უკრაინის მოიერიშე ბრიგადის ასმეთაურს, ვლადისლავ პოლსკის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა დაჭრილი ჯარისკაცები, ზელენსკიმ უკრაინის გმირის წოდება და ოქროს ვარსკვლავი მიანიჭა.
ცეცხლის ქვეშ მყოფმა ვლადისლავ პოლსკიმ ორი მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი პირადად გამოიყვანა ბრძოლის ველიდან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, მოვლენები ასე განვითარდა:
ხარკოვის ოლქში 475-ე ცალკეული მოიერიშე პოლკის ორ ჯარისკაცს მისიის დასრულების შემდეგ რუსული „მოლნიას“ დრონები დაესხნენ თავს. დარტყმების შედეგად ორივე ჯარისკაცი მძიმედ დაიჭრა და დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეეძლოთ.
დაჭრილები ღია მინდვრის შუაგულში, დაზიანებულ სახმელეთო რობოტურ პლატფორმაზე დარჩნენ.
ამ მომენტში საჰაერო დაზვერვამ დააფიქსირა სამოქალაქო პიკაპი, რომელიც სწრაფად მიდიოდა სახიფათო ტერიტორიისკენ. პიკაპს ასმეთაური ვლადისლავ პოლსკი მართავდა. მან დაზიანებულ პლატფორმას მიაღწია, ორივე მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი პიკაპის უკანა ნაწილში ჩასვა და გამოიყვანა.
ამ მოვლენის ამსახველი ვიდეო ბოლო დღეებია ვრცელდება ინტერნეტში. ვიდეომასალაში ცხადად ჩანს, რომ პოლსკის ჯავშანჟილეტიც კი არ აცვია დაჭრილების გამოყვანისას. მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცები მან საკუთარი სიცოცხლის ფასად, ბრძანების გარეშე გადაარჩინა.
პოლსკის უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა „უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში გამოვლენილი პირადი გამბედაობისა და გმირობისთვის, ასევე უკრაინელი ხალხისადმი თავდადებული სამსახურისთვის“.
ზელენსკიმ შესაბამის ბრძანებულებას 19 აგვისტოს მოაწერა ხელი.
უკრაინული მედიის ცნობით, პოლსკი 29 წლისაა, იგი რამდენიმე წლის წინ ზაპოროჟიეში ბუნებას ასწავლიდა. მისი სამხედრო მეტსახელი – „თიჩერ“ [teacher – მასწავლებელი ინგლისურად], სწორედ ამას უკავშირდება.
სამხედრო სამსახურში პოლსკი 2023 წელს მოხვდა, როცა მოხალისედ ჩაეწერა. იბრძოდა ბახმუტთან, სადაც დაიჭრა. გახდა სამხედრო მედიცინის მუშაკი, შემდეგ კი – ასმეთაური.