ბათუმში, მემედ აბაშიძის #48-ში, სადაც ბოლო 3 წელია საიას ოფისი ფუნქციონირებს, ყოველდღე არაერთი ადამიანი მიდის საბუთებით ხელში იმისათვის, რომ სიას იურისტებისგან მიიღოს არამხოლოდ კვალიფიციური კონსულტაცია, არამედ შესაბამისი დახმარებაც, სამართალწარმოების დაწყების შემთხვევაში [საია – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია].
ზოგს „ბიუროკრატიის ლაბირინთებიდან“ გამოსვლა უნდა, ზოგს განცხადება აქვს დასაწერი უწყებაში წარსადგენად, ზოგი კი დავის დასაწყებად ემზადება.
როგორც თავად გვიამბეს, სახელმწიფო დაწესებულებებშიც კი ეუბნებიან, რომ მივიდნენ საიაში, „იქ დაგაწერინებენო“, ანუ საჯარო სამსახურებიდან მოქალაქეებს ისევ საიაში აგზავნიან.
მაგრამ მოქალაქეებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში კვალიფიციური იურისტის დახმარებას უფასოდ იღებდნენ, ეს შესაძლებლობა შეეზღუდათ რუსული კანონისა და ასევე ე.წ. ფარას კანონის მიღების შემდეგ. როგორც რეგიონებში, ასევე ცენტრალურ ოფისებში იურისტებს მოქალაქეთა დასახმარებლად დრო აღარ რჩებათ.
კრიზისი რეგიონებში უფრო შესამჩნევია – საიას აღარ აქვს შესაძლებლობა სამოქალაქო დავებში იმ დოზით ჩაერთოს, როგორც ამას რუსული და სხვა დრაკონული კანონების დამტკიცებამდე აკეთებდა.
„2024 წლის გაზაფხულიდან, მას შემდეგ, რაც პირველი რუსული კანონი მიიღეს, რომელიც ე.წ. გამჭვირვალობის კანონის სახელით არის ცნობილი, დაიწყო რეპრესიული კლიმატის შექმნა, რომელმაც, საბოლოო ჯამში, დაუდო საფუძველი ისეთი გარემოს ფორმირებას, სადაც წნეხის ქვეშ არიან არა მარტო უფლებადაცვითი ორგანიზაციები, არამედ ინდივიდებიც, რომლებიც ამ ორგანიზაციებში მუშაობენ. რუსული კანონი, რომელიც 2024 წელს მიიღეს, თუ სამიზნედ აქცევდა ორგანიზაციას, 2025 წელს მიღებულმა „ფარას კანონმა“ მიზანში ამოიღო ინდივიდები – ის ინდივიდის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს.
მათ შორის გრანტების კანონთან ერთობლიობაში, რომელიც გულისხმობს, რომ არცერთი გრანტი სახელმწიფოს თანხმობის გარეშე, ანუ სახელმწიფოს ავტორიზაციის გარეშე არ უნდა იქნას მიღებული. აი, ამ ყველაფერმა ერთიანობაში შექმნა ძალიან მკაცრი კლიმატი არასამთავრობო ორგანიზაციების ოპერირებისთვის. ამას დაემატა ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების წინააღმდეგ აღძრეს ე.წ. საბოტაჟის საქმის ქვეშ, ანუ ფიქციური საქმე. ერთიანობაში ამან გააძლიერა წნეხი, რომელიც არსებობს სექტორზე“, – ამბობს საიას თავმჯდომარე თამარ ონიანი.
რუსული კანონის, ე.წ. ფარას და სხვა კანონების დამტკიცებამდე ბათუმში საიას ოფისის შესასვლელ კართან ხშირად ათეულობით მოქალაქე საათობით იდგა რიგში. ბათუმში, ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით, საია იცავდა მოქალაქეებს, ვისაც მათ წინააღმდეგ ჩადენილი უკანონობის შემდეგ დაცვის სხვა შესაძლებლობა არ გააჩნდათ. მათ შორის არაერთი გახმაურებული საქმე იყო.
ვიდრე „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ქვეყანაში ახალი საპროტესტო ტალღა დაიწყებოდა, საიას აჭარის ფილიალს კონსულტაციისთვის უფრო ხშირად ქონებრივ, შრომით და საოჯახო საკითხებზე მიმართავდნენ.
ევროკავშირისა და USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, საია აჭარაში მონაწილეობდა ქალებზე ძალადობის, ადრეული ქორწინების წინააღმდეგ, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ არაერთ ღონისძიებაში. საიას ჰქონდა ასევე სტაჟირების პროგრამა ახალკურსდამთავრებული იურისტებისთვის – ეს შესაძლებლობა მოქალაქეებმა რუსული კანონის მიღების შემდეგ დაკარგეს.
საპროტესტო აქციებზე დაკავებებისა და დაჯარიმებების შემდეგ კი, ბათუმში საიას და კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტებს ათეულობით მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დაკავება-დაჯარიმების საქმეები დაემატათ.
- რას ნიშნავს ორგანიზაციის მუშაობა კრიზისულ რეჟიმში?
დაახლოებით ერთი თვის წინ, 2026 წლის 14 მარტს, საიამ განაცხადა, რომ „ადამიანის უფლებების უმძიმესი მდგომარეობის პირობებში დროებით კრიზისულ სამუშაო რეჟიმზე გადადის“:
„31-წლიანი გამოცდილებითა და საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობით, საია ასევე აგრძელებს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს, დარღვევების დოკუმენტირებას და მათზე საჯარო, მკაფიო და დასაბუთებულ რეაგირებას“.
საიას განცხადებაშია ნათქვამია, რომ ორგანიზაცია სამართლებრივ დახმარებას მხოლოდ სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით გააგრძელებს.
„ის აქტივობები, რომელიც ამ კლიმატის შექმნამდე იყო შესაძლებელი, დღეს შეუძლებელია, მათ შორის სამართლებრივი დახმარება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სტრატეგიულ სამართალწარმოებას არ ვაგრძელებთ. კრიზისულ რეჟიმზე გადასვლა ჩვენი მხრიდან სწორედ ეს გზავნილი საზოგადოებისთვის: ყველაფერი, რაც ამ კლიმატის ჩამოყალიბებამდე არსებობდა, დღეს მოითხოვს სხვაგვარ მიდგომას – ჩვენ ვაგრძელებთ უფლებადარღვევების სტრატეგიულ სამართალწარმოებას და დოკუმენტირებას, მაგრამ, სამწუხაროდ, რუტინულად ვეღარ შევძლებთ სამართლებრივი დახმარების გაცემას პირადი კონსულტაციების სახით.
მკითხველმაც რომ წარმოიდგინოს, ქვეყნის მოქალაქე იქნებოდა თუ არამოქალაქე პირი, მას შეეძლო, ჩვენი ქვეყნის 9 რეგიონში საიას ოფისის კართან მოსულიყო და მიეღო კონსულტაცია. დღეს ეს შეუძლებელია და იმ კლიმატის შედეგია, რაც სახელმწიფოში გვაქვს ადამიანის უფლებების კუთხით“, – აცხადებს საიას თავმჯდომარე, თამარ ონიანი.
საიას თავმჯდომარის, თამარ ონიანის განმარტებით, „ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც ამ კანონების არსებობამდე „მოდუს ოპერანდი“ იყო ორგანიზაციებისთვის, როგორიც, მაგალითად რუტინული სამართლებრივი დახმარება, რასაც ჩვენ Legal Aid-ს ვეძახით [იურიდიული დახმარება], ეს დღეს შეუძლებელია. გრანტების შესახებ კანონი მოითხოვს, რომ ყველა გრანტი იყოს ავტორიზებული საქართველოს მთავრობის მიერ, რაც ეფექტიანად კეტავს ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობებს.
ჩვენ ეს საკონსტიტუციო სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული და მივიჩნევთ, რომ ასეთი ცვლილების მიღება გაერთიანების თავისუფლებაში არათანაზომიერი ჩარევაა – ორგანიზაციის დავალდებულება გრანტის მიღებისთვის ჰქონდეს თანხმობა.“
„დღეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ გარემოში მუშაობენ. 2024 წლიდან მიღებულმა არაკონსტიტუციურმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომლებიც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვასა და ან მის სრულად ელიმინაციაზეა მიმართული, მნიშვნელოვნად შეავიწროვა უფლებადაცვითი საქმიანობის სივრცე.
გარდა ამისა, რეპრესიულმა გარემომ სამოქალაქო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი აიძულა, სრულად შეეწყვიტა ან მკვეთრად შეემცირებინა საქმიანობა, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნის რეალურმა რისკმა მათ მუშაობაზე მუდმივი ზეწოლის რეჟიმი დაამკვიდრა.
არსებულმა გარემომ გავლენა მოახდინა საია-ს საქმიანობაზეც. ორგანიზაციას დროებით მოუხდა არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულების შეზღუდვა, მათ შორის, დაზიანდა ის პროგრამები, რომლებიც მოქალაქეებისთვის უფასო სამართლებრივ დახმარებას უზრუნველყოფდა, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ათასობით მოქალაქე ვეღარ მიიღებს იმ მხარდაჭერას, რომელსაც წლიურად ყოველდღიური უფასო პირადი, სატელეფონო თუ ონლაინ კონსულტაციებით, დოკუმენტების მომზადებითა და საპროცესო წარმომადგენლობით იღებდა.
31-წლიანი გამოცდილებითა და საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობით, საია ასევე აგრძელებს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს, დარღვევების დოკუმენტირებას და მათზე საჯარო, მკაფიო და დასაბუთებულ რეაგირებას“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.
დაარსებიდან დღემდე, საიას იურისტებმა 1.3 მილიონზე მეტი უფასო იურიდიული დახმარება და კონსულტაცია გასწიეს.
ალბათ სწორედ ამიტომაც, ბათუმში, საიას ოფისში მისული ზოგი მოქალაქე უკმაყოფილებას ვერ მალავს და გაბრაზებული ბრუნდება უკან – მათ სურთ საია იგივე დატვირთვით ჩაერთოს საქმეებში, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც საქართველოში არასამთავრობოების წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონების შესახებ არაფერი სმენიათ.
მართალია, საიას იურისტები დღემდე გასცემენ სატელეფონო კონსულტაციებს, ზოგჯერ სარჩელებსაც ამზადებენ, თუმცა ფაქტია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ამოუწურავი მხარდაჭერა, რაც ამ დრომდე მოქალაქეებს უფასოდ ჰქონდათ, ახლა შეფერხებულია.
ახლა მოქალაქეებს, რომლებიც მიწის ნაკვეთს ვერ ირეგისტრირებენ ან მიაჩნიათ, რომ ჯარიმა უკანონოდ დააკისრეს, სამსახურიდან უკანონოდ დაითხოვეს, სამუშაო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენეს, ქონებას ართმევენ, ავიწროებენ და ასე შემდეგ… უწევთ „ბოლო თეთრები“ გადაიხადონ იურისტის დახმარების მისაღებად – იურისტის მომსახურება კი საქართველოში დიდ ფინანსებს უკავშირდება.
საიას მსგავსად „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ბათუმის ოფისიც წლების განმავლობაში არაერთ მოქალაქეს, მათ შორის პენსიონერებს დაეხმარა ქონების, ძირითადად მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებაში – ორგანიზაციის იურისტები წლობით დავობდნენ სასამართლოში იმ ფონზე, როცა სოფლად მცხოვრები ადამიანებს სახელმწიფო ხელოვნურად აბრკოლებდა მიწის საკუთრებაში დარეგისტრირებაზე, განსაკუთრებით კი ზღვისპირა დასახლებებში მცხოვრებ ოჯახებს.
ვინც ისარგებლა არასამთავრობოების უფასო მომსახურებით, ამბობენ, რომ მათი დახმარების გარეშე ვერაფერს გახდებოდნენ და „ეს არის სიკეთე, რომელიც არ უნდა გაჩერდეს, რომ ხვალ სხვებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა ამ სიკეთით ისარგებლონ.“
არასამთავრობო ორგანიზაცია „გამჭვირვალობა საქართველოს“ დახმარებით 86 წლის კაცმა გონიოში მიწის რეგისტრაციაზე ათწლიანი სასამართლო დავა მოიგო. კიდევ ერთმა 80 წლის კაცმა ბათუმის მერიას სასამართლო 2-ჯერ მოუგო.
ცოტა ხნის წინ ორგანიზაციის იურისტმა, ანა ბერძენიშვილმა გამოაქვეყნა ბენეფიციარზე, რომელმაც მიწის ნაკვეთი შეისყიდა ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ზანკაში, თუმცა მის დარეგისტრირებას ვერ ახერხებდა. წლები დასჭირდათ, თუმცა ნოდარ აბაშიძემ იურისტ ანა ბერძენიშვილთან ერთად დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო და მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა.

ანა ბერძენიშვილი და მისი ბენეფიციარი „გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისთან

წლების ბრძოლის შემდეგ ანამ საჯარო რეესტრის ამონაწერი ჩარჩოში ჩასვა და ისე გადასცა ნოდარ აბაშიძეს.
ერთ-ერთი საქმის მსვლელობის დროს ანა ბერძენიშვილი 86 წლის ბენეფიციარის, ლადო მჟავანაძის აქტივობას აღწერს:
„ტელეფონზე თუ არ ვუპასუხე, ვაიბერით რეკავს, აქაც თუ არ ვუპასუხე, ვოთსაპზე, მერე მესინჯერზე გადადის და მერე სიგნალითა და ტელეგრამით ამთავრებს“.
ლადო მჟავანაძე 10 წელზე მეტხანს იბრძოდა საკუთარი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებისთვის. მან კარგად იცოდა, რომ გაუჭირდებოდა „გამჭვირვალობა საქართველოს“ ჩართულობის გარეშე, ამიტომაც სწერდა მადლობის წერილებს „მთავარ იურისტს“, ანა ბერძენიშვილს. ერთ-ერთი ასეთი წერილი ანას გამოქვეყნებულიც ჰქონდა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, სადაც ლადო მჟავანაძე მას სწერს, კიდევ უნდა გთხოვოთ დახმარება, რადგან გონიოს მოსახლეობას თქვენს გარეშე არ შეგვიძლიაო:

ლადო მჟავანაძის წერილი
ანა ბერძენიშვილის, როგორც „გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტს, არაერთი საქმე ჰქონდა, რომელიც პენსიონერი მოქალაქისთვის კუთვნილი პენსიის დაბრუნებას ითვალისწინებდა. ანა მსგავს საქმებზე ხუმრობით წერდა, დიდი ძალისხმევის გაღება მჭირდება იმის დასამტკიცებლად, რომ როგორც „კეისარს კეისრისა, პენსიონერს თავისი უნდა მიეცეს.“

დეა ერემაშვილი






