როგორ გააძევებს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი ქობულეთში დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, როცა მოსამართლე მას ქვეყნის დატოვებას უკრძალავს? – ამ შეკითხვით შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს 7 აგვისტოს დავუკავშირდით, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
ანატოლი ვ. უცხო ქვეყნის მოქალაქეა და საქმის მასალების მიხედვით, მისი საქართველოდან გაძევება შსს-ს უკვე გადაწყვეტილი აქვს. მის დაკავებას – გაძევების აღსასრულებლად – ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე მარიანა ფომაევა დაეთანხმა, თუმცა ამ მოსამართლის მიერ ხელმოწერილი გადაწყვეტილებიდანვე ჩანს, რომ ამ პირს საქართველოს დატოვების უფლება ისევ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებით აკრძალული აქვს.
რა ხდება? – 2024 წელს საქართველოში მყოფი ანატოლი ვ. სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს. მას პროკურატურა ოჯახში ძალადობას და მუქარას ედავება, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა მას აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, ასევე აუკრძალა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ამ საქმეზე „საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე“.
ვინაიდან სისხლის სამართლის ეს საქმე არასაპატიმროა [წინასწარი პატიმრობის შემთხვევაში, განაჩენი მაქსიმუმ 9 თვეში გამოიცემა], არსებითი განხილვა ჯერ არ დასრულებულა. მეტიც, ამ საქმეზე მორიგი მოწმის დაკითხვა სასამართლოში, მაგალითად, 2026 წლის პირველ დეკემბერსაა ჩანიშნული.
„მიგრაციის სამსახური მეუბნება, რომ მისწერეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, თქვენი განჩინება ხელს გვიშლის გაძევებაში და როგორ უნდა ვიმოქმედოთო… სასამართლომ რომც გააუქმოს საზღვრის კვეთის აკრძალვა, ბრალდებულს უფლება აქვს, დაესწროს საკუთარ სასამართლო პროცესს. ამ უფლების შეზღუდვა კი, დაუშვებელია,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი, რომელიც დაკავებული ანატოლი ვ.-ს ინტერესებს იცავს სასამართლოში.
- რას ნიშნავს და რას აჩვენებს ეს შემთხვევა?
„ვისაც ამ პიროვნების გაძევება აქვს გადაწყვეტილი, სამართლებრივ ჩარჩოში არ განიხილავს ამას. კანონი ამბობს, რომ როდესაც პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე, ან სხვა საქმე მიმდინარეობს, მისი გაძევების გადავადება ხდება.
სამწუხაროდ, სასამართლო არ შევიდა ამ მსჯელობაში: რამდენად შესაძლებელია პიროვნების გაძევება და აქედან გამომდინარე, რამდენად სწორია მისი დაკავება? სასამართლოს უნდა შეეფასებინა ამ პიროვნების გაძევების შესაძლებლობა, არსებობს თუ არა დღეს. თუ არ არსებობს გაძევება შესაძლებელი, რატომ აკავებ ამ პირს?
ვფიქრობ, რომ ადამიანის უფლებები არაფერს არ წარმოადგენს მიგრაციის სამსახურისათვის… ასევე, სასამართლომ არ შეასრულა შემაკავებელი ფუნქცია და პირდაპირ დაეთანხმა შსს-ს მოთხოვნას,“ – მიიჩნევს ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი.
ანატოლი ვ. ქობულეთში 2026 წლის 12 ივლისს შეუჩერებიათ სამართალდამცველებს „გადამოწმების მიზნით“.
„გადამოწმებისას დადგინდა, რომ პირი საქართველოში შემოვიდა 2024 წლის 16 ივნისს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის „სადახლოს“ გავლით და მას შემდეგ ქვეყნის ტერიტორია არ დაუტოვებია…. შუამდგომლობის ავტორი ითხოვს ანატოლი ვ.-ს საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებას დაკავების საფუძვლების აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 3 [სამი] თვის ვადით.
ამასთან, დროებითი განთავსების ცენტრში ადგილების არარსებობის გამო შუამდგომლობის ავტორი ითხოვს, ანატოლი ვ. მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ან დროებითი განთავსების ცენტრში ადგილის გათავისუფლებამდე, 60 კალენდარული დღის ვადით,“ – აღნიშნულია მოსამართლე მარიანა ფომაევას მიერ ამ საქმეზე 2026 წლის 14 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებაში.
ამავე გადაწყვეტილებაში წერია, რომ ადვოკატმა მას პროცესზე მიაწოდა ინფორმაცია სისხლის სამართლის იმ საქმის შესახებ, რომლის მიხედვითაც ანატოლი ვ.-ს საზღვრის კვეთის უფლება განჩინებით აკრძალული აქვს.
„რაც შეეხება მის მიმართ მიგრაციის დეპარტამენტის არგუმენტს, გაძევების პროცედურების თავის არიდებასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან იგი თანამშრომლობს გამოძიებასთან, ცხადდება სასამართლოში, ცხოვრობს ჩაქვში. ამდენად, მან აღნიშნა, რომ არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. ანატოლი ვ.-მ განმარტა, რომ საქართველოში შემოვიდა ტურისტული მიზნით, თუმცა, შემდგომ დაიწყო მუშაობა, რათა მოეგროვებინა თანხა და მოეპოვებინა საქართველოში ბინადრობის უფლება. იგი არ მიიმალება და სურს საქართველოში ცხოვრება,“ – ვკითხულობთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
საბოლოოდ, მოსამართლე მარიანა ფომაევამ გადაწყვეტილებაში ეს ჩაწერა:
„გამომდინარე იქიდან, რომ ანატოლი ვ.-ს არ გააჩნია საქართველოში ყოფნის კანონიერი საფუძველი, იგი ვერ აკმაყოფილებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ უცხოელის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლებს.
სასამართლო მხედველობაში იღებს აგრეთვე იმ გარემოებას, რომ უცხოელმა საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი ბოლოს გადმოკვეთა 2024 წლის 16 ივნისს. ამასთან, საქართველოში არ სარგებლობს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსით. მის მიმართა მიღებულია საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილება, რომლითაც მიეცა ნებაყოფლობით საქართველოს ტერიტორიის დატოვებისათვის 7-დღიანი ვადა. ანატოლი ვ.-მ საქართველოს ტერიტორია ნებაყოფლობით არ დატოვა,“ – აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.
ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
„შესაძლებელია თუ არა პირის გაძევება მაშინ, როდესაც სასამართლოს სხვა განჩინებით მას ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვს – სასამართლო ამ საკითხზე საერთოდ არ მსჯელობს. ერთი სახელმწიფო ორგანო [მიგრაციის დეპარტამენტი] ავალდებულებს პირს საქართველო დატოვოს, ხოლო, 2024 წლის 14 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ ბათუმის საქალაქო სასამართლო განჩინება, მას უკრძალავს ქვეყნის დატოვებას.
ასეთი მდგომარეობა ეწინააღმდეგება სამართლებრივი თანმიმდევრულობისა და მართლმსაჯულების ეფექტიანობის პრინციპს,“ – აღნიშნული იყო სააპელაციო საჩივარში.
ანატოლი ვ. – ს გაძევების გამო დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადა 14 ოქტომბერს ამოიწურება. ადვოკატი განმარტავს, რომ შესაძლებელია ეს ვადა მაქსიმუმ 9 თვემდე გახანგრძლივდეს.