საქართველოში 2026 წლის პირველი აპრილიდან დენის ტარიფი მოსახლეობისთვის 5 თეთრით გაძვირდა.

რაც შეეხება კომერციულ სექტორს, მათთვის დენის ტარიფი 4-6 თეთრით მოიმატებს.

დენის ახალი ტარიფი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ [სემეკ] 2026 წლის 30 მარტს დაადგინა.

საქართველოში მოქმედებს საფეხურებრივი ტარიფი. აქედან გამომდინარე, თუ მაგალითად:

საყოფაცხოვრებო მომხმარებელი [როგორც გამრიცხველიანებული, ასევე საერთო მრიცხველის მქონე] თვეში საშუალოდ 101 კილოვატ საათამდე დენს მოიხმარდა, ის ყოველ 1 კილოვატში იხდიდა 14.7 თეთრს [თბილისში – 15.04 თეთრს], დღეიდან, პირველი აპრილიდან კი, გადაიხდის 19.7 თეთრს [თბილისში – 20.04 თეთრს].

თუ 101-დან 301 კილოვატამდე დენს მოიხმარდა – ტარიფი ამ დრომდე 18,7 თეთრი იყო [თბილისში – 19.05 თეთრი]. პირველი აპრილიდან კი 1 კილოვატში ასეთი მომხმარებელი 23.7 თეთრს [თბილისში 24,05 თეთრს] გადაიხდის.

რაც შეეხება 301 კილოვატზე მეტ მოხმარებას, ამ შემთხვევაში 1 კილოვატის ღირებულება 23.2 თეთრი [თბილისში – 23.5 თეთრი] იყო, პირველი აპრილიდან კი ეს ღირებულება იქნება შესაბამისად 28.2 და 28.5 თეთრი.

მეტი თვალასჩინოებისთვის ნახეთ ძველი და ახალი ტარიფები [მასში შედის დღგ-ს გადასახადიც] „ეპ ჯორჯია მიწოდებისა“ და „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ აბონენტებისთვის:

ელექტროენერგიის ახალი ტერიფები [დღგ-ს ჩათვლით] 2026 წლის 1-ლი აპრილიდან / წყარო: სემეკი
ელექტროენერგიის ახალი ტერიფები [დღგ-ს ჩათვლით] 2026 წლის 1-ლი აპრილიდან / წყარო: სემეკი
„ტარიფის მატებაზე, ძირითადად, გავლენა იქონია როგორც იმპორტდამოკიდებულებამ, ასევე ელექტროენერგიის შესასყიდი ფასის ზრდამ, ამასთანავე, ტარიფის ზრდას იწვევს ინვესტიციების მოცულობაც, თუმცა ამ მოცულობის ინვესტიციამ, რაც ახალ სატარიფო პერიოდშია გათვალისწინებული, უნდა უზრუნველყოს გამანაწილებელი სისტემის ეტაპობრივი მოწესრიგება და ელექტროენერგიის გათიშვების შემცირება.“ – აცხადებს სემეკი.

ეკონომისტების და ფინანსისტების განცხადებით კი, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდით გაიზრდება პროდუქციის და მომსახურების ფასებიც [ყველაზე მეტად სურსათზე]. ამასთან, სემეკი ვალდებულია მოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ამ დარგში გაწეული ხარჯების რეალურად რა ნაწილი და რამდენით აისახა გაზრდილ ტარიფში.

ამ თემაზე ვრცლად:

რატომ გაიზარდა დენის ტარიფი და რა გაძვირდება ყველაზე მეტად?

 

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version