8 აგვისტოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა თურქულ ახალი ამბების სააგენტოსთან, „ანადოლუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთი მოუწოდებს უკრაინასა და რუსეთს, დააწესონ მორატორიუმი შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმებზე.
„შავი ზღვა საომარი მოქმედებების ერთ-ერთ ზონად იქცა. თავდაპირველად ისინი სამხედრო პორტებსა და სამხედრო გემებს ესხმოდნენ თავს, ახლა კი განურჩევლად ესხმიან თავს ყველა სავაჭრო გემს.
სამწუხაროდ, თურქული გემებიც ხდებიან თავდასხმის სამიზნე – როგორც თურქი მფლობელების, ასევე თურქული დროშის ქვეშ მცურავი გემები.
უნდა შეიქმნას მექანიზმი მორატორიუმის გამოცხადებისთვის“ – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, უკრაინამ უკვე წარმოადგინა ინიციატივა მორატორიუმის შესახებ. „ჩვენ ეს ჩვენს რუს კოლეგებს გადავეცით და ველოდებით პასუხს“ – დასძინა მან.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე მხარე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ ობიექტებს ესხმის თავს და ეს უკიდურესად საშიშია.
ბოლო თვეებში შავ ზღვაში არაერთ სავაჭრო გემს დაესხნენ თავს.
________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA