10 ნოემბერს ავსტრიის დედაქალაქში, ვენაში, პაულ ვაიზის პრემიით დააჯილდოვეს ამჟამად პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი .
აღნიშნული პრემია გაიცემა სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის, Courage2030-ის მიერ. პრემია სიმამაცისთვის გადაეცემათ იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ადამიანის უფლებების დაცვაში, სხვადასხვა მიმართულებით.
მზია ამაღლობელს სიმამაცისთვის პრიზი გადაეცა ჟურნალისტიკის კატეგორიაში.
დაჯილდოების ცერემონიას ვენაში „ნეტგაზეთის“ მთავარი რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე და „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე ესწრებოდნენ.

ვენა, 10 ნოემბერი, დაჯილდოების ცერემონია

პაულ ვაიზის ჯილდო დაარსდა რამდენიმე წლის წინ, ავსტრიელი, ჰოლოკოსტსგადარჩენილი იურისტის, პაულ ვაიზის პატივსაცემად.
პაულ ვაიზის ოჯახი 1938 წელს ვენიდან დახაუს ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკში იყო გადასახლებული, სადაც დაიღუპნენ მისი დედა და და. მან გადაწყვიტა მთელი ცხოვრება მიეძღვნა ლტოლვილების დაცვისათვის. იგი გახდა საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, რომლის მთავარი მიზანი იყო ლტოლვილთა დახმარება. იყო ჟენევის ლტოლვილთა კონვენციის თანაავტორი, მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაუყარა საერთაშორისო სამართალს თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით. თავისი მოღვაწეობით მან მილიონობით ლტოლვილს საშუალება მისცა, აეშენებინათ უსაფრთხო ახალი ცხოვრება ახალ სამშობლოში.
„ჩვენ მისია დავისახეთ, გვახსოვდეს ეს დიდი ავსტრიელი. ამიტომ, დავაარსეთ პაულ ვაიზის პრემია, რომელიც პატივს მიაგებს ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში შეტანილ გამორჩეულ წვლილს. ამით ჩვენ გვსურს ვაჩვენოთ, რომ ამ სამყაროში ჯერ კიდევ ბევრია გამბედაობის, ადამიანობის და თანაგრძნობის მაგალითი. და უამრავი ადამიანია, ვინც მთელი გულით უძღვნის თავს სხვების დახმარებას – ისევე, როგორც პაულ ვაიზი აკეთებდა ამას“ – ვკითხულობთ ვებგვერდზე.






