რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა მეორე და მესამე მოსმენით მიიღეს კანონპროექტი, რაც რუსეთის ხელისუფლებას საშუალებას მისცემს ადმინისტრაციული წესით დასაჯოს ის პირები, რომლებმაც ქვეყანა უკვე დატოვეს, მაგრამ „რუსეთის ფედერაციის ინტერესების“ საწინააღმდეგო ქმედებაში არიან „ეჭვმიტანილები“.
ამის შესახებ რუსული დევნილი მედია წერს.
მედიის თანახმად, ერთ-ერთი მუხლი იმ ადამიანების დასჯას ითვალისწინებს, ვინც „ხელისუფლებისა და საზოგადოების უპატივცემულობა“ გამოხატა. კიდევ ერთი მუხლის საფუძველზე ქონებას დაუყადაღებენ იმ ადამიანებს, „ვინც წააქეზებს სიძულვილს, სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებს“ ან „არმიის დისკრედიტაციას“ მოახდენს.
ქონებას დაუყადაღებენ მათაც, ვისაც „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელებას და მედიის თავისუფლების ბოროტად გამოყენებაში წაუყენებენ ბრალს“.
ჩამონათვალი ამით არ სრულდება და ძალიან ბევრ „დანაშაულს“ ეხება.
კანონის თანახმად, თუ დანაშაული ჩადენილია საზღვარგარეთ, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი მუხლების ჩამონათვალში ხვდება, ეს წარმოადგენს საქმის წარმოების დაწყების ოფიციალურ საფუძველს.