ქობულეთის მერიამ, პირველ ოქტომბრამდე ვადით, ორი მიწის ნაკვეთი გაასხვისა თამარ მეფის სანაპიროზე, პლაჟთან ახლოს. ერთ ნაკვეთზე უკანონოდ აშენებული კაფეა, მეორეზე უკანონოდ დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობა.
ერთ შემთხვევაში აუქციონი მოიგო იმან, ვინც უკანონოდ დაიწყო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მშენებლობა 2023 წელს, მეორე შემთხვევაში კი იმან, ვისაც სანაპიროზე უკანონოდ აშენებული კაფე აქვს უკვე მეოთხე წელია.

ერთ შემთხვევაში აუქციონზე გაიტანეს 210 კვ.მეტრი ფართობი თამარ მეფის სანაპიროზე, #52-ის მოპირდაპირედ – საწყისი ფასით 8400 ლარი. ქონება ერთი ბიჯით 8 820 ლარად გასხვისდა.
ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მერიამ აუქციონით იგივე პირობით 7140 ლარად გაასხვისა ასევე 170 კვ.მეტრი ფართობი.
ორივე აუქციონი თავიდანვე დიდი ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა იყო რამდენიმე მიზეზით.
მაგალითად, არცერთ შემთხვევაში მერიას არ მიუთითებია, რომ გასასხვისებელ მიწის ნაკვეთებზე შენობებიც დგას, ერთი უკანონოდ არის აშენებული და აქ კაფე-ბარი 2022 წლიდან წარმატებით მუშაობს, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე არ უჩივის მომხმარებელს: ზოგჯერ შეიძლება აქ ადგილიც ვერ იპოვოთ ყავის დასალევად.

ამ უკანონო კაფესთან დაკავშირებით „ბათუმელები“ 2023 წელსაც წერდა, მაშინ მერიაში გვითხრეს, რომ უკანონო კაფე ქობულეთის სანაპიროზე ალბერტ ხინიკაძეს ეკუთვნოდა.
მიუხედავად იმისა, რომ თამარ მეფის #52 – ადგილი, სადაც კაფე ფუნქციონირებს, ქობულეთის მერიიდან 10 წუთის სავალზეა, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უკანონო მშენებლობა ვერ აღკვეთა. გარდა ამისა, კაფესთვის რკინა- ბეტონის კონსტრუქცია პლაჟზე მოაწყვეს, რაც კანონით დაუშვებელია.
2023 წელს ქობულეთის მერიაში უკანონო შენობასთან დაკავშირებით, სადაც კაფე „პაპალო ქობულეთი“ ფუნქციონირებდა, განგვიმარტეს, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გამოსცა დადგენილება დემონტაჟის თაობაზე. თუმცა მშენებელმა ზედამხედველობის დადგენილება მერთან ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა: „მერს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიაო.“
როგორც ჩანს, მაშინდელმა მერმა, ლევან ზოიძემ არ იჩქარა, შემდეგ კი მერიამ რამდენიმე დადგენილება გამოსცა და საერთოდ დაივიწყა ეს ამბავი.
შემდეგ მერის მოვალეობის შემსრულებელი გახდა მოადგილე, ირაკლი ცეცხლაძე. [ ახლა უკვე მოქმედი მერი] მაგრამ, არც მან იჩქარა, კაფე ზაფხულის სეზონზე აქტიურად მუშაობდა 2024 და 2025 წლებშიც.
2026 წლის ივლისში კი, ეს ადგილი მერიამ გამოიტანა აუქციონზე, სწორედ კაფეს მოწყობის მიზნით, მაშინ, როდესაც აქ კაფე უკვე ფუნქციონირებდა. იჯარის ხელშეკრულება აუქციონში გამარჯვებულს, ამ კაფეს მფლობელ ალბერტ ხინიკაძეს გაუფორმეს, მან აუქციონი ერთი ბიჯით კონკურენციის გარეშე მოიგო.
რაც შეეხება დაწყებულ და დაუსრულებენ მშენებლობას თამარ მეფის სანაპიროს 54-ის გასწვრივ, აქ ბეტონის შენობას აშენებენ, რაც პლაჟისთვის შეუსაბამოა. აუქციონის პირობების მიხედვით, მერია მსუბუქი კონსტრუქციის განთავსებას ითხოვს. თუმცა აქ გაცილებით მყარი ნაგებობის საძირკველია მომზადებული.


ამ უკანონო შენობის მშენებლობა ილია მეგრელიძეს ჰქონდა დაწყებული, ახლა კი ის იმავე ადგილის მოიჯარე გახდა, აუქციონი მანაც ერთი ბიჯით მოიგო.
ორივე შემთხვევაში ქობულეთის მერიიდან მოგვწერეს:
„აღნიშნულ მიწის ნაკვეთის, რომლის მესაკუთრეა ქობულეთის მუნიციპალიტეტი, განკარგვის მიზნით გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი, კაფე-ბარის ფუნქციონირების მიზნით. აუქციონის შედეგების მიხედვით, გამარჯვებულად გამოცხადდა ალბერტ ხინიკაძე.“
მეორე შემთხვევაში კი გამარჯვებული ილია მეგრელიძეა.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, აუქციონის პირობებში მერიას არსად დაუწერია მოიჯარემ მსუბუქი კონსტრუქციის ესკიზი შემათანხმოსო, სამაგიეროდ დაწერა:
„მოიჯარეს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია ხელშეკრულების მოქმედების ვადაში განახორციელოს სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, მათ შორის სამღებრო სამუშაოები, ქობულეთის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით“.