ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ანაკლიაში ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება.

საქართველოს საზღვაო აკვატორიაში უკვე შემოსულია დამღრმავებელი გემი Tristao Da Cunha, რომელიც დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ მუშაობას დაიწყებს ტალღმტეხი არხის მოსაწყობად.

„ანაკლიაში ზღვის აკვატორიაში ფსკერი 17,5 მეტრამდე დაღრმავდება, შემდგომ ეტაპზე კი 1,380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება. აღნიშნული სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება.

მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ბელგიური კომპანია, ე.წ. „დიდი ოთხეულის“ წევრი Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს,“ – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ რელიზში.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის დაწყების შემდეგ ეს არის მეორე შემთხვევა როდესაც ანაკლიაში მსგავსი შესაძლებლობის გემი შემოდის.

პირველად, ანაკლიის მომავალ პორტში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენა“ 2018 წლის სექტემბერში შემოვიდა.

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ათენამ“ რამდენიმე თვე იმუშავა ანაკლიაში.

დამაღრმავებელი სამუშაოების შედეგად ზღვის ფსკერიდან ამოიღეს 5.0 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა და 110 ჰექტარი ტერიტორია ამაღლდა 8 მეტრით – ზღვიდან ამოღებული ქვიშის ხარჯზე.

ფსკერის დამაღრმავებელი გემი “ათენას” შემოსვლა ანაკლიაში, 2018 წლის სექტემბერი

თუმცა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის თავდაპირველი პროექტი, რომელსაც შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (Anaklia Development Consortium – ADC) ახორციელებდა, რამდენიმეწლიანი დაძაბულობისა და ურთიერთბრალდებების შემდეგ, 2020 წლის დასაწყისში ოფიციალურად ჩაიშალა.

2026 წლის 6 ივლისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ე.წ. Land lord-ის მოდელით აშენდება, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ.

„ლენდლორდის“ მოდელი სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც პორტში ტვირთების მოზიდვისა და, შესაბამისად, მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის,“ – განმარტავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

მათივე ცნობით, დაგეგმილია ანაკლიამდე მისასვლელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის – საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობა.

ცნობისათვის, სანამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილებას „ლენდლორდის“ პრინციპით მიიღებდნენ, 2024 წელს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი გამოაცხადეს.

თუმცა კონსორციუმთან კონტრაქტი არ გაუფორმებიათ.

ორი წლის განმავლობაში ორი ეკონომიკის მინისტრი – ჯერ ლევან დავითაშვილი და შემდეგ მარიამ ქვრივიშვილი საზოგადოებას ჰპირდებოდა, რომ „ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან“ კონტრაქტი მალე გაფორმდებოდა.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 22 მაისს მარიამ ქვრივიშვილი ამბობდა, რომ ოპტიმისტურად იყო განწყობილი და იმედოვნებდა, რომ ჩინეთის სახელმწიფო კომპანია ანაკლიის პორტის მთავარი ინვესტორი გახდებოდა.

ქვრივიშვილი ოპტიმისტურადაა, რომ ჩინურ კონსორციუმთან ანაკლიაზე წარმატებით შეთანხმდებიან

Exit mobile version