განათლების სამინისტრომ მასწავლებლებს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება კიდევ ერთი წლით გადაუვადა. ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია მასწავლებლის ანაზღაურების წესთან, რადგან ბოლო ცვლილების მიხედვით, მასწავლებელს მაღალ ხელფასის მიღება მხოლოდ საათების რაოდენობის მიხედვით შეუძლია.

ამიტომ, მასწავლებელს საკმარისი საათების რომ ჰქონდეს, მან ყველა იმ საგანში უნდა დაადასტუროს კომპეტენცია, რომელსაც სკოლაში ასწავლის.

რაზე მეტყველებს სამინისტრომ ეს ნაბიჯი? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ისტორიის მასწავლებელს, შალვა მინდაძეს ესაუბრა.

  • ბატონო შალვა, წლებია არაერთი შემთხვევა გვახსოვს, როცა სამინისტრო იმ პედაგოგებს ტოვებს სკოლებში, რომლებმაც კომპეტენცია ვერ დაადასტურეს. იგივე მოხდა ახლაც, როცა ჯერ 2026 წლისთვის მოსთხოვეს საგნებში გამოცდების ჩაბარება, დღეს კი ეს ვადები ისევ გადაწიეს. რატომ აკეთებს ამას სამინისტრო?

ზოგადად, ეს ყველაფერი შეურაცხყოფად აღიქმება. როცა მასწავლებელს სთხოვენ კომპეტენციის დადასტურებას, ეს შეურაცხყოფად აღიქმება მათი მხრიდან. როცა ამაზე ვწერ, მეც შემომივარდებიან ხოლმე ფეისბუქზე და მლანძღავენ.

თუ სახელმწიფო ბავშვებს სთხოვს, რომ ისწავლონ, ჩააბარონ გამოცდები და მერე ეროვნულ გამოცდებზე თავი მოუყარონ ამ ცოდნას, იმავეს აკეთებს მასწავლებლის მიმართაც. რეალურად, მასწავლებელი უნდა იყოს ნომერ პირველი ადამიანი, რომელიც მაგალითს უნდა აძლევდეს სხვებს.

ამ დროს, როცა კითხვას უსვამ, აქვს თუ არა კომპეტენცია დადასტურებული, საერთოდ არ გპასუხობენ, ქულასაც არ ამბობენ ხოლმე. „ამდენი წელია სკოლაში ვარ და რაღა უნდა დავამტკიცოო“, – გეტყვიან ხოლმე დ ეს არის პრობლემა.

  • გარდა პრაქტიკული გამოცდილებისა, მასწავლებლების ნაწილი ამბობს, რომ მათ აქვთ უმაღლესი განათლება, აიღეს დიპლომი იმ საგანში, რასაც სკოლაში ასწავლიან და რატომ უნდა უწევდეთ კიდევ კომპეტენციის დადასტურება?

რატომ უნდა ნიშნავდეს სკოლაში თუნდაც 20-წლიანი მუშაობა ავტომატურად იმას, რომ ადამიანი 2026 წელსაც კომპეტენტურია იმ საგანში, რომელიც წლების წინ ისწავლა?

თანამედროვე მეცნიერება იცვლება, იცვლება ისტორიოგრაფია, სწავლების მეთოდები, პროგრამები, ტექნოლოგიები, მიდგომები, – ყველაფერი იცვლება და მასწავლებლის პროფესიაც მუდმივად განახლებადი უნდა იყოს. „მე 20 წელია ვასწავლი“ ეს არ არის საკმარისი.

მაგალითად ავსტრალიაში, 100-საათიანი პროფესიული პრაქტიკა უნდა დაადასტურო ყოველ ხუთ წელიწადში. თუ დიპლომი გაქვს და თუ 5 წლის წინათ კარგი მასწავლებელი იყავი, რა პრობლემაა, რომ დღესაც დაადასტურო ეს კომპეტენცია. აჩვენე რას აკეთებდი ბოლო წლებში იმისთვის, რომ პროფესიულად მაღალ დონეზე  დარჩენილიყავი.

თუნდაც ამ უმარტივესი გამოცდის ჩაბარებაზე პრობლემა რომ გაქვს, სასაცილოა, რადგან თვითონ ტესტის სტრუქტურა არის აბიტურინენტების ტესტზე მარტივი.

მაგალითად, ისტორიის ტესტში ამოვიდა ასეთი შეკითხვა – „რომელი ქალაქი იყო ასურეთის დედაქალაქი?“ ელემენტარული კითხვებია. თუმცა, საქართველოში ამ გამოცდებსაც პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებენ და ახლაც ეს ერთწლიანი გადავადება გადმოუგდეს მასწავლებლებს.

  • სამინისტრო თან სთხოვს მასწავლებლებს კომპეტენციას, თან ლოიალობას იჩენს მათ მიმართ გამოცდების ვერ ჩაბარების შემთხვევაში. რატომ აკეთებს ამას – იმიტომ, რომ ეშინია კადრების დეფიციტი არ შეიქმნას სკოლებში, თუ მუდმივი წნეხის ქვეშ ჰყავდეს ისინი?

სახელმწიფომ შექმნა სისტემა, სადაც ადამიანს აქვს კლასი, ჟურნალი, ნიშნების დაწერის უფლება, პასუხისმგებლობა ბავშვების განათლებაზე, მაგრამ მისი საგნობრივი კომპეტენციის საკითხი და მასწავლებლის ცოდნის ობიექტური შეფასების პრობლემა არასდროს არ მოუგვარებია ბოლომდე.

ვიზუალური ფასადი კარგია, მაგრამ თუ შიგნით ყველაფერი დაჭაობებულია, ერთ დღეს, ეს ფასადიც ჩამოიშლება.

ჩვენც ასეთ მდგომარეობაში ვართ. როგორც კი პრობლემა ზედაპირზე ამოტივტივდება, ვადებს გადაწევენ, შეღავათებზე დაიწყებენ საუბარს – ჭაობიდან ამოსვლა არ უნდათ.

  • დღეს, როცა გამოცდების გადავადებაზე გაავრცელა სამინისტრომ ინფორმაცია, იმავე განცხადებაში წერდა სკოლებში კადრების დეფიციტის პრევენციაზე. ამ წლების განმავლობაში არაერთმა ახალგაზრდა თქვა საჯაროდ, რომ ჩააბარეს მასწავლებლის გამოცდები, დაადასტურეს კომპეტენციები სხვადასხვა საგანში. ეს ნიშნავს, რომ წესით, თუ არაკომპეტენტურ პედაგოგებს გაუშვებენ სკოლიდან, კადრების დეფიციტი მაინც არ უნდა შეიქმნას. ახალგაზრდა კადრების შეშვება არ უნდა სამინისტროს სკოლაში და ამიტომ არ ქმნის ვაკანსიებს?   

დღეს სკოლა ყველაზე პოლიტიზებული სივრცეა. მეორე მხრივ, სკოლა დასაქმების სოციალურ პროგრამასავითაა. ვინმეს თუ ჰყავს ნათესავი დირექტორი, დასვამს სკოლაში ბუღალტრად, მეგობარს მასწავლებლად და ასე შემდეგ და ასეთი კადრები მხოლოდ „გამვლელები“ არიან.

დღეს მასწავლებლის სამუშაო ადგილი უფრო ხელშეუხებლად აღიქმება, ვიდრე ბავშვის განათლების ხარისხი. მარტო იმას კითხულობენ „მასწავლებელმა სამსახური ხომ არ დაკარგა? არავინ კითხულობს – „ბავშვმა განათლება ხომ არ დაკარგა?“ სახელმწიფო ფიქრობს მასწავლებლის ხმებზე და არა ბავშვის მომავალზე. ამიტომ არის, რომ პოლიტიკასთან მიბმული ნებისმიერი საგანმანათლებლო აქტი, არის დრომოჭმული. შედეგზე ორიენტირებული აღარ არის.

თუ ადამიანი ამბობს, რომ 30 წელია გაკვეთილს ატარებს, მაგრამ გამოცდას ვერ აბარებს, ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანი შესაძლოა იყენებდეს ერთი და იგივე კონსპექტს, ერთი და იგივე რესურს და ცოდნას ვერ აახლებდეს.

როგორც უნივერსიტეტში გჭირდება კომპეტენციის დადასტურება, რომ შეინარჩუნო პროფესორის სტატუსი – დაწერო სამეცნიერო სტატიები საერთაშორისო ჟურნალებში, გამოაქვეყნო ნაშრომები და ასე შემდეგ, ასევეა მასწავლებლის შემთხვევაშიც ყველა ნორმალურ ქვეყანაში – უნდა დაადასტურო კომპეტენცია რომ შეინარჩუნო პედაგოგის სტატუსი.

არ შეიძლება მასწავლებელი არ ეცნობოდეს თანამედროვე კვლევებს და თუნდაც ეს გამოცდა, რომელიც არის რეალურად დაბალი დონის გამოცდა და მასწავლებლებს ამ არაფრის მომცემი გამოცდის ჩაუბარებლობასაც პატიობენ.

ეს ერთწლიანი გადავადებაც იმიტომ გააკეთეს, რომ მალე ახალი არჩევნები მოვა და მასწავლებლებს ხომ არ გაანაწყენებენ.

სახელმწიფო ორიენტირებულია მასობრივი ჯგუფების დაკმაყოფილებაზე პოლიტიკური ქულების დასაწერად. ვინც ვერ აბარებს, აიძულებენ, რომ ფორმალურად მაინც გადალახონ მინიმალური ზღვარი, რომ სტატისტიკა გაალამაზონ – „ნახეთ, რამდენი სერტიფიცირებული მასწავლებელი გვყავს“. რეალური ცოდნა კი არავის აინტერესებს.

მე ვიცნობ ადამიანებს, ვისაც მათემატიკაში ან ფიზიკაში აქვს გამოცდა ჩაბარებული, მაგრამ სხვა საგანს ასწავლიან. რა აზრი აქვს ამას? არაფერი. ეს არის ფორმალობა და პოლიტიკური ქულებისთვის შექმნილი პროცესი.

ძალიან ცუდი ფრაზა ასევე „კარგი მასწავლებელია, მაგრამ გამოცდას ვერ აბარებს“. რას ნიშნავს კარგი მასწავლებელი, თუ საკუთარ საგანში მინიმალურ ზღვარს ვერ აღწევს? როგორ დავადგინეთ მისი პროფესიონალიზმი?

ან როცა ამბობენ – „ბავშვებს უყვართ“, ეს არაა საკმარისი. კეთილი ადამიანი თუა, ეს საგნობრივ კომპეტენციასთან კავშირში არ არის. სამწუხაროდ, ამასაც ფარად იყენებენ და სწავლებისთვის საჭირო ცოდნა რომ არ აქვთ „საყვარელი“, „კეთილი“ და ყურადღებიანი“ ადამიანით ფუთავენ ამ ყველაფერს.

ის მასწავლებლები, რომლებმაც მართლა იშრომეს, ისწავლეს და ჩააბარეს, ყოველწლიურად ათასნაირ სამუშაო პროექტებში იღებენ მონაწილეობას, ამ ხალხს დააკლეს ხელფასები და მთლიანად მოშალეს პროფესიული პრესტიჟი.

თუ მართლა უნდათ ხარისხი, მასწავლებლის საგნობრივი გამოცდა ბავშვის ინტერესებზე უნდა იყოს მორგებული და მასწავლებელს განვითარების საშუალებას უნდა აძლევდეს.

რთული გამოცდა უნდა დაიგეგმოს, რომლის ჩაბარებაც ხელფასის მკვეთრ მატებას გამოიწვევს.

სახელმწიფოს მხრიდან სკოლების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და მასწავლებლებზე მანიპულირება ხომ ცალკე სიგიჟეა.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version