ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ, აგვისტოს ომის წლისთავზე, აბიტურიენტებმა, რომლებიც თსუ-ს ევროპისმცდონეობა აირჩიეს, სმს შეტყობინება მიიღეს: „გაუქმდა მიღება, გთხოვთ, გადახედოთ თქვენს მიერ შედგენილი პროგრამების პრიორიტეტულ სიას…“
ირკვევა, რომ განათლების ხარისხის ცენტრს [ეს უწყება აწარმოებს პროგრამების აკრედიტაციას] და თსუ-ს შორის არსებობდა მოლაპარაკება და პროგრამებს, რომლებსაც ვადა გასდიოდა [მათ შორის, ევროპისმცდონეობას], ამ ვადას 2029 წლამდე გადაუვადებდნენ. ეს თსუ-ს ევროპისმცდონეობის პროგრამის ხელმძღვანელის საჯაროდ დაწერილი კომენტარიდან ირკვევა:
„ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა რეაკრედიტაციის პროცესშია და პირველკურსელებს წელს ვერ მივიღებთ. ხოლო თავად პროგრამა არ გაუქმებულა!…
თსუ-ის ყველა სხვა, ასეულობით პროგრამა 2029 წლის კლასტერული აკრედიტაციის პროცესში გადაიტანა ცენტრმა, გამონაკლისის სახით, წელს რეაკრედიტაციისთვის დატოვეს მხოლოდ – ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა,“ – აღნიშნავს ევროპისმცოდნეობის პროგრამის ხელმძღვანელი, ნინო ლაპიაშვილი.
„ახლა კი დამაჯერეთ, რომ აგვისტოს ომის წლისთავზე თსუ-ში მოულოდნელი რეაკრედიტაციის მიზეზით ევროპისმცოდნეობის პროგრამაზე მიღების გაუქმება უბრალო დამთხვევაა და პაპუაშვილის და მისნაირების განცხადებებთან კავშირი არ აქვს,“ – წერდა სოციალურ ქსელში განათლების ექსპერტი, ლიკა ღლონტი.
რატომ დაიწყო რეაკრედიტაციის პროცესი მხოლოდ ევროპისმცდონეობის პროგრამაზე, რის გამოც უკვე გამოცდების ჩაბარების შემდეგ პირველკურსელების მიღება ამ მიმართულებაზე შეუძლებელია? თუ პროგრამას აკრედიტაციის ვადა გასდიოდა, როგორც მოხვდა თსუ-ს ევროპისმცოდნეობა გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობარში? – კითხვებით მივმართეთ გამოცდების ეროვნულ ცენტრს, ასევე განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს.
ორივე უწყებაში „ბათუმელების“ შეკითხვები მოინიშნეს და დაგვპირდნენ, რომ თავად დაგვირეკავდნენ, თუმცა სამუშაო დღის ბოლომდე არავის დაურეკავს.
„ბათუმელებმა“ განათლების ექსპერტთან, ერაზმუს +ის ყოფილ დირექტორთან, ლიკა ღლონტთან ინტერვიუ ჩაწერა:
- ქალბატონო ლიკა, აგვისტოს ომის წლისთავზე – როგორც ამას თქვენ გაუსვით ხაზი ფეისბუკპოსტში – თსუ-ში მოულოდნელად, რეაკრედიტაციის მიზეზით, ევროპისმცოდნეობის პროგრამაზე მიღება გაუქმდა. რას ნიშნავს ეს ამბავი, როცა 1000-ზე მეტ სტუდენტს სურდა სწავლა ამ მიმართულებით?
არ მინდა კონსპიროლოგია, მაგრამ ეს ნიშნავს მისაღები გამოცდების პროცესის ძალიან ცუდ მენეჯმენტს. აქ არის სამი ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობის ჩავარდნა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გამოცდების ეროვნული ცენტრი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. სამინისტროზე აღარაფერს ვამბობ, გასაგებია, რომ სამინისტროს გარეშე ეს ამბავი არ მოხდებოდა.
გაგახსენებთ კონტექსტს: ჩვენ ვმუშაობთ სახელმწიფო დაკვეთის შესრულებაზე – პირველი წელია, როდესაც პროგრამების რაოდენობა, მისაღები კონტინგენტი: სად, რომელ ქალაქში, რომელ ფაკულტეტზე რამდენი სტუდენტი მიიღებოდა – ყველაფერი იყო მკაცრად განსაზღვრული სახელმწიფოს მიერ.
შესაბამისად, როდესაც გამოვიდა აბიტურიენტების ცნობარი, რომელშიც მითითებულია თსუ-ს მიერ შემოთავაზებული ევროპისმცოდნეობის პროგრამა, 50 სასწავლო ადგილი და პროგრამის აკრედიტაციის ვადა იწურება მანამდე, ვიდრე დაიწყება მისაღები გამოცდები, ეს უკვე პრობლემაა. პროგრამის აკრედიტაციის ვადა მითითებული იყო 30 ივნისი. გამოცდები დაიწყო ივლისში. ეს ნიშნავს, რომ სანამ სტუდენტებმა დაიწყეს პირველი გამოცდის ჩაბარება, მანამდე ამ პროგრამას ვადა უკვე გასული ჰქონდა.
ამავდროულად, არსებობდა მოლაპარაკება ხარისხის ცენტრსა და თსუ-ს შორის, რომ ყველა პროგრამის აკრედიტაციის ვადა კლასტერულ რეჟიმში გადავიდოდა 2029 წლამდე.
- ევროპისმცოდნეობის პროგრამის ხელმძღვანელი თავის საჯარო კომენტარში განმარტავს: თსუ-ის ყველა სხვა, ასეულობით პროგრამა 2029 წლის კლასტერული აკრედიტაციის პროცესში გადაიტანა ცენტრმა, გამონაკლისის სახით, წელს რეაკრედიტაციისთვის დატოვეს მხოლოდ – ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა.
დიახ, ყველა სხვა პროგრამაზე ეს მიდგომა გავრცელდა – თუ შეხედავთ ცნობარს, მაგალითად, თსუ-ს კიდევ ერთ პროგრამას, ეკონომიკის ინგლისურენოვან პროგრამას, მასაც ჰქონდა იგივე აკრედიტაციის ვადა – 2026 წლის 30 ივნისი, მაგრამ იმ პროგრამას პრობლემა არ შეჰქმნია, ის გადავიდა 2029 წლამდე. მაინც და მაინც ევროპისმცოდნეობის რეაკრედიტაცია მოითხოვეს.
აი, აქ გვაქვს ჩვენ დიდი კითხვის ნიშნები.
- სამართლებრივად ამის უფლება ჰქონდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, როცა უკვე გამოცდები ჩააბარეს აბიტურიენტებმა?
არააკრედიტებულ პროგრამაზე მისაღები გამოცდების დაშვება წლევანდელ კონტექსტში არ შეიძლებოდა, მაგრამ იყო მოლაპარაკება და არსებობს ბრძანება, რომ პროგრამები უნდა გადასულიყო 2029 წლამდე. აქ ისმის პირველი შეკითხვა: როდესაც იყო ეს მოლაპარაკება, რატომ აიტკივეს აუტკივარი თავი და რატომ მოინდომეს რეაკრედიტაცია მხოლოდ ამ კონკრეტული პროგრამის შემთხვევაში?
- განათლების განვითარების ეროვნულ ცენტრს არაფერი განუმარტავს საჯაროდ? ჩვენ ვცადეთ ამ უწყებიდან დღეს ინფორმაციის მიღება, მაგრამ უშედეგოდ…
ოფიციალური პოზიცია არ დაფიქსირებულა. კულუარებიდან ვიცი, რომ მიდის ერთმანეთზე გადაბრალება. სახელმწიფო სსიპ-ს შეცდომის აღიარება არ მოსწონთ, ხდება უნივერსიტეტზე ამის გადაბარება. უნივერსიტეტის პროგრამის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნინო ლაპიაშვილი, ძალიან ყოჩაღად იბრძვის ამის წინააღმდეგ. საბოლოოდ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, არ ვიცი.
პოლიტიკური ნება რომ არსებობდეს, ძალიან მალე შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. შეიძლება, პროგრამა დაბრუნდეს აკრედიტაციის 2029 წლის რეჟიმში [გაუქმდეს რეაკრედიტაციის მოთხოვნა], ან რეაკრედიტაცია მოხდეს ძალიან სწრაფ რეჟიმში.
ჩვენ ვნახეთ, რომ როცა სახელმწიფოს უნდა, ძალიან სწრაფად ხდება აკრედიტაცია, მაგალითად, აგრარული უნივერსიტეტის, სოხუმის უნივერსიტეტის შემთხვევაში, ძალიან მალე გაიარეს ავტორიზაცია უშიშროების აკადემიამ, დიპლომატიის აკადემიამ. არავის უნახავს არც მათი პროგრამები, პერსონალი. პოლიტიკური ნება როცა არის, აკრედიტაციის მექანიზმს სახელმწიფო იყენებს ძალიან მოქნილად.
ახლა გამოჩნდება, არის თუ არა ასეთი პოლიტიკური ნება ევროპისმცოდნეობის პროგრამის მიმართ.
- გამოჩნდება, თუ გამოჩნდა უკვე ეს ნება? აბიტურიენტებს მიუვიდათ სმს, რომ ვეღარ მიიღებენ პირველკურსელებს თსუ-ს ევროპისმცოდნეობაზე.
ძალიან მიჭირს ამაზე კომენტარის გაკეთება, როცა საბუთი ხელში არ მიჭირავს. არ მიყვარს ყურმოკრული საუბარი, მაგრამ არანაირი საბუთი და ოფიციალური განცხადება არ გამოქვეყნებულა ამის შემდეგ, პროგრამის ხელმძღვანელის საჯარო განცხადების გარდა.
მოლოდინი და კულუარული ინფორმაცია არის ისეთი, რომ ამ სტუდენტებს სთავაზობენ სხვაგან ჩაბარებას, მანამდე პროგრამამ შეიძლება გაიაროს აკრედიტაცია და მეორე სემესტრიდან მობილობით გადმოვიდნენ სტუდენტები ამ პროგრამაზე.
ნებისმიერ შემთხვევაში, ცალსახად სტუდენტების უფლებები დაირღვა, აბიტურიენტების, რომლებმაც აირჩიეს ეს პროგრამა პირველ არჩევანად.
- სმს-ში სტუდენტებისთვის მიუწერიათ, „გთხოვთ, გადახედოთ თქვენს მიერ შედგენილი პროგრამების პრიორიტეტულ სიას…“
ეს არ იყო ცინიკური განცხადება?
ველოდი, რომ ერთი აბიტურიენტი მაინც გაასაჩივრებდა ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ალბათ სამართლის მოლოდინი არავის აქვს. წესით, ეს უნდა გასაჩივრდეს სასამართლოში.
- ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება, როცა ვსაუბრობთ სტუდენტების უფლებების დარღვევაზე?
სახელმწიფოსი. ფორმალურად – გამოცდების ეროვნული ცენტრის – მის ცნობარში გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე გააკეთეს სტუდენტებმა არჩევანი, გამოცდებში მიიღეს მონაწილეობა, შემდეგ კი, გამოცდების ცენტრის SMS-ით მიიღეს ინფორმაცია, რომ პროგრამა გაუქმდა.
აქ არის ორი სსიპ: გამოცდების ეროვნული ცენტრი, რომელმაც უნდა გადაამოწმოს პროგრამების ვარგისიანობის ხარისხი და ხარისხის ეროვნული ცენტრი, რომელმაც თავისივე ბრძანებით გამონაკლისი დაუშვა და ევროპისმცოდნეობის რეაკრედიტაცია დაიწყო.
- თსუ-ში ამ პროგრამის მენეჯმენტს არაფერი არ შეეძლო?
პროგრამის ხელმძღვანელმა თქვა, რომ იყო მოლაპარაკება და 2029 წლამდე ეს გადაიწევდა. ეს არის ფაკულტეტის, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების საკითხი. თსუ-ს ადმინისტრაციასაც მკაფიოდ უნდა გაერკვია ეს საკითხი. ბრძანებისკენ იშვერს ყველა ხელს, რომელიც ცუდად დაწერილია და შეიძლება მისი ინტერპრეტირება მოხდეს სხვადასხვანაირად.
აქ იურიდიული კაზუისტიკა ბევრს არაფერს ცვლის. ვიცით, რომ იურიდიული საკითხები არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ნების აღსრულებისთვის.
- ეს პოლიტიკური ნება რა არის? ჩანს თუ არა პირდაპირ „ქართული ოცნების“ მთავრობის განზრახვა ევროპისმცოდნეობის წინააღმდეგ?
რამდენიმე დღის წინ ძალიან ემოციურად დავწერე ეს ამბავი. მგონია, რომ შემთხვევით არ ხდება, რომ მაინცდამაინც ევროპისმცოდნეობას დაარტყეს, მაგრამ საბუთი ხელში არ მაქვს, გარდა ჩემი განწყობისა. ყველაზე მარტივი სათქმელია, რომ ეს არის ძალიან ცუდი მენეჯმენტი. ასეთი რაღაც მაშინ ხდება, როცა გაუაზრებელია რეფორმა, როცა ყველაფერი ნაჩქარევად კეთდება. ამ დროს არც სამინისტრომ იცის, რა ხდება და არც უმაღლესმა სასწავლებელმა.
- მაგრამ როცა ასობით მსგავს პროგრამას უგრძელებენ ვადას 2029 წლამდე და მხოლოდ ევროპისმცოდნეობაზე აჩერებენ სტუდენტების მიღებას, არ ჩანს ნათლად ეს განზრახვა?
განზრახვა თუ არ არის, სიმბოლიზმი ნამდვილად სახეზეა.
მე ამდენ ჭკუასაც არ მოვთხოვ მათ, რომ ეს ასე განზრახ ჩაეფიქრებინათ, უფრო მგონია, რომ კომუნიკაციის ნაკლებობა, ვინც კი იყო მაღალი კლასის პროფესიონალი, ძალიან ბევრმა დატოვა ეს სამსახურები, ბევრი გაუშვეს. ასეთ პირობებში, როცა პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით აგყავს პერსონალი სახელმწიფო სიპებ-ში, შეცდომები გარდაუვალია.
- რა არის მთავარი გარემოება, რამაც შეცვალა თქვენი შეხედულება: საქმე გვაქვს, სავარაუდოდ, უფრო შეცდომასთან და არა განზრახვასთან?
ამ დაბნეულობამ და კულუარულმა მიმოწერებმა, სადაც ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს. როცა განზრახვაა, იქ უკვე პასუხები გამზადებული აქვთ ხოლმე, აქ კი აწეწილი სიტუაციაა.
16-17 წელია მიმდინარეობს ერთიანი ეროვნული გამოცდები და მსგავსი სკანდალი არ ყოფილა. პირველი შემთხვევაა, როცა სახელმწიფო აცხადებს რეკლამირებული რეფორმის პირობებში, რომ ადგილები დათვალეს შრომის ბაზრის მოთხოვნები და გამოცდების ჩატარების შემდეგ პროგრამა უქმდება.
- თუმცა იგივე მიმართულებით შესაძლებელია სწავლა, მაგალითად, ბათუმის უნივერსიტეტში, ან კავკასიის უნივერსიტეტში.
კავკასიის უნივერსიტეტში ამ მიმართულებით სწავლა ფასიანია – დაახლოებით 5 ათასი ლარია წელიწადში. მე რომ ვიყო აბიტურიენტი, შეიძლება არ მაწყობდეს არც ბათუმში წასვლა, რადგან სხვა ქალაქია, ბინა უნდა ვიქირავო. მე რომ აბიტურიენტი ვიყო, დაირღვა ჩემი უფლებები. აბა, არ დაირღვა?
პროგრამა უქმდება მისაღები გამოცდების შემდეგ – ეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ისტორიაში პირველი და იმედია უკანასკნელი, უნიკალური შემთხვევა. ძალიან სამარცხვინო და უხერხული ამბავია.