ავტორი: თამარ ჩხიკვაძე 

___________________

სასამართლო არის ინსტიტუცია, რომელიც საზოგადოების წინაშე თანასწორობის, მიუკერძოებლობისა და ადამიანის ღირსების დაცვის უმაღლეს სტანდარტს უნდა წარმოადგენდეს. მართლმსაჯულება მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებებით არ ხორციელდება, იგი გამოიხატება იმ ყოველდღიურ პროფესიულ კულტურაშიც, რომელსაც სასამართლო ქმნის. ამ კულტურის განუყოფელი ნაწილია ენა, რომლითაც სასამართლო პროცესის მონაწილეები ერთმანეთს მიმართავენ.

ენა არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება. იგი ასახავს და, ხშირ შემთხვევაში, აყალიბებს საზოგადოებრივ წარმოდგენებს. ამიტომ, როდესაც სასამართლო პროცესში ქალ მოსამართლეს სისტემატურად მიმართავენ სიტყვით – „ბატონო“, საკითხი მხოლოდ ტრადიციას ან ეტიკეტს აღარ ეხება. იგი უკავშირდება იმ სიმბოლურ გზავნილს, რომელსაც მართლმსაჯულების სისტემა საზოგადოებას უგზავნის..

  • არსებული პრაქტიკა

საქართველოს სასამართლოებში დღემდე დამკვიდრებულია პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ქალ მოსამართლეებს ხშირად მიმართავენ სიტყვებით – „ბატონო მოსამართლე“ (იგივე პრაქტიკა არის დამკვიდრებული ქალ პროკურორებთან მიმართებაშიც).

აღნიშნული საკითხი 2021 წელს გახდა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ განხილვის საგანი. ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკის მიერ სახალხო დამცველისადმი წარდგენილ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მსგავსი მიმართვა ირიბად ამყარებს საზოგადოებაში არსებულ გენდერულ სტერეოტიპს, რომლის მიხედვითაც მოსამართლეობა „მამაკაცურ“ პროფესიად აღიქმება.

სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის წახალისება არ დაადგინა, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მიმართვის სავალდებულო ფორმას. თუმცა, გადაწყვეტილებაში პირდაპირ აღინიშნა, რომ ქალი მოსამართლეების მიმართ სქესთან შეუსაბამო მიმართვის გამოყენების პრაქტიკა რეალურად არსებობს და რეკომენდაცია გაუწია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და საქართველოს გენერალურ პროკურატურას, პროფესიულ წრეებში გაემართათ დისკუსია აღნიშნულ საკითხზე და უზრუნველეყოთ ამ თემის ინტეგრირება სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებში.

შესაბამისად, დავა დღეს აღარ ეხება მხოლოდ იმას, არის თუ არა ეს პრაქტიკა კანონსაწინააღმდეგო. კითხვა შემდეგნაირად უნდა დაისვას: შეესაბამება თუ არა აღნიშნული პრაქტიკა თანამედროვე მართლმსაჯულების, თანასწორობისა და პროფესიული ეთიკის სტანდარტებს.

რატომ არ არის  მიმართვა „ბატონო მოსამართლე“ გენდერულად მგრძნობიარე?

ქართული ენის სისტემაში სიტყვა „ბატონი“ წარმოადგენს მამაკაცის აღმნიშვნელ მიმართვის ფორმას, ხოლო მისი ქალური შესატყვისია „ქალბატონი“. შესაბამისად, „ბატონო“ თავისი შინაარსით ვერ ჩაითვლება გენდერულად მგრძნობიარე ტერმინად.

იმ ფაქტს, რომ მიმართვის ეს ფორმა მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა ქალი მოსამართლეების მიმართ, არ შეუცვლია მისი ლექსიკური მნიშვნელობა. პირიქით, ეს პრაქტიკა ასახავს იმ ისტორიულ რეალობას, როდესაც სასამართლო სისტემა თითქმის მთლიანად მამაკაცებით იყო დაკომპლექტებული და მიმართვის ფორმებიც სწორედ ამ რეალობაზე იყო მორგებული.

დღეს, როდესაც ქალი მოსამართლეები საქართველოს სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ და მართლმსაჯულებას თანაბარი უფლებამოსილებით ახორციელებენ, პროფესიული კომუნიკაციაც უნდა ასახავდეს ამ რეალობას.

ქალი მოსამართლის მიმართ მამაკაცისათვის განკუთვნილი მიმართვის ფორმის გამოყენება არ წარმოადგენს გენდერულ მგრძნობელობას. პირიქით, იგი ქმნის წარმოდგენას, რომ ავტორიტეტისა და მოსამართლის როლის ნორმატიული ფორმა კვლავ მამაკაცურ იდენტობას უკავშირდება, ხოლო ქალი ამ როლში მხოლოდ იმ შემთხვევაში თავსდება, თუ მის მიმართაც იგივე, მიმართვის მამაკაცური ფორმა გამოიყენება.

  • საერთაშორისო გამოცდილება

საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ თანამედროვე სასამართლო სისტემები თანდათან ანიჭებენ უპირატესობას პროფესიულ და გენდერულად ინკლუზიურ მიმართვის ფორმებს.

ინგლისისა და უელსის სასამართლოებში ფართოდ გამოიყენება მიმართვის ფორმა “Your Honour” ან უბრალოდ “Judge”, რომელიც მოსამართლის სქესზე არ არის დამოკიდებული.

კანადის რამდენიმე იურისდიქციამ უარი თქვა ისტორიულ ფორმებზე, როგორიცაა “My Lord” და “My Lady” და ჩაანაცვლა ისინი გენდერულად ინკლუზიური ფორმებით.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია „სექსიზმის პრევენციის შესახებ“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ენობრივი პრაქტიკების გადახედვას, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ამყარებს გენდერულ სტერეოტიპებს. რეკომენდაცია ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა, მათ შორის მართლმსაჯულების ორგანოებმა, ხელი უნდა შეუწყონ ისეთი კომუნიკაციის სტანდარტების ჩამოყალიბებას, რომლებიც პატივს სცემს ყველა ადამიანის ღირსებას და უზრუნველყოფს თანასწორ წარმომადგენლობას.

ეს მაგალითები ადასტურებს, რომ თანამედროვე მართლმსაჯულება სულ უფრო მეტად გადადის იმ მოდელზე, სადაც პროფესიული ავტორიტეტი გამოიხატება არა გენდერული, არამედ პროფესიული მიმართვის ფორმებით.

  • სამართლებრივი საფუძველი

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი კრძალავს ისეთი ქმედებების წახალისებას, რომლებიც ხელს უწყობს დისკრიმინაციას. ამავე დროს, თანამედროვე ანტიდისკრიმინაციული სამართალი აღიარებს, რომ თანასწორობის დაცვა მხოლოდ პირდაპირი დისკრიმინაციის აკრძალვით არ შემოიფარგლება.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ პრაქტიკების გადახედვასაც, რომლებიც ფორმალურად ნეიტრალურია, მაგრამ შინაარსობრივ დონეზე ინარჩუნებს ისტორიულ უთანასწორობას.

სახალხო დამცველმაც სწორედ ამიტომ მიუთითა, რომ აუცილებელია პროფესიული დისკუსია და შესაბამისი საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება ქალი მოსამართლეების მიმართ სქესთან შეუსაბამო მიმართვის გამოყენების პრაქტიკის აღმოსაფხვრელად.

შესაბამისად, ვფიქრობ, აუცილებელია, რომ: 

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ შეიმუშაოს პროფესიული რეკომენდაციები ქალი მოსამართლეების მიმართ გენდერულად შესაბამისი ან გენდერულად მგრძნობიარე მიმართვის ფორმების გამოყენების შესახებ;
  • საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უზრუნველყოს აღნიშნული საკითხის ინტეგრირება პროფესიული გადამზადების პროგრამებსა და ეთიკის შესახებ ტრენინგებში;
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ მოსამართლეთა, პროკურორთა და ადვოკატთა სასწავლო პროგრამებში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს გენდერულად მგრძნობიარე სასამართლო კომუნიკაციის სტანდარტებს;
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყოს ისეთი პროფესიული პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რომელიც სრულად შეესაბამება თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს.

ეს მოსაზრება არ ემსახურება ტრადიციების უარყოფას და არც რომელიმე პროფესიული ჯგუფის კრიტიკას. მისი მიზანია მართლმსაჯულების სისტემაში ისეთი პროფესიული კულტურის მხარდაჭერა, რომელიც პასუხობს თანამედროვე კონსტიტუციურ ღირებულებებს, ადამიანის ღირსების პატივისცემისა და გენდერული თანასწორობის პრინციპს.

სასამართლო არის ადგილი, სადაც ყველა მოქალაქემ უნდა დაინახოს, რომ კანონის წინაშე თანასწორობა არა მხოლოდ გადაწყვეტილებებში, არამედ სასამართლოს ყოველდღიურ ენასა და პრაქტიკაშიც აისახება. სწორედ ამიტომ, ქალი მოსამართლეების მიმართ გენდერულად შესაბამისი ან გენდერულად ნეიტრალური მიმართვის ფორმების დამკვიდრება არ წარმოადგენს მხოლოდ ლინგვისტურ ცვლილებას — იგი წარმოადგენს მართლმსაჯულების სისტემის მზაობას, საკუთარი პროფესიული კულტურა შეუსაბამოს იმ ღირებულებებს, რომელთა დაცვასაც თავად ემსახურება.

_________________

თამარ ჩხიკვაძე არის IE University-ის სამართლის სკოლის მეორე კურსის სტუდენტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკის სტაჟიორი. 

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version