„მმართველი პარტიის მხრიდან ეკონომიკის ზრდაზე მუდმივი საუბრის პარალელურად, აღმოჩნდა, რომ ეს ზრდა საქართველოს მოსახლეობის დასაქმების არც თუ პოზიტიურ სტატისტიკას ფუნდამენტურად ვერ ცვლის“- წერს ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით.

„2024 წლის აღწერამ 15 წლისა და მეტი ასაკის 3 158 758 ადამიანი დააიდენტიფიცირა. მათი ნაწილი ეკონომიკურად აქტიურია [დასაქმებული და ის უმუშევარი ადამიანები, რომლებიც აქტიურად ეძებდნენ სამუშაოს გასული 4 კვირის განმავლობაში და მზად არიან, დაიწყონ მუშაობა უახლოეს 2 კვირაში], ნაწილი კი – ეკონომიკურად არააქტიური.

ეს უკანასკნელი, ერთი მხრივ, მოიცავს პოტენციურ სამუშაო ძალას [ადამიანები, რომლებიც გასული 4 კვირის განმავლობაში აქტიურად ეძებდნენ სამუშაოს, თუმცა მზად არ არიან, მუშაობის დასაწყებად უახლოეს 2 კვირაში, ან არ ეძებდნენ სამუშაოს გასული 4 კვირის განმავლობაში, თუმცა მზად არიან, დაიწყონ მუშაობა უახლოეს 2 კვირაში] და სამუშაო ძალის გარეთ მყოფ მოსახლეობას [ადამიანები, რომლებიც გასული 4 კვირის განმავლობაში არ ეძებდნენ სამუშაოს და არ იყვნენ მზად მუშაობის დასაწყებად უახლოესი 2 კვირის განმავლობაში; მაგ., პენსიონერები, მოსწავლეები, და სხვა]“ – ვკითულობთ სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევაში.

სოციალური სამართლიანობის განმარტებით როგორც მონაცემების ანალიზიდან იკვეთება, 2014 წელთან შედარებით, 2024 წელს 15 წელს ზემოთ მოსახლეობაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი 63.7%-დან 55.6%-მდე შემცირდა.

2014 წლის შემდგომ, უმუშევართა წილმა 16.1%-დან 13%-მდე დაიკლო, თუმცა, 53.4%-დან 48.3%-მდე შემცირდა დასაქმების დონეც, ანუ დასაქმებულთა წილი 15 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის წილი გაიზარდა, რაც, თავის მხრივ, უარყოფით ეკონომიკურ ან და დემოგრაფიულ ტენდენციად შეიძლება მივიჩნიოთ.

ამასთან, სტატისტიკის მიზნებისთვის, დასაქმებულად ითვლება 15 წლისა და უფროსი ასაკის პირი, რომელიც ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ანაზღაურების ან მოგების მიღების მიზნით,სულ მცირე 1 საათს მაინც მუშაობდა. ამიტომ, დასაქმებული მოსახლეობის მაჩვენებელი – 48.3%, იმ ადამიანებსაც მოიცავს, რომლებმაც თუნდაც 1 ან 2 საათის განმავლობაში იმუშავეს. ეს მაჩვენებელი ავტომატურად არ აჩვენებს, თუ რა განაკვეთზეა ადამიანი დასაქმებული და რამდენად ადეკვატურია მისი დასაქმება.

ამ სფეროში თვალშისაცემია გენდერული სხვაობაც. როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე ყველა რეგიონში, კაცებთან [53.2%] შედარებით, ქალების [44.1%] დასაქმების დონე უფრო დაბალია. ქალთა დანარჩენი ნაწილი უმუშევართა ან ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის კატეგორიაში გვხვდება.

დასაქმებისა და უმუშევრობის მიმართულებით, არაერთ მუნიციპალიტეტში ვითარება კიდევ უფრო მძიმეა. 16 მუნიციპალიტეტში დასაქმების დონე 39-43%-ს შორის მერყეობს, ხოლო 13 მუნიციპალიტეტში უმუშევრობის დონე 17%-ზე მეტია.

საქართველოსა და ევროკავშირის მონაცემების შედარება საინტერესო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. მაშინ, როდესაც 20-64 წლის ასაკის მოსახლეობის დასაქმების საშუალო დონე ევროკავშირში 75.7% იყო, იგივე მაჩვენებელი საქართველოში მხოლოდ 59.6%-ს შეადგენდა. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ საქართველოს მოსახლეობაზე ორიენტირებული და ეფექტიანი პოლიტიკა სჭირდება, რათა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს მიაღწიოს.

 

Exit mobile version