ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ილიაუნიში ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზეც აჩერებს სტუდენტების მიღებას.

ასეთია მაგალითად ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამა, რომელიც 2017-2018 სასწავლო წლიდან ავსტრიასთან თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

„ქართველი სტუდენტები დამატებითი კონკურსის საფუძველზე ყოველწლიურად ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლობენ ავსტრიულ უნივერსიტეტში, ხოლო ავსტრიელი სტუდენტები – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სტუდენტები ეუფლებიან საერთაშორისო მარკეტინგისა და მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალობას და იღებენ საერთაშორისო პრაქტიკულ გამოცდილებას.

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ენიჭებათ ორმაგი ხარისხი და გადაეცემათ ორი დიპლომი:

  • Master of Business Administration – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • Master of Arts in Business – ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი

2018 წლიდან დღემდე პროგრამას უკვე 50 ქართველი და ავსტრიელი კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა სწავლა სრულად დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ ერაზმუსის პროგრამის ფარგლებში“, – წერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ილიაუნის განცხადებით, ამ პროგრამაზე მიღების შეზღუდვა გამოიწვევს:

  • საქართველოს მოქალაქეებისთვის ყოველგვარი დამატებითი ფინანსური რესურსის გარეშე ორმაგი საერთაშორისო ხარისხის მიღების შესაძლებლობის წართმევას;
  • ავსტრიის უნივერსიტეტთან წარმატებული აკადემიური პარტნიორობის შეწყვეტას;
  • საერთაშორისო Erasmus+ მობილობის პროგრამების შემცირებას;
  • სტუდენტებისთვის საერთაშორისო პრაქტიკული გამოცდილების დაკარგვას;
  • უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებას.

ქართული ოცნების“ ხელისუფლების განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროგრამების დიდ ნაწილს „ბაზრის მოთხოვნებიდან“ გამომდინარე აუქმებენ, რაც განათლების სპეციალისტების შეფასებით, სინამდვილეს არ შეესაბამება.

„ევროპული განათლება არ გვჭირდებაო, ეს აჩვენა ბაზრის კვლევამ?!“ – წერს უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე ფეისბუქზე.

________________

ამ თემაზე:

„ვკარგავთ ეროვნული მნიშვნელობის უნიკალურ, ხარისხიან პროგრამებს“- ილიაუნის კანცლერი

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version