ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, რუსული ტყვეობიდან უკრაინაში დაბრუნდა ეროვნული გვარდიის, უკრაინის შეიარაღებული ძალების, საზღვაო ძალების, თავდაცვის ჯარებისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის 103 სამხედრო მოსამსახურე.

„დღეს რუსული ტყვეობიდან სახლში 103 უკრაინელი ჯარისკაცი ბრუნდება. ესენი არიან შეიარაღებული ძალების, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და ეროვნული გვარდიის დამცველები“ – დაწერა ფეისბუქზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ დღეს, 19 აგვისტოს.

ტყვეების გაცვლა მოხდა რუსეთსა და უკრაინას შორის აშშ-სა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ჩართულობით.

ტყვეობიდან გათავისუფლებულებს შორის არიან საზღვაო ძალების და თავდაცვის ჯარების წარმომადგენლები. ჯარისკაცებისა და სერჟანტების გარდა, არის რამდენიმე ოფიცერიც.

გათავისუფლებულ პატიმრებს შორის ყველაზე ახალგაზრდა  26 წლისაა, ყველაზე უფროსი კი –  59 წლის.

გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურეები უკრაინას მარიუპოლში, დონეცკში, ლუგანსკში, ხარკოვში, ზაპოროჟიეში, ხერსონში, დნეპრისა და სუმიში იცავდნენ.

საკოორდინაციო შტაბის ცნობით, მათი უმეტესობა დაჭრილი იყო და მძიმე დაავადებები ჰქონდა.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version