შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 22 ივლისს მომხდარი დანაშაულში ორი პირი მონაწილეობდა, მათგან ერთი კი არასრულწლოვანი იყო.
უწყების განცხადებით, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს, მეორე პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს, დაკავებულმა არასრულწლოვანმა მოტოციკლით ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა მეორე პირი, სადაც მან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა ახალგაზრდა კაცს და ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებული რუსთავში დააკავეს, მეორეს მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო და მასზე ძებნა გამოცხადდა“, – წერია შსს-ს განცხადებაში.
უწყება ამბობს, რომ სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან 9 მასრა ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება დაჭრილს – ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა მძიმე იყო და ის ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოათავსეს, სადაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა იყო მიერთებული. მას რამდენიმე ტყვია მუცლის არეში ჰქონდა მოხვედრილი და რამდენიმესაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. მოგვიანებით, დაჭრილი მკურნალობის გაგრძელების მიზნით, თბილისში გადაიყვანეს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შსს თავის განცხადებაში არაფერს ამბობს.