„განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ცვლილების მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წლისთვის განისაზღვრა ის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტთა რაოდენობა, რომლებზეც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიღების უფლება აქვთ:
„შესაბამისად, იმ სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი შეჩერებული აქვთ ისეთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღების უფლება შეზღუდული აქვს და ამ მიზეზით სტატუსის აღდგენაზე უარს ეუბნება, 2026-2027 სასწავლო წელს, მობილობის უფლება ეძლევათ.
მათ შეუძლიათ სწავლა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელონ, მიუხედავად სწავლის პერიოდის ხანგრძლივობისა“.
ამავე წყაროს ცნობით, მობილობის უფლებით სარგებლობისთვის სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას“.
განცხადების საფუძველზე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს სტუდენტის მონაწილეობას მობილობის პროცესში, დადგენილი წესისა და ვადების შესაბამისად.
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პორტალზე რეგისტრაცია 24 აგვისტოდან დაიწყება და 8 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
_______________
მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი/ბსუ-ს ეზო.