მატარებლის შეჯახებით აგვისტოში 3 ადამიანი დაიღუპა ბათუმში – რა შეცვალა საქართველოს რკინიგზამ
მატარებლის შეჯახებით აგვისტოში 3 ადამიანი დაიღუპა ბათუმში – აქ ელიან, რომ რკინიგზა გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს
მატარებლის შეჯახებით 16 წლის გოგო დაიღუპა ბათუმში – აქ ელიან, რომ რკინიგზა გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს
მწვანე კონცხზე, იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ მატარებელი მოზარდს დაეჯახა, სარკინიგზო გადასასვლელები აყარეს, ყვითელი ლენტები გააბეს და რკინიგზის ორივე მხარეს ინსპექტორები დააყენეს, რომლებიც მოქალაქეებს ლიანდაგის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ.
გადასასვლელები საქართველოს რკინიგზამ მოშალა, ასევე რკინიგზის თანამშრომლები არიან ის ადამიანები, რომლებიც მოქალაქეების გადაადგილებას აკონტროლებენ.

მწვანე კონცხის სარკინიგზო მონაკვეთზე უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ გაამკაცრეს, რაც 13 აგვისტოს, მწვანე კონცხზე მდებარე ერთ-ერთ სარკინიგზო გადასასვლელზე მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა და მოკლა.
„ფლოსტი გაძვრა, მის ასაღებად დაიხარა. მატარებელი მოდიოდა, უყვიროდნენ, ამ ყვირილზე ბათუმის მხარეს გაიხედა, რაღაც მომენტში მიაბრუნა თავი მეორე მხარეს, მაგრამ მატარებელი უკვე ეჯახებოდა. მემანქანეს უთქვამს – თვალი თვალში გამიყარა, სიკვდილამდე ვერ დავივიწყებ იმ მზერასო,“ – უყვება „ბათუმელებს“ უბედური შემთხვევის ერთ-ერთი თვითმხილველი.
მწვანე კონცხზე ერთადერთი გადასასვლელი დატოვეს – ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან. ამ ადგილას შუქნიშანი დგას. ასევე ირთვება ხმოვანი სიგნალი, რომელიც მატარებლის მოახლოების შესახებ აფრთხილებს ადამიანებს და ასევე დგას ერთი თანამშრომელი, რომელიც ტურისტებს მიუთითებს, რომ მხოლოდ გადასასვლელზე გადაკვეთონ რკინიგზა.

ბოლო 17 დღეში ჩაქვი – ბათუმის მონაკვეთზე მატარებელმა სამი ადამიანი იმსხვერპლა.
აქედან ორ შემთხვევაში სატვირთო მატარებელი დაეჯახა მოქალაქეს, ერთ შემთხვევაში კი სამგზავრო.
ღიად, კამერის წინ საუბარი არ სურთ მწვანე კონცხზე მომუშავეებს, მაგრამ ამბობენ, რომ უბედური შემთხვევების მიზეზი, მათი აზრით, „აჩქარებული მატარებელია“.
„გამოვიდნენ და თავი მოიწონეს – ნახევარი საათით ადრე ჩავა მატარებელი ბათუმშიო. ნახევარი საათით გვიან რომ ჩავიდეს და ეს ტურისტულად დატვირთული მონაკვეთი დიდი სიჩქარით არ გაიაროს მატარებელმა არ შეიძლება?“ – გვეკითხება მწვანე კონცხზე მცხოვრები და მომუშავე ერთ-ერთი ადგილობრივი.
მისივე თქმით, გადასასვლელი, რომელიც 15 აგვისტოს მოშალა რკინიგზამ, „რაც თავი ახსოვს“ ფუნქციურია და ამით როგორც მწვანე კონცხზე მცხოვრები მოსახლეობა, ისე დამსვენებლები სარგებლობდნენ. ის გამოსავალს არა გადასასვლელის მოშლაში, არამედ რკინიგზის სახიფათო მონაკვეთების შეღობვაში ხედავს.
„შეხედეთ იმ ყვითელ ლენტებს. ეს ლენტი დააკავებს მოქალაქეს? აქ არ გადადიან მართალია, მაგრამ ცოტა ზემოთ მიდიან და იქ კვეთენ რკინიგზას, სადაც ლენტი არაა გაბმული. მწვანე კონცხის გადასასვლელამდე მაინც არ მიდიან. ამ კონკრეტულ მონაკვეთზე აკრძალვის აზრს ვერ ვხედავ. აქეთ მეწარმეები ზარალდებიან მხოლოდ.
გააკეთონ ღობე, შემოღობონ და აქ გააკეთონ გადასასვლელი, რომელიც აქტიურ სეზონზე გაკონტროლდება. გაიმეტოს ფული რკინიგზამ, დაასაქმოს ერთი ადამიანი, რომელიც გადასასვლელის მეთვალყურე იქნება. როგორც ბოტანიკურის შესასვლელთანაა შუქნიშანი ისე გააკეთონ აქაც და დაიცვან უსაფრთხოება“, – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

მწვანე კონცხზე მცხოვრებთა და დასაქმებულთა თქმით, ისინი ელიან, რომ რკინიგზაში გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, სახიფათო მონაკვეთს შეღობავენ, ძველ გადასასვლელს აღადგენენ და უსაფრთხოების ისეთ ნორმებს დანერგავენ, რაც მოქალაქეების ლიანდაგზე გადასვლას საფრთხეს აღარ შეუქმნის.
„ბათუმელებს“ ასევე უთხრეს, რომ ლიანდაგის შეღობვა უკვე დაწყებულია.
„როგორც ვიცი, ლანჩხუთიდან მოყვებიან და ყველა იმ ადგილს შეღობავენ, სადაც კრიტიკული წერტილებია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ინფორმირებულმა პირმა.
- რას ამბობს საქართველოს რკინიგზა
3 აგვისტოს ჩაქვში სატვირთო მატარებელი ახალგაზრდა კაცს დაეჯახა. 13 აგვისტოს 16 წლის გოგოს მწვანე კონცხზე, ხოლო 16 აგვისტოს ისევ ახალგაზრდა კაცი დაიღუპა ჩაქვში მატარებლის შეჯახების შედეგად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამივე შემთხვევაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
არცერთ შემთხვევაზე თავად საქართველოს რკინიგზას რაიმე ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია.
საქართველოს რკინიგზას არ უპასუხა არც „ბათუმელების“ მიერ გაგზავნილ კითხვებს.
„ბათუმელებმა“ არაოფიციალურად შეძლო გარკვევა, რომ სარკინიგზო ლიანდაგის უსაფრთხოების დასაცავად, საქართველოს რკინიგზამ მართვის ცენტრალური აპარატიდან – გენერალური ინსპექციიდან რამდენიმე ინსპექტორი ბათუმში მიავლინა.
უსაფრთხოების ჯგუფის წევრები რკინიგზის გასწვრივ რამდენიმე ადგილას არიან განლაგებული, მათ შორის, მწვანე კონცხზე, ბუკნარში და მახინჯაურში – იქ, სადაც ყველაზე მეტი ტურისტი მოძრაობს.
რა გონივრული გამოსავალი არსებობს იმისათვის, რომ ერთი მხრივ არც მოსახლეობა დაზარალდეს და მეორე მხრივ, დამსვენებელი იქნება თუ ადგილობრივი, უსაფრთხოდ გადაკვეთოს რკინიგზა?
საერთაშორისო პრაქტიკა ამბობს, რომ საუკეთესო საინჟინრო გადაწყვეტილება ასეთ დროს, არის შეღობვა, სპეციალური შუქნიშნების მოწყობა ან/და ლიანდაგის სხვადასხვა დონეზე გადაკვეთა – საფეხმავლო ხიდის ან მიწისქვეშა გადასასვლელის გაკეთება.
რამდენად რეალურია შეიღობოს არა მთლიანად რკინიგზა, არამედ სახიფათო ე.წ. შავი წერტილები და მოწესრიგდეს გადასასვლელები – ამ კითხვებზე პასუხის მიღებას „ბათუმელები“ შეეცადა.
„არასანქცირებული პირების გადაადგილება უნდა შეიზღუდოს რკინიგზაზე, ცნობიერება უნდა ამაღლდეს, ამასთან, რკინიგზამ და მუნიციპალიტეტმა ერთად უნდა მოიფიქროს გამოსავალი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ შპს Georail-consulting-ის დამფუძნებელი და დირექტორი ლევან ლომსაძე. მას აკადემიური ხარისხი აქვს დაცული სარკინიგზო ინჟინერიის მიმართულებით და თავადაც უმუშავია რკინიგზაში.
შეიძლება თუ არა იყოს გამოსავალი ფიზიკური ბარიერი, ღობის გავლება – ვკითხეთ ლევან ლომსაძეს.
„რეალურად უნდა შევხედოთ, რომ ნამდვილად ვიპოვოთ გამოსავალი. მოსახლეობას რა რეაქცია ექნება, როდესაც [ღობის გამო] მოუწევთ შემოვლითი გზით სიარული? ადრე, როცა არაოფიციალური გადასასვლელების მოშლა ხდებოდა, მოსახლეობის მხრიდან ძალიან დიდი უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვებოდა ხოლმე. ვიღაცას ეზარება 100 მეტრის გავლა და გადადის იქ, სადაც არ შეიძლება.
სამტრედია-ბათუმის მონაკვეთზე ჩემი თვალითაც მინახავს ბევრჯერ, რომ მოსახლეობა აწყობდა თვითნებურ გადასასვლელებს. იდეალური სიტუაცია იქნებოდა, რკინიგზა რომ იყოს შეღობილი, მაგრამ ჩვენთან ახლა სიჩქარეები არ არის ისეთი და ტექნიკური რეგლამენტით არ არის მოთხოვნა, რომ ჩვეულებრივ რკინიგზაზე ყველაფერი შეღობილი იყოს. ამიტომ ვამბობ, რომ ცნობიერება არის ნომერ პირველი. უნდა იყოს კამპანიები სარკინიგზო უსაფრთხოების კუთხით.
მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ არ შეიძლება ლიანდაგის გადაკვეთა დაუშვებელ ადგილებში. ვხედავთ კადრებს, როგორ იღებენ სელფებს მატარებლის ფონზე – ეს სიკვდილთან თამაშია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ შპს Georail-consulting-ის დამფუძნებელი და დირექტორი ლევან ლომსაძე.
ლევან ლომსაძე საუბრობს პასუხისმგებლობა უსაფრთხოებაზე ეკისრება არამხოლოდ რკინიგზას, არამედ მუნიციპალიტეტს და მოქალაქესაც.
„ალბათ რაღაცა პასუხისმგებლობა გარშემო ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტების მფლობელებმაც უნდა გაიზიარონ. არ ვიცი, ზედამხედველს დანიშნავს თუ ვის დანიშნავენ, მაგრამ აუცილებელია, რომ გადასასვლელები გაკონტროლდეს.
ჩემი აზრით, საქართველოში უნდა აღირიცხოს და გამოვლინდეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე მსგავსი კრიტიკული ადგილები და მაქსიმალურად უნდა შეიღობოს. მაგრამ აქ შემოდის მეორე საკითხი – რა რეაქცია ექნება ამაზე მოსახლეობას.
მეორე მხრივ, ეს მარტო რკინიგზის პრობლემა არ არის, აქ უნდა ჩაერთოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიც, რკინიგზის ტრანსპორტის სააგენტო და ერთიანი ხედვა უნდა არსებობდეს. კრიტიკული ადგილები უნდა გამოვლინდეს და ეტაპობრივად შეიღობოს“, – ამბობს ლევან ლომსაძე.
სპეციალისტის თქმით, საქართველოს რკინიგზაზე სამგზავრო მატარებელი 120 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით არ მოძრაობს.
ხოლო არსებობს განსაზღვრული უბნები, სადაც მატარებელი სიჩქარეს ამცირებს 60 ან 80 კმ-საათამდე.
როდესაც მემანქანე საფრთხეს აღიქვამს და მუხრუჭს იყენებს, გაჩერების მანძილი შეიძლება იყოს 100-200 მეტრი.
„მუხრუჭის გამოყენების შემდეგ მატარებლის გაჩერება დამოკიდებულია სიჩქარეზე, რელიეფზე და კლიმატურ პირობებზეც კი. საფრთხიდან 10 და 15 მეტრში მატარებელი ვერ გაჩერდება, გამორიცხული თემაა. სველ ლიანდაგზე სამუხრუჭე მანძილიც იცვლება. გარდა ამისა, მემანქანეების ემოციური მდგომარეობაც ძალიან რთულია ასეთ დროს – უყურებენ საფრთხეს და ვერაფერს აკეთებენ მუხრუჭის მოქმედებაში მოყვანის გარდა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ შპს Georail-consulting-ის დამფუძნებელი და დირექტორი ლევან ლომსაძე.
- როგორ იქცეოდა რკინიგზა წინა წლების ტრაგედიებზე
გასულ წლებში ბათუმში ორი შემთხვევა იყო, როდესაც მატარებელი მოქალაქეს დაეჯახა და მოკლა. 2025 წლის თებერვალში, მახინჯაურში, ლიანდაგზე ახალგაზრდა ქალს დაეჯახა მატარებელი, 2025 წლის აპრილში კი ბარცხანის ხიდის ქვეშ, სკოლასთან ახლოს მდებარე სარკინიგზო გადასასვლელზე 13 წლის მოზარდი დაიღუპა.
„ბათუმელებმა“ – ორივე ადგილი გადაამოწმა. მახინჯაურში არაფერი შეცვლილა, სარკინიგზო ლიანდაგი ისევ ღიაა, რაც შეეხება ბარცხანას, აქ მთელს სიგრძეზე, ქუჩის მხრიდან მწვანე მესრითაა ტერიტორია შეღობილი, თუმცა უშუალოდ ხიდის ქვეშ, რკინიგზაზე გადასასვლელი ღიაა.

„თვალებიდან არ ამომდის ის ტრაგედია, ის პატარა ბავშვი, რომელიც აქ მატარებელმა გაიტანა. ამ ამბიდან მალევე შეღობეს ეს ტერიტორია. ამას გარდა, მატარებელი როცა მოდის, ამ ადგილას უკვე ძალიან აქვს სიჩქარე დაკლებული. სულ ვაკონტროლებთ მეზობლები – ბავშვებიც და დიდებიც. აქ ისეთი ადგილია, გარეთ ვუშვებთ ბავშვებს თავისუფლად და ყველას ვაფრთხილებთ, რომ რკინიგზას არ გაეკარონ. თუ ვინმე უფროსი დაინახავს, რომ ვინმეს ბავშვი ლიანდაგისკენ მიდის, ეგრევე ეძახის და გამოჰყავს.
კარგია, რომ შეღობეს, ოღონდ თქვენც ხედავთ, როგორაა შეღობილი – სკოლისკენ გასასვლელი დატოვეს. ხალხმა მოითხოვა, რომ გახსნილიყო.
რამდენად უსაფრთხოა რა ვიცი, მაინც რკინიგზის გადავლა გიწევს. უბრალოდ, ნებისმიერ ადგილას ვეღარ გადადიხარ და ხალხიც უფრო ფრთხილად ვართ იმ ამბის შემდეგ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბარცხანაში, რკინიგზის გადასასვლელთან ახლოს მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ერთსა და იმავე გეოგრაფიულ არეალში, მცირე დროში, სამი ადამიანის დაღუპვას, საქართველოს რკინიგზა განიხილავს როგორც ცალკეულ შემთხვევას, თუ ეს მიუთითებს სისტემური უსაფრთხოების პრობლემის არსებობაზე.
„ბათუმელებმა“ საქართველოს რკინიგზას კითხვებით მიმართა, თუმცა პასუხები არ მიგვიღია. მათთვის გაგზავნილ კითხვებს, აქვე საჯაროდაც ვსვამთ:
- რამდენი ქვეითთა გადასასვლელია მწვანე კონცხის მონაკვეთზე და რამდენია მათგან აღჭურვილი შლაგბაუმით, შუქნიშნით, ხმოვანი სიგნალით, განათებით ან სხვა დაცვის სისტემით?
- რას გეგმავს საქართველოს რკინიგზა უკანონო გადასასვლელებთან დაკავშირებით?
- რა არის მატარებლების საშუალო სიჩქარე ამ კონკრეტულ მონაკვეთებზე?
- შეუძლია თუ არა მატარებლის მემანქანეს დროულად დაინახოს ადამიანი ლიანდაგზე იმ მონაკვეთზე, სადაც ეს შემთხვევები მოხდა?
- ადგილობრივები ამბობენ, რომ „მატარებელი საგრძნობლად აჩქარდა ამ მონაკვეთების გავლისას“ და სწორედ ამას უკავშირებენ გახშირებულ უბედურ შემთხვევებს. როგორია ამ საკითხზე საქართველოს რკინიგზის პასუხი?
- არსებობს თუ არა კამერები, სენსორები, თერმული კამერები ან სხვა სისტემა, რომელიც ლიანდაგზე ადამიანის აღმოჩენას უზრუნველყოფს?
- ბოლო სამ შემთხვევაზე მოკვლევა თუ ჩატარდა და რა დაადგინა თითოეულზე შიდა მოკვლევამ?
- რა მანძილზე შეამჩნია მემანქანემ ადამიანი? რა დროს მისცა სიგნალი?
- რა სიჩქარით მოძრაობდა მატარებელი შეჯახების მომენტამდე და იყო თუ არა ტექნიკურად შესაძლებელი მისი გაჩერება?