„19 წელია ემიგრაციაში ვარ. ემიგრაციაში ყოფნის დროს ვიყიდე ბინა ბათუმში 2021 წელს, ერთიანად გადავიხადე თანხა. ბინა 2022 წელს უნდა ჩამბარებოდა, მაგრამ კორპუსი დღესაც დაუსრულებელია… ბოლოს მითხრეს, გასაღები წაიღეთო. ახლა კი, საერთოდ აღარავინ არ გვპასუხობს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნინო მუმლაძე. იგი აშშ-ში ცხოვრობს შვილთან ერთად.
ემიგრაციაში მყოფ დედა-შვილს ცალ-ცალკე უყიდია ბინები ბათუმში, მშენებარე კორპუსში. ბინა ახალ ბულვართან ახლოსაა. გრიგოლ ელიავას 53-ში კორპუსი კომპანია „ციტრონ გრუპს“ უნდა აეშენებინა.
„2022 წლის მაისში ჩამოვედი ამერიკიდან საქართველოში და მივედი ბინის სანახავად,“ – გვიყვება ემიგრანტი ნინო მუმლაძე, – „ბინა უკვე იყო ბოლომდე აშენებული, ანუ ჩონჩხი, მაგრამ გამოტიხვრა, კარ-ფანჯრები, შიდა კომუნიკაცია და სხვა სამუშაოები არ მიმდინარეობდა. მაშინ სამშენებლო კომპანიაში მითხრეს, რომ დროებით რაღაც პატარა შეფერხება ჰქონდათ და მალე გაკეთდებოდა ყველაფერი… “ – ამბობს ნინო.
მას და მის შვილსაც ბინა რეესტრში 2022 წლიდან დარეგისტრირებული აქვთ.
ემიგრანტის თქმით, დაპირების შესრულების ნაცვლად, კომპანიის მენეჯმენტი ნელ-ნელა გაქრა, შემდეგ ოფისიც გამოკეტეს, ხოლო ვისგანაც პასუხი მიიღო, მან სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად, ხან რა დაუსახელა და ხან – რა.


„თავდაპირველად მითხრეს, რომ პროექტი შეიცვალა და თავზე აუზი უნდა მოეწყოსო. ადამიანები ვართ, შევედით მდგომარეობაში და კარგი-მეთქი.
გავიდა დრო და კომპანიამ სურათები გამომიგზავნა სოციალურ ქსელში: ნახეთ, როგორ გაკეთდა ბინაო და ტყუილი აღმოჩნდა. ჩემი ახლობელი მივიდა, ვიდეოთვალი რომ ჩამირთო და მაჩვენა, რა მდგომარეობაში იყო ბინა, ცუდად გავხდი… სურო იყო ამოსული ჩემს ბინაში და წყალი იდგა.
მერე, როგორც იქნა, დამაკავშირეს ვინმე სალომესთან, რომელმაც მომწერა, შეგიძლიათ რემონტი დაიწყოთ, ჩაიბაროთ გასაღებიო. დამაინტერესა და თბილისში მცხოვრები ჩემი შვილი გავუშვი ბინის სანახავად უკვე წელს. ჩემი შვილი კორპუსში არ შეუშვა დაცვამ, მაგრამ ნახა, რომ კორპუსი დასრულებული არ არის და არც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. შიგნით არ არის ისე, როგორიც უნდა ყოფილიყო, კიბეები არ არის მოწესრიგებული, ლიფტი არ არის ჩართული.
ეს რომ მივწერე იგივე სალომეს, მომწერა, რომ გზებია გადათხრილი და ტექნიკა ვერ შედის ადგილზეო. მერე თქვა, ახალი კომპანია უნდა შემოვიდეს, მეპატრონე დაიღუპაო. ვერ გაიგებ მოკლედ სიმართლეს. ამდენი წელია მუდმივად ტყუილებს ვისმენ, ძალიან დავიღალე,“ – გვითხრა ნინო მუმლაძემ.


მისამართზე მისულ „ბათუმელებს“ კორპუსის მეზობლად, კერძო სახლებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა უთხრეს, რომ კორპუსში რემონტი მხოლოდ ერთმა ოჯახმა წამოიწყო, რადგან ნაქირავებში ცხოვრობს, მაგრამ იმის გამო, რომ კორპუსში გამართულად ჯერ კიდევ არაა კომუნიკაციები, მან აქ საცხოვრებლად გადმოსვლა ვერ შეძლო.
ადგილზე „ბათუმელებს“ არავინ დახვდა. სამუშაოები აქ შეჩერებულია. დაუსრულებელი კორპუსი სამშენებლო ღობითაა გარშემორტყმული და ჩაკეტილია კარით. კორპუსის ეზო და შესასვლელი სავსეა სამშენებლო ნივთებითა და ნარჩენებით. „ბათუმელებისთვის“ უცნობია, რა მდგომარეობაა კონკრეტულად კორპუსის შიგნით.
კომპანია „ციტრონ გრუპი“ ნუგზარ ბაკურიძეს ეკუთვნის. მასთან დაკავშირებას ამ დრომდე ცდილობს „ბათუმელები“.
ამ კომპანიის ფეისბუქგვერდზე მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე გვიპასუხეს, რომ ეს სრულიად სხვა კომპანიის ტელეფონის ნომერია, ეს კომპანია კი მუშაობს კონკრეტული პროექტის გაყიდვებზე.
კომპანიაში, რომელიც „ციტრონ გრუპის“ ერთ-ერთი პროექტის გაყიდვებზე მუშაობს, „ციტრონ გრუპთან“ დაკავშირებაზე უარი გვითხრეს და აღნიშნეს, რომ „ციტრონ გრუპიდან“ სურვილის შემთხვევაში თავად დაგვიკავშირდებიან.
ემიგრანტებმა მოგვაწოდეს რამდენიმე პირის საკონტაქტო მონაცემები, ვისთანაც სხვადასხვა დროს მათ ჰქონიათ კომუნიკაცია. ემიგრანტებმა იციან ამ პირების მხოლოდ სახელი და არა ზუსტი სტატუსი. ტელეფონის ზოგიერთ ნომერზე „ბათუმელებს“ საერთოდ არ უპასუხეს.
გამონაკლისი იყო ორი ზარი, სადაც ერთმა პირმა, რომელიც აჩიკოდ გაგვეცნო, თქვა, რომ ამ პროექტზე აღარ მუშაობს და კითხვებს ვერ უპასუხებს, ხოლო კიდევ ერთმა საკონტაქტო პირმა, სახელად სულხანმა, „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „მშენებლობა აუცილებლად დასრულდება“:
„მე არ ვარ ხელმძღვანელი… მშენებლობაზე ვმუშაობდი მხოლოდ, მეტ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ, შეხვედრაზე ვარ“ – გვითხრა მან.
კომპანიისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მოქალაქეებს აქვთ პრობლემა სამშენებლო კომპანიასთან. „ბათუმელები“ წერდა სხვა ემიგრანტი ქალის შესახებ, რომელმაც ასევე ემიგრაციაში ყოფნის დროს ბათუმში ბინა იყიდა, ბათუმში ჩამოსულმა კი აღმოაჩინა, რომ ბინა უკვე სხვისი საკუთრება იყო.
ამავე თემაზე:
ემიგრანტი: ბათუმში ბინა ვიყიდე, ჩამოვედი და ჩემი ბინა სხვისი აღმოჩნდა