გასარკვევია, რატომ არ ამატებენ კადრებს. მე-13 საუკუნის რუსუდანის ეკლესია რომ ვახსენე, იმის ეზო ამ დილით ჰქონდათ მოთიბული. დანარჩენი ტერიტორია კი, სადაც ისტორიული ძეგლების ნაშთებია, ჯაგნარითაა დაფარული. ასეთ მდგომარეობაში არასდროს ყოფილა ეს ადგილი.
ძალიან მტკივა გული, გაბრაზებული ვარ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოზეც, რადგან შესაძლოა ახლა არ გვაქვს ამ ძეგლების აღდგენის ფული, მაგრამ რაც გაკეთებულია, იმას რომ მიატოვებ და გააჩანაგებ, ეს ძალიან დიდი პრობლემაა“- ამბობს გვანცა ბერძენიშვილი.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და ჰკითხა, რატომ არ იწმინდება მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია, ვინ არის პასუხისმგებელი ტერიტორიის მოვლა-პატრონობაზე და იგეგმება თუ არა ამ მხრივ მომავალში რაიმე.
„მოცემული ტერიტორიის დიდი ნაწილი უკვე გაწმენდილია და გაწმენდის პროცესი აქტიურად გრძელდება.
სამწუხაროდ, საიტმენეჯერი, რომელიც პასუხისმგებელია ტერიტორიის მოწესრიგებაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფდა ტერიტორიის სათანადო მოვლას. თუმცა უახლოეს მომავალში 2 საიტმენეჯერი დაემატება და ტერიტორია მუდმივად მოწესრიგებული იქნება“- მოგვწერეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან.
სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალი სააგენტოს შემადგენლობაში შედის და მუზეუმს ცალკე ბიუჯეტი არ აქვს.
________________
მთავარ ფოტოზე: ბაგრატის ტაძრის სიახლოვეს ბალახით დაფარული მუზეუმ-ნაკრძალი.