მთავარი,სიახლეები

„ოცნება“ არჩევნებზე ხმის მიცემას უზღუდავს ემიგრაციაში მყოფ მოქალაქეებს

17.11.2025 •
„ოცნება“ არჩევნებზე ხმის მიცემას უზღუდავს ემიგრაციაში მყოფ მოქალაქეებს

საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში ხმას ვეღარ მისცემენ უცხოეთში – „ოცნება“ შესაბამის ცვლილებებს გეგმავს საარჩევნო კოდექსში.

ამის შესახებ დღეს, 17 ნოემბერს განაცხადა „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტში დაინიცირდება ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელშიც, „არსებითად ტექნიკური ცვლილებები“ შევა და ერთ-ერთი ცვლილება შეეხება უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს.

„ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს საზღვრებში.

ეს გადაწყვეტილება ემყარება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით სახელმწიფოსთვის დადგენილ ვალდებულებას, უზრუნველყოს ნების თავისუფალი გამოვლენა, რაც თავის თავში ნების გარე ძალების ჩარევისგან თავისუფლად გამოვლენასაც მოიაზრებს“ – თქვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ამავე დროს, „არაფერი იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო ხმის უფლებაში. როგორც აქამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, სად იმყოფება და სად ცხოვრობს, აქვს სრული პასიური თუ აქტიური საარჩევნო უფლება. ერთადერთი პირობა არის 4 წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა“ – განაცხადა „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან აღნიშნული გადაწყვეტილება იმით განმარტა, რომ ბოლო წლებში ისმის ბრალდებები „უცხოურ ჩარევასთან“ დაკავშირებით და „არსებობს რისკები უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ“.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ოცნებამ“ საზღვარგარეთ წააგო. გასული წლის არჩევნებზე უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ამომრჩევლები, ქართველი ემიგრანტები იყვნენ მობილიზებული ხმის მისაცემად, თუმცა ბევრ ადგილას ცესკოს არ გაუხსნია საარჩევნო უბნები, რამაც ქართველი ემიგრანტების უკმაყოფილება გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე არჩევნები არ მოუგია (მაშინ ხმა ემიგრანტთა 54,43%-მა მისცა)  და ის უცხოეთში არჩევნებს ტრადიციულად აგებს.

ამავე დროს, 2025 წელს, მხოლოდ 9 თვეში,  ემიგრანტებმა საქართველოში 2.7 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს, 2024 წელს – 3.4 მილიარდი დოლარი, 2023 წელს – 4.1 მილიარდი დოლარი.

ვრცლად ამ თემაზე: 

„ოცნება“ ემიგრაციაში მყოფ ქართველებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: